ვინ ებრძვის და ვინ იცავს "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძეს

"საპარლამენტო უმრავლესობაში ჯგუფებს შორის შიდა დაპირისპირება არ ცხრება და ბოლო პერიოდში ეს შიდა ბრძოლის ხაზი პარლამენტის თავმჯდომარის დამცველებსა და კრიტიკოსებს შორის გადის. როგორც დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, "პარლამენტში ჯგუფია ჩამოყალიბებული, რომელიც ირაკლი კობახიძეს ებრძვის". საპასუხოდ კი, დავით ჭიჭინაძე, ვინც კობახიძის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის ყველაზე აქტიურ ფიგურად მიიჩნევა, აცხადებს, რომ "კოლექტიურ ზარდიაშვილებს ნებისმიერი განსხვავებული აზრი ბრძოლა ჰგონიათ" და "მოვესწარით იმ დღეს, როდესაც დემოკრატია ქუცნაშვილის დასაცავი ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ ებრძვის და ვინ იცავს "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძეს / ახალი შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიაში და ამის შესაძლო პოლიტიკური შედეგები.


"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის განახლებულ მორიგ შეტევას დეპუტატების ნაწილი თავშეკავებით ხვდება. აკაკი ზოიძის განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ პარლამენტში "ტერორისტების ჯგუფი" ჰყავდეთ. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, კი ოპონენტები თუ არსებობენ, ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და ამაში ვერავითარ დრამატიზმს ვერ ხედავს. საგულისხმოა ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში თვეებია, შიდა დაპირისპირებაა და ყველაზე აქტიური ამ მხრივ დავით ჭიჭინაძეა, ვინც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და მის ე.წ. გუნდს არასწორ მართვაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ "ოცნების" რეიტინგისთვის ძალიან დამაზიანებელია "კოლექტიური ზარდიაშვილების" ყოლა, იმ ადამიანების აქტიურობა, რომლებიც წლების წინ "ნაციონალური" ხელისუფლების რიგებში იყვნენ. მისი ამ გამონათქვამისა და პარლამენტის სპიკერის წინააღმდეგ გაკეთებული არაერთი კრიტიკული განცხადების გამო დაახლოებით 2 კვირის წინ ჭიჭინაძე პარტიის 5-კაციანმა სამდივნომ გარიცხა კიდეც, რაც ჭიჭინაძემ ტელევიზიით შეიტყო და შერისხული დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს. ამ ფორმით მისი გარიცხვა გუნდში ბევრს არ მოსწონს. აკაკი ზოიძემ ღიად განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოზე ჭიჭინაძის გარიცხვას ის მხარს არ დაუჭერს. 5 კაცის მიერ გარიცხვა ასევე არასწორ ფორმად მიაჩნიათ ნუკრი ქანთარიასა და რევაზ არველაძეს, ხოლო გასაჩივრებისკენ საჯაროდ მოუწოდა და გვერდში დგომას დაჰპირდა ჭიჭინაძეს ორი დეპუტატი - გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე", - აღნიშნავს გამოცემა.



"ამ დეპუტატებმა საკმაოდ კრიტიკული განცხადებებიც გააკეთეს. ფოფხაძემ ამ გადაწყვეტილების გამო "ოცნების" საპარლამენტო ლიდერები ბოლშევიკური სტილით მართვაშიც დაადანაშაულა, კობერიძემ კი ჯერ 5 კაცის მიერ დეპუტატის გარიცხვას არასწორი ფორმა უწოდა და პროცედურების დარღვევაში დაადანაშაულა სამდივნო, ხოლო შემდეგ გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე უკვე სახლში გაშვებული გიორგი კვირიკაშვილის გამო. კობერიძის განცხადებით, არასწორი იყო, როდესაც მეშახტეების გარდაცვალების დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპრემიერი დაადანაშაულა შრომის უსაფრთხოების კანონის არმიღების გამო. კობერიძე და ფოფხაძეც იგულისხმებიან თუ არა პარლამენტის სპიკერის წინააღმდეგ მებრძოლ გუნდში, ზაქარია ქუცნაშვილმა გვარების ჩამოთვლა არ ისურვა, თუმცა, მისი თქმით, ყველა ნათლად ხედავს, ვინ ებრძვის ირაკლი კობახიძეს და ვინ - არა და რადგანაც კობახიძეს ეს ორი დეპუტატიც აკრიტიკებს, პარლამენტის სპიკერის წინააღმდეგ მებრძოლთა გუნდში ჭიჭინაძესთან ერთად ეს ორი დეპუტატი აუცილებლად მოიაზრება", - განაგრძობს გამოცემა.



"ცნობისათვის, ზაქარია ქუცნაშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ პარლამენტში ჯგუფია ჩამოყალიბებული, რომელიც ირაკლი კობახიძეს ებრძვის. "ეს ფაქტია და ამას დამალვა არ სჭირდება. ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე არ არის ერთადერთი თავმჯდომარე, ვისაც ებრძვიან. ყველა წინა პარლამენტში ასე იყო. რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დაბრუნებამ ეს პროცესი მკვეთრად შეარბილა, მაგრამ ეს მეტასტაზი არსებობს", - განაცხადა ქუცნაშვილმა, მაგრამ გვარების დასახელება არ ისურვა. მის საპასუხოდ დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ "კოლექტიურ ზარდიაშვილებს" კრიტიკა ბრძოლა ჰგონიათ და ეს დემოკრატია არ არის. "ქუცნაშვილის განცხადებებზე როგორ შეიძლება, ადამიანმა სერიოზული კომენტარი აკეთოს?! თუ მათ ნებისმიერი განსხვავებული აზრი ბრძოლა ჰგონიათ, ეს მათი პრობლემაა. მოვესწარით იმ დღეს, როდესაც ირაკლი კობახიძეს ქუცნაშვილის დაცვა სჭირდება. ეს კიდევ ერთი დასტურია, მათი "სწორი" ნაბიჯებისა. მე აქამდე პირიქით ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე და მისი ჯგუფი პრემიერ-მინისტრს ზარდიაშვილების მეთაურობით ებრძოდა. ზაქარია ქუცნაშვილი არასოდეს არ ყოფილა დაახლოებული მაგ ჯგუფთან", - ამბობს ჭიჭინაძე, რომლის თქმით, "ამიტომ, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ეგ ქუცნაშვილმა უნდა დააზუსტოს", - დასძენს გამოცემა.



"ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს თავისი გუნდი, სადაც მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე არიან და მათ ხელმძღვანელობა მხოლოდ დეპუტატებისთვის "ესემესების" მიწერა და საერთო განცხადებების საჯაროდ გაკეთების დავალდებულება ჰქონიათ, რაც გუნდში ბევრს არ მოსწონს - "კოლექტიური ზარდიაშვილების გარდა რომელმა თქვა, რომ მოსწონს, რაც ხდება? მე არ ვარ ერთადერთი, სხვადასხვა საკითხზე ადამიანები არ ეთანხმებიან ხოლმე, მაგრამ მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მე ვატარებ დასავლურ ღირებულებებს. იქ ყველაფერს საჯაროდ ლაპარაკობენ. ამათ ვინ უნდა გარიცხონ, მათი გასარიცხი ვინ არის, იქით გავრიცხავ ყველას! დასავლურ დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობს ქუცნაშვილი, ერთი მაგალითი მომიყვანონ, სადაც დეპუტატს ასე რიცხავენ, კომუნისტური პარტიის გარდა. ახლა ცოტა ხანში "ოქროპირი" გააკეთონ. ჰყავთ თავიანთი ტელევიზიები და იქ გადაცემას "ოქროპირიც" დაარქვან და ავყვავდებით. ეს უნდათ მათ, რომ კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე აძალებდნენ ადამიანებს - ეს თქვიო. მათი მესიჯები მისდით და მესიჯებით ითხოვენ. უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია მათ ის ჰგონიათ, რომ საერთო მესიჯები ათქმევინონ ყველას. კრიტიკა ვერ აიტანეს და ესაა პრობლემა" - დასძენს ჭიჭინაძე, რომლის აზრით "კობახიძეს დავით ბაქრაძეც კი სჯობდა", - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა
წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი