„ვიმედოვნებ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც გააგრძელებენ ასი წლის წინათ საფუძველჩაყრილ მეგობრულ ტრადიციებს“-სიმონ კილაძე

გუშინ, საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც სამხრეთის გაზის დერეფანი მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხო, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ტრადიციას უკვე რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს და მუდმივად უფრო ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი  აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიუძღვის.


მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე, ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტიციებს უკავია. დიმიტრი ქუმსიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, „ერთი გზა - ერთი სარტყელიდა .. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს


დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავი აღინიშნება, მან ილჰამ ალიევს  ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული მიულოცა. 2018 წელს ასევე დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს საქართველო, 26 მაისს საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

 

 

შეხვედრის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე „ჯორჯიან თაიმსთან“ პოლიტიკის მიმომხილველმა სიმონ კილაძემ ისაუბრა:

 

„ტრადიციად იქცა, რომ ბაქოში ვიზიტით მყოფ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თითქმის ყოველთვის ხვდება, რაც საქართველოსთან მეგობრობისა და თანამშრომლობის უმაღლესი დონის დადასტურებას წარმოადგენს.  მსგავსი ხასიათი აქვს აზერბაიჯანელი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტებსაც საქართველოში. რასაკვირველია, ასეც უნდა იყოს ერთმანეთის მეზობელი ქვეყნებისათვის, თანაც ისეთი მეზობლებისათვის, რომლებთაც ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა აკავშირებთ - როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით.

 

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაც სწორედ მნიშვნელოვანი ღონისძიების ფონზე განხორციელდა, როცა ბაქოში ენერგეტიკული პროექტის „სამხრეთის გაზის დერეფნის“  მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალი მიმდინარეობს.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ 1918-1920 წლებში წერდნენ ევროპული გაზეთები, კერძოდ საფრანგეთის პრესა, რომ კავკასიის ეს ორი სახელმწიფო, არასტაბილური რუსეთის გვერდის ავლით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მტკიცე ხიდს წარმოადგენსო. რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა საქართველოსა და აზერბაჯანის გეოგრაფიული მდებარეობა და იმ დროისათვის საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარებული სატრანსპორტო კომუნიკაციების არსებობა: კავკასიის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-ფოთი-ბათუმი, ასევე ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი, გზატკეცილები... მოკლედ, ევროპული პრესის და, შესაბამისად, პოლიტიკური წრეების ასეთ მაღალ შეფასებას რეალური საფუძველი მართლაც გააჩნდა. სწორედ საქართველოს შავი ზღვის პორტიდან ხდებოდა იმ დროსაც აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტი ევროპაში. მინდა ასევე აღვნიშნო საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ შეტანილი დიდი წვლილი 1918-1920 წლების კავკასიის რეგიონული პოლიტიკის განმტკიცებაში, როცა მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვისა და ურთიეთდახმარების შესახებ, აგრეთვე, შეთანხმებას „ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოს“ შექმნის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობდა მშვიდობის დაცვას. სხვათა შორის, ეს იყო ერთგვარი მცდელობა შექმნილიყო კავკასიის რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია პოლიტიკური თანამშრომლობის, რეგიონული მშვიდობის დაცვის სფეროში. ასე რომ, ამ მხრივ ჩვენმა ქვეყნების მაშინდელმა ლიდერებმა ნაყოფიერი ურთიერთობის მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს,“- განაცხადა სიმონ კილაძემ.

 

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ჩვენი სახელმწიფოების 100 წლის წინანდელი ურთიერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

 

„დღეს 1918-1920 წლების ურთიერთობის მემკვიდრეობითობა გრძელდება, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე, თანამედროვე რეალიზების გათვალისწინებით: მსოფლიოში ცნობილია ნავთობსადენი „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“, გაზსადენი „ბაქო-თბილისი ერზერუმი“, აგრეთვე ენერგოპროექტი TANAP, რომელიც სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოებულ პროექტს წარმოადგენს. ბევრი რამ შეიძლება ითქვას აგრეთვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საერთაშორისო მნიშვნელობაზეც, რომელიც ექსპლოატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სარკინიგზო მაგისტრალს ყველა მონაცემი აქვს, რომ ჩინური მეგაპროექტის „აბრეშუმის გზის“ რეალიზებაში ერთ-ერთი მნიშვენელოვანი როლი შეასრულოს. სწორედ ამიტომ უწოდეს ამ ახალ სატრანსპორტო კომუნიკაციას რკინის აბრეშუმის გზა“. არ შეიძლება არ ავღნიშნო აგრეთვე აზერბაიჯანული გაზით უზრუნველყოფის  უდიდესი, სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოსათვის.

 

საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრული და ამავე დროს სუვერენული სახელმწიფოები არიან. ჩვენი ორივე ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების სფეროში. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში, მსოფლიო დიპლომატიაში არის შემთხვევები, როცა არცთუ ისე იშვიათად ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებს შორისაც კი ჩნდება პრობლემატური საკითხები. გამონაკლისი არც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაა, მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიაში არსებულ რთული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ფონზე. მთავარია, რომ თბილისმა და ბაქომ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისაკენ, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შანტაჟი, ვიწროპოლიტიკური ინტერესები, არამეგობრული ნაბიჯები. ვიმედოვნებ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც გააგრძელებენ ასი წლის წინათ საფუძველჩაყრილ მეგობრულ ტრადიციებს,“-აღნიშნა სიმონ კილაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

/ნინო ოთარაშვილი/





მსგავსი სიახლეები
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“
სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა
"გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს"
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"
"ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის"
„ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს“
„პატრიოტთა ალიანსს“ ხელისუფლებაში მოსვლის დიდი შანსი ეძლევა
„მრავალი დიდი მეტანია გაუკეთე ჟაკ შირაკს, თავისი დაუჯდომელ-პარაკლისების წაკითხვით და ყვ....ებზე არაერთხელ ამბორით და ახლა აღარ მოგწონს ზურაბიშვილიიიი ხოოო?“
რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის
გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
"თავის დროზე ყველას გადავუხადე მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ძმის საქმის გამოძიებაში"
„ღმერთი არავის გაუწყრეს და ამ 6 დღეში, სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, 1 სანტიმეტრი ქართუთული მიწა არ გაიყოდოს და ინაუგურაცია სამოქალაქო პანაშვიდებში არ გადაიზარდოს“
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება -მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოიაზრება, გახარიას კი ალეკო ტაბატაძე შეცვლის
„პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს"
საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას“ ავრცელებს
16 დეკემბრიდან უცხოელებს ქართული მიწის ყიდვა საბოლოოდ აეკრძალებათ
„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი“
„მისი ნაკეთები საქმე აკრიტიკეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ დედას და მამას დააბრალო ათასი სიბინძურე, არის არაკაცობა!“
„ძალიან ცუდად დაამთავრებთ, ბატონებო და ქალბატონებო!“