აბაშა - მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას - ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება.
ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი. ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.