თბილისი-დიდი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით განთქმული ქალაქი

გერმანული გამოცემის «Saarbruecker Zeitung»-ის რედაქციისაგან: ამას წინათ საარბრიუკენის აეროპორტის ყოფილი დირექტორი კნუტ ჰენშკე თბილისში იმყოფებოდა. იგი გვეწვია და დაძმობილებულ ქალაქში ყოფნის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. გთავაზობთ მის ჩანაწერებს:



„საარბრიუკენსა და თბილისს შორის ურთიერთობა 43 წლის წინათ, საბჭოთა ეპოქაში დაიწყო, როცა თბილისი საქართველოს სსრ-ის დედაქალაქს წარმოადგენდა. ორმა მერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც დღემდე ძალაშია და მოქმედებს. შეთანხმების ინიციატორი იყო საარბრიუკენის თეატრის ხელმძღვანელი ჰერმან ვედეკინდი, რომელიც თანამშრომლობას ახორციელებდა დევიზით „ხელოვნება საზღვრების გარეშე“. იმ დროს ქალაქებს შორის დელეგაციებისა და ტურისტების გაცვლა-გამოცვლა რეგულარულად ხდებოდა და თბილისი პოპულარული იყო. მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში თავისი წვლილი საარბრიუკენის (ენსჰეიმის) აეროპორტსაც შეჰქონდა. 



როგორ ცხოვრობს და ვითარდება კავკასიური სახელმწიფო? როგორ გამოიყურება დღეს თბილისი და ახსოვთ თუ არა თბილისელებს ძველი მეგობრობა?



„დილა მშვიდობისა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“ - ამ სიტყვებით შემხვდა ქალბატონი, რომელმაც ჩემი პასპორტი დილის 4 საათსა და 15 წუთზე დაარეგისტრირა, თანაც გერმანულად გამესაუბრა. ამ მისალმებამ ჩემს მშობლიურ ენაზე, ადრე დილით, თანაც უცხო ქალაქში, რაღაც კარგის მოლოდინით განმაწყო. იგივე გრძნობას განიცდიდა ჰიუნტერ კრანციც, საარბრიუკენის რატუშის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ადრე თან დაჰყვებოდა საარბრიუკენის დელეგაციებს თბილისში. იგი ჩემთან ერთად წამოვიდა თბილისში და ირგვლივ ყველაფერს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა.



თბილისში 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მდინარე მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული. მრავალი საუკუნის განმავლობაში ქალაქს ხშირად თავს ესხმოდნენ „დაუპატიჟებელი სტუმრები“ - სპარსელები, თურქები, რუსები... და ანგრევდნენ. თუმცა ქალაქში მაინც არის დღემდე შემორჩენილი რამდენიმე შენობა, რომლებიც 200 წელზე მეტი ხნის წინათაა აგებული. ახალი შენობები ძირითადად ძველების ფუნდამენტზე შენდება - ასეთია, მაგალითად, სასტუმრო Biltmore, რომელიც ფოსტის ძველი შენობის ადგილზე აიგო.



პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თბილისში ბევრი ფუტურისტული შენობა გაჩნდა - ვთქვათ, მშვიდობის ხიდი და თეატრი, რომელიც ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მიქელე დე ლუკას ხელმძღვანელობით აშენდა. ხიდი და თეატრი ბევრ თბილისელს არ მოსწონს, თუმცა, ამის მიუხედავად, ღამით ისინი ათასობით ნათურით არის განათებული.


თბილისის მერი კახა კალაძე ამ თანამდებობაზე უკვე თითქმის ერთი წლის წინ აირჩიეს. იგი ადრე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, თამაშობდა უკრაინისა და იტალიის (მილანის) გუნდებში.



ძველი თბილისის ყველაზე კარგი პეიზაჟი ნარიყალადან მოჩანს, სადაც საბაგირო გზით ასვლა შეიძლება. ძველი თბილისი ტურისტების მექად ითვლება. აქ შეხვდებით როგორც გერმანელ ტურისტთა ჯგუფს, ასევე ისრაელიდან ჩამოსულებს. ბევრია თურქი, რუსი, აზერბაიჯანელი, ირანელი ტურისტიც, რომლებიც სიამოვნებით ათვალიერებენ ქალაქს.



თბილისი აყვავება-განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებდა რელიგიური შემწყნარებლობა: ქართული ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესიების გვერდით მშვიდობიანად მეზობლობს სინაგოგა და მეჩეთი. ბევრი ძველი შენობა რესტავრირებულია, თუმცა ფასადების შესაკეთებლად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო. ძველი ქალაქის შენარჩუნება მერიის პასუხისმგებელი პირების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.



თბილისის მთავარ ბულვარს შოთა რუსთაველის სახელობის გამზირი წარმოადგენს. აქვე მდებარეობს ეროვნული მუზეუმიც, სადაც ბევრი ექსპონატია დაცული - როგორც საქართველოს ქრისტიანობამდე და რომაულ-ბიზანტიური ეპოქისა, ასევე პირველი ქართული სამეფოების დროინდელი. ლეილა ფარსადანიშვილმა, რომელიც მუზეუმში ექსპონატების შესახებ გვიყვებოდა, აღტაცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ წინაშე საარბრიუკენელი სტუმრები ვიდექით. როგორც გაირკვა, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში იგი სახელმწიფო ტურისტულ სააგენტო „ინტურისტში“ თარჯიმნად მუშაობდა და საარბრიუკენის დელეგაციებსაც ხვდებოდა ხოლმე: „საარბრიუკენელებთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, განსაკუთრებით ჰერმან ვედეკინდთან და ოსკარ ლაფონტენთან“, - გვითხრა ქალბატონმა ლეილამ.



თბილისი ყოველთვის იყო ხელოვნების ისეთი დიდი ოსტატების შთაგონების ადგილი, როგორებიცაა ალექსანდრე დიუმა და პეტრე ჩაიკოვსკი.



თბილისური რესტორნები უნიკალურია. ყველგან იდეალურადაა შეთავსებული ერთმანეთთან ბოსტნეულისა და ხორცის კერძები. შიმშილს გემრიელი ხაჭაპურითაც მოიკლავთ და კარგად დანაყრდებით. „თბილისი ყოველთვის ასეთი იყო“, - ამბობს ჩვენი ტურისტული ჯგუფის წევრი მიქაელ ბუმბი, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ 1975 წელს არის ნამყოფი, - „სუფრა ხორაგით იყო სავსე და ღვინო მდინარესავით იღვრებოდა“. საქართველოში სუფრა ურთიერთობას ნიშნავს. სუფრის გასაძღოლად ქართველებს თამადა ჰყავთ, რომლებიც სადღეგრძელოებს ამბობს, მჭევრმეტყველებს და თან სტუმრებს ეროვნულ ტრადიციებს აცნობს.



გასეირნების დროს ძველი ქალაქში მდებარე ერთ-ერთ მდებარე კაფე-ბარში შევიარე და ახალგაზრდულ პერსონალს გავესაუბრე, თან ვკითხე - თუ იცით რაიმე საარბრიუკენის შესახებ-მეთქი. არაო, მიპასუხეს და შევატყვე, რომ შერცხვათ. იგივე სიტუაცია იყო რესტორან G Vino-შიც. მომსახურე პერსონალს ავუხსენი, რომ თბილისში საარბრიუკენის მოედანი არსებობს, რაც გაუკვირდათ და განმარტებისთვის მადლობა მითხრეს. მოედანს ადვილად მიაგნებთ, ის თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.



საქართველოს დედაქალაქში ჩემი ყოფნის დროს დავრწმუნდი, რომ აუცილებელია 1975 წელს დადებული შეთანხმების გამოცოცხლება, მისი გააქტიურება და განახლება, საარბრიუკენისა და თბილისის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით“.





მსგავსი სიახლეები
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა
წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი