ევროკავშირის ეგიდით შესწავლილი აგვისტოს ომი
  • ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო;
  • შეუძლებელია “მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ მხარეს” დაეკისროს;
  • საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
  • რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
  • გენოციდს ადგილი არ ქონია;
  • ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა.

ევროკავშირის დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ “ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით.”

 

”თუმცა ეს იყო იმ მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციების და ინციდენტების კულმინაცია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში, რომლის თანახმადაც მას არ აქვს ”აბსოლუტურ სიზუსტესა და სრულყოფილებაზე” პრეტენზია.

”ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო,” - ნათქვამია ე.წ. ”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში.

თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ომის დაწყების საკითხის განხილვისას ”ფოკუსირება მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე” არ უნდა მოხდეს.

”შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ომამდე წლების უკან არსებულ პერიოდს და იმ მზარდ დაძაბულობას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას წინ უძღოდა,” - ნათქვამია დასკვნაში.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ იგი იძულებული შეიქმნა თავდაცვითი ოპერაცია დაეწყო 7 აგვისტოს 23:35 საათზე, რათა უკვე დაწყებულ რუსული სამხედრო აგრესია შეეჩერებინა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ კომისიამ საქართველოს მტკიცება, რომ რუსეთმა ”ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა” 8 აგვისტომდე განახორციელა ”საკმარისად დასაბუთებულად” ვერ მიიჩნია.

თუმცა, მისიის დასკვნა ასევე მიანიშნებს იმ რამოდენიმე ინფორმაციასა და პუბლიკაციაზე, მათ შორის რუსულ წყაროებში, რომლის თანახმადაც რუსული მხარე სამხრეთ ოსური და აფხაზური ძალების წვრთნასა და აღჭურვას 2008 წლის აგვისტომდეც ახორციელებდა.  

”გარდა ამისა, როგორც ჩანს აგვისტოს დასაწყისში მოხალისეთა და დაქირავებული მებრძოლების დიდი ნაკადი შევიდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში  როკის გვირაბის და კავკასიონის ქედის გავლით,” - ნათქვამია დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ 8 აგვისტოს 14:30 საათამდე, როდესაც რუსეთის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის თაობაზე, ”გარკვეული რუსული ძალები” - გარდა სამშვიდობოებისა - უკვე იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთში.

”ასევე, როგორც ჩანს, რუსულმა საჰაერო ძალებმა ოპერაციები ქართული სამიზნეების წინააღმდეგ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა, 8 აგვისტოს დილით დაიწყეს, ანუ იმაზე ადრე ვიდრე ეს მითითებულია ოფიციალურ რუსულ ინფორმაციაში [როგორც რუსეთის მხრიდან ჯარების შეყვანის დროდ - 8 აგვისტოს 14:30 საათი],” - ნათქვამია დასკვნაში.

რუსეთმა ინტერვენცია ოსი მოსახლეობის ”გენოციდის” შეჩერების, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების და რეგიონში განთავსებული რუსი სამშვიდობოების დაცვის მოტივით ახსნა. რუსეთის განცხადებით, 8 აგვისტოს დილით ქართული მხარის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ორი რუსი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ხუთი დაიჭრა. საქართველომ უარყო რაიმე მიზანმიმართული შეტევა რუსი სამშვიდობოების შტაბბინაზე ცხინვალში.

”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში ნათქვამია, რომ კომისიას ”არ გააჩნია დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა რომელიმე მხარის ბრალდებებს” ამ საკითხთან მიმართებაში.

”თუმცა, იმ დროს ადგილზე არსებული სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, მსხვერპლი რუს სამშვიდობოებს შორის სავსებით შესაძლებელი იყო,” - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ბრალდებებს გენოციდთან დაკავშირებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხრიდან გენოციდს ადგილი არ ქონია.

”ფაქტების გულისყურით შესწავლის შემდეგ, მისია ასკვნის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, განცხადებები ქართული მხარის მიერ გენოციდის განხორციელებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და მისი შემდგომი პერიოდის კონტექსტში არც იურიდიულად არის დასაბუთებული, და არც რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებებითაა გამყარებული,” - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა.

”არსებობს მტკიცებულება სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული სოფლების სისტემატური ძარცვისა და განადგურების შესახებ. შედეგად. შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთნიკურ წმენდას სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მართლა ქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში,” - ნათქვამია დასკვნაში.

იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”.

მისიის განმარტება ასეთია, რომ საქართველოს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტებით ძალის არგამოყენების ვალდებულება გააჩნდა. ეს დოკუმენტებია: 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების ზომების შესახებ.

”რომც ვივარაუდოთ, რომ საქართველო იგერიებდა შეტევას - მაგალითად სამხრეთ ოსური მხარის მიერ ქართული სოფლებზე შეტევას - მისი საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო საჭიროების ფარგლებში და პროპორციული,” - ნათქვამია დასკვნაში.  

იქვე ისიც აღნიშნულია, რომ ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება.

”საქართველოს სამხედრო თავდასხმის უკანონო ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის საპასუხო თავდაცვითი ქმედება ნამდვილად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს ლეგიტიმური თავდაცვის თვალსაზრისით. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის ნებისმიერი ოპერაციები, რომელიც  ქართული შეიარაღებული შეტევის მოგერიების მიზანს გასცდა, კერძოდ, ეთნიკური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამხრეთ ოსეთის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო სამართლის და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად უნდა შეფასდეს,” - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ძალის გამოყენების კანონიერებას საერთაშორისო სამართლის კუთხით, ამ საკითხზე მისიას ”დიფერენცირებული” მიდგომა აქვს და ”რუსეთის რეაქციას საქართველოს შეტევაზე” ორ ფაზად ყოფს - ერთი, რომელიც იყო მყისიერი რეაქცია ცხინვალში მყოფი რუსი სამშვიდობოების დასაცავად და მეორე, სამხრეთ ოსეთის მიღმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეჭრა.

მისია ასკვნის, რომ პირველ შემთხვევაში ”თუ რუს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, რუსეთს ჰქონდა უფლება პროპორციული სამხედრო ძალა გამოეყენებინა მათ დასაცავად.”

”ამრიგად, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება თავდაცვითი მიზნით კონფლიქტის პირველი ფაზის დროს კანონიერი იქნებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება მეორე ფაზას, დასკვნაში ნათქვამია, რომ ”რუსული სამხედრო მოქმედებების უმეტესობა მნიშვნელოვნად გასცდა თავდაცვის გონივრულ საზღვრებს”.

”უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს მიღმა ძირითადად საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა,” - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა გაეროს წესდება დაარღვია, როდესაც მან და მისმა აფხაზმა მოკავშირეებმა ზემო კოდორის ხეობაზე მიიტანეს იერიში.

მისია ასევე აცხადებს, რომ მესამე ქვეყნის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების ”მასობრივი დარიგება” საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

დასკვნა, რომლის მოცულობაც 1 100 გვერდს აღემატება (და რომელიც მხარეების მიერ მიწოდებულ მასალასაც შეიცავს), მისიის ცხრათვიანი მუშაობის შედეგია. 

მისიის განცხადებით, მუშაობის პერიოდში მათ სადაზვერვო, მათ შორის სატელიტური-სადაზვერვო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

დასკვნაში აღნიშნულია რომ ყველა მხარემ კომისიასთან თანამშრომლობის ”მოულოდნელად მაღალი” ხარისხი გამოამჟღავნა.

კომისიის განცხადებით შეუძლებელია ”კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს” და რომ დასკვნის მიზანი არ არის ”ძველი ჭრილობების ხელახლა გახსნა და ემოციების გაღვივება”.





მსგავსი სიახლეები
"საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად ჩატარდა, მაგრამ მე-5 პრეზიდენტი ლეგიტიმურია"-გიორგი მარგველაშვილი
"იმედი გვქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა..."
"16 დეკემბერს "ნაცმოძრაობისგან" პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"
"კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება" - გიორგი მარგველაშვილი
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
„საქართველოს მთავრობამ, გამარჯვებასთან ერთად, არჩევნების ნეგატიური მხარეც უნდა გაითავისოს“
„ადამიანის და გარეწრის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და მორჩა!“
„ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“
ტყუის თუ არა ამერიკული ჟურნალი Foreign Policy? სადაო საკითხი - აშშ-ის ელჩის დანიშვნა საქართველოში
„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“
საქართველო უარს აცხადებს ამერიკის მიერ შერჩეული ელჩისათვის თანხმობის მიცემაზე - იგი მიხეილ სააკაშვილის ზედმეტად მხარდამჭერიაო
"ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის"
"რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის" - ზაზა პაპუაშვილი - გიგა ბოკერიას
"თქვენ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა!" - ირმა ინაშვილი - ოპოზიციას (ვიდეო)
"მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე"
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“
სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა
"გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს"
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"