პარლამენტმა გენდერულ კვოტებს მხარი უნდა დაუჭიროს

სამოქალაქო საზოგადოების ოაგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ:

 

"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. 



2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%. 


საქართველოში მოსახლეობის 52.3% ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება.


გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ. ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემაც. 


არსებული ბარიერების დაძლევა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან ცოტაა და მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, რაც 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერითაც დასტურდება.  


საქართველოს სახელმწიფომ 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის განსაკუთრებული ზომების გატარების, ვალდებულება, აიღო. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) კონვენციიდან. კონვენციის ფარგელებში არსებული კომიტეტის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენის შემდეგ შემუშავდა აღნიშნულია, რომ საქართველოს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად, მათ შორის მიიღოს სავალდებულო ზომები ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 შეიცავს ახალ ვალდებულებას საქართველოსთვის, გადადგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად. 


აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს, ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას. მისასალმებელია, რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე, კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა. 


მოვუწოდებთ პარლამენტს დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას,"–ნათქვამია განცხადებაში.




მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის და ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების აწყობა - ვის დაიჭერენ უკვე ყოფილებიდან
„არ მინდა, ვიყო იმ კომისიის წევრი, სადაც მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია“
„ირაკლი ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე“
"მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის"
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
“არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორი გაგებაა“
"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი
ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება
გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება იწყება
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
„ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთ იმედად, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილი რჩება“
„ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში“
„საქართველოდან არავის სურს ჩამოსვლა და საუბარი ტერიტორიის პრობლემებზე და ვის ვესაუბრო?“
„ხომ არ გაგიჟდი, ნიანგი როგორ დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? ნუ, ახლა, მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არაო“
„ისე განვლო მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა, ისეთი ბედი მაქვს, ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და შეიცხადებს, უი მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაო“
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა
„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში“
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"-გიორგი მარგველაშვილი
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს" - მამუკა ბახტაძე