მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში გზამკვლევი ასოცირების ხელშეკრულებაა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ სამოქმედო პროგრამა გაგვაჩნია. პრაქტიკაში ჩვენ ვადარებთ რეალობას ამ პროგრამასთან. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან კი ჩვენ ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, საქართველოს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების პროცესში. რაც შეეხება რეფორმებს, მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს. გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს. ზოგადად, სასამართლო რეფორმის სფეროში რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს მთავრობას ეს ესმის“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, „ევროკავშირი რეფორმების პროცესს ხედავს იმ სფეროებში, რომელიც არ განიხილებოდა, როგორც პრიორიტეტი, თუმცა კომპლექსურ საკითხად იქცა“. „ერთ-ერთი ასეთი სფერო გარემოს დაცვაა. ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით ჩადებულია ვალდებულებები. ასევე არის ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ უკვე შესრულებულია. რამდენიმე სფერო ვახსენე საერთო პროგრესის კონტექსტში. ჩვენ ყოველ წელს ვაქვეყნებთ ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროგრესის თაობაზე. რაც შეეხება რეფორმების პროცესს, ზოგჯერ არ არის თანხმობა, არის დემოკრატიული დებატები და ეს კარგია ამ რეფორმებისთვის“, - დასძინა მან.