30 ივნისს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი იწყება -ქართული მოლოდინები და რეალობა

აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით, თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს 30 ივნისს ოფიციალურად დაიწყებს. გასულ კვირას საზეიმოდ გახსნილი ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP), გაფართოებულ სამხრეთ კავკასიურ (SCP) და ჯერ კიდევ მშენებარე, ტრანსადრიატიკულ (TAP) გაზსადენებთან ერთად, „სამხრეთის გაზის დერეფანს“ წარმოადგენს.


მაღრიბი-ევროპის გაზსადენის (MEG) შემდეგ, სამხრეთის გაზის დერეფანი მეორე არარუსული მილსადენია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ბრიუსელის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკაში სრულად ჯდება.



პირველ ეტაპზე, 2-დან 6 მლდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მხოლოდ თურქეთი მიიღებს, 2020 წლის შემდეგ, როცა SCP-სა და TANAP-ს ოფიციალურად მიუერთდება TAP-ი, დერეფანმა უკვე 16 მლდ კბ/მ გაზი უნდა გაატაროს, საიდანაც 10 მლდ-ს იტალია წაიღებს.



უფრო შორეული გეგმებით, ამ მარშრუტით ევროპელ მომხმარებლამდე 2023 წლისთვის - 23 მლდ კბ/მ, ხოლო 2026 წლისთვის - 31 მლდ კბ/მ გაზი უნდა მივიდეს. ამ შემთხვევაში „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ევროპაში რუსული გაზის კონკურენტად გადაქცევის შანსი აქვს. შედარებისთვის, რუსეთმა 2017 წელს, ევროპაში 193 მლდ კბ/მ გაზი გაყიდა.


ლიანა ჯერვალიძე, ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ვარაუდობს, რომ მხოლოდ ძვირი აზერბაიჯანული აირით „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სრულად დატვირთვა და 45 მილიარდიანი ინვესტიციის ამოღება ურთულესი ამოცანაა, თუ ტრანსკასპიური გაზსადენის (TCGP) მშენებლობა და თურქმენეთის გაზის მდიდარ საბადოებზე წვდომა ვერ მოხერხდა: „აზერბაიჯანული გაზი იაფი არ არის, გაზის საბადოები კასპიის ზღვაში ღრმა წყლებშია განთავსებული, აქედან გამომდინარე აუცილებელია სხვა რესურსების, იგივე თურქმენული გაზის მოზიდვა დერეფანში. TANAP-ის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინსფრასტრუქტურის სრულად დატვირთვა მოხდა. ანუ, დაახლოებით 20-24 მლდ კბ/მ აირი მაინც უნდა გავიდეს ამ დერეფანში, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურაში ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლოს და ეს ჩემი აზრით, თურქმენული გაზის მიბმის გარეშე ვერ მოხდება“, - ამბობს ლიანა ჯერვალიძე.


ის, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ერდოღანის პირადი მიწვევის მიუხედავად, TANAP-ის გახსნაზე თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი არ ჩავიდა, ექსპერტთა აზრით, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ აზერბაიჯანულთან ერთად, თურქმენული გაზით დატვირთვა საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.



თურქმენული გაზის ექსპორტს ევროპაში ხელს უშლის როგორც აზერბაიჯან-თურქმენეთის სასაზღვრო კონფლიქტი (კასპიის ზღვის შელფის გამო), ისე კასპიის ზღვის აუზის ორი დიდი მოთამაშის რუსეთისა და ირანის ხისტი პოზიცია - ევროპის გაზის ბაზარზე თურქმენეთი, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე არ დაუშვან.



TANAP-ის გახსნა ქალაქ ესქიშეჰირში თურქეთის პრეზიდენტთან ერთად იზეიმეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა, ბულგარეთის პრემიერმა ბოიკო ბორისოვმა, BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დადლიმ და თვითაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის მეთაურმა მუსტაფა აქინჯიმ.



თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად მოულოდნელად ესქიშეჰირში არ ჩავიდა არც საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა ბოლო წუთს, „დატვირთული გრაფიკის“ მიზეზით, თურქეთში გაფრენა გადაიფიქრა და მილსადენის გახსნაზე მხოლოდ საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე მივიდა. მანამდე, 29 მაისს, TANAP-ის გახსნაზე ბაქოში, საქართველო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დონეზე იყო წარმოდგენილი.



ანალიტიკოს ლიანა ჯერვალიძეს ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება და ხომ არ იყო უფრო დიდი მოლოდინი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მიმართ? 

 


„მოლოდინები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართაც დიდი გვქონდა, მაგრამ ისიც 50-60%-ის ზევით არ დატვირთულა. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოლოდინები გვქონდა და გვაქვს. ამ ფონზეც ძალიან დასანანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ TANAP-ის გახსნაში მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენთვის, როგორც ნეიტრალური სატრანზიტო ქვეყნისთვის, რომელიც დაინტერესებულია როგორც აზერბაიჯანული აირის ტრანზიტის ზრდით, ისე თურქმენული გაზით, კარგი იქნებოდა ასეთ ღონისძიებაზე ხელისუფლების უმაღლესი პირებით ვყოფილიყავით წარმოდგენილი“, - გვიპასუხა ლიანა ჯერვალიძემ.



ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საქართველოს 2018 წლის ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წელს, საქართველოში გაზის მოხმარება 9%-ით იზრდება და უკვე 2,659 მლრ კ/მ აირი დაგვჭირდება, შარშან ეს მაჩვენებელი - 2,439 მლრ კ/მ იყო. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გატარებული აზერბაიჯანული საექსპორტო აირის სანაცვლოდ წლიურად - 813 მლნ კ/მ გაზი რჩება, რაც ჩვენი წლიური მოხმარების დაახლოებით მესამედია.

 

«Radio Voice of America» (აშშ)





მსგავსი სიახლეები
"საქართველომ ევროპისადმი ნდობა რომ არ დაკარგოს, ევროკავშირი თანმიმდევრულად უნდა გმობდეს რუსეთის აგრესიულ მოქმედებას"
"საქართველოში შეჭრის გამო, რუსეთზე სანქციები უნდა დაგვეწესებინა"–მეთიუ ბრაიზა
"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
"მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომზე
რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა
"სად ქართველი და სად მარიხუანა?- რუსებმა მარიხუანას ლეგალიზაციას სტატია მიუძღვნეს
ვინ ებრძვის და ვინ იცავს "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძეს
"პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა!"- სტივ ჰედლი
ცხელი ზაფხულის ომი, რომელმაც რუსეთი ცივ ომში დააბრუნა
საქართველოსგან რუსი მფრინავის მკვლელის გადასაცემად ანკარა ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს
„ზურგში ჩაცემული დანა“- უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ გამოდის
"საქართველოში შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დავბრუნდები"-მიხეილ სააკაშვილი
თბილისი-დიდი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით განთქმული ქალაქი
რატომ აღმოჩდნენ მკვდარი სულები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?
"არც ფული, არც საბანკო ბარათი, ყველაფერი გაქრა..."- ამერიკელი პროფესორის ჩანაწერები თბილისზე
"საბჭოთა კავშირის დაშლა რომ გავიგე სუფრა გავშალე, ბიჭები დავსხედით და კარგად ვიმხიარულეთ, ალბათ რუსეთსაც იგივე ელის"
30 ივნისს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი იწყება -ქართული მოლოდინები და რეალობა
"ჩვენ ასეთი აფხაზეთი მოგვწონს-ხმაურიანი ქარხნებისა და ქალაქების გარეშე"- ტურისტის ჩანაწერები
„ქართული ოცნების“ კრიზისი გრძელდება-შეძლებს თუ არა ახალგაზრდა პრემიერი სიტუაციის გამოსწორებას?
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ქულების დაკარგვის რისკის წინაშე დგას