ექსპერტის აზრით, ლარიზაცია საფონდო სეგმენტის განვითარებაზეა დამოკიდებული

დოლარიზაციის ზეგავლენაზე ეკონომკაზე, ლარიზაციის მნიშვნელობასა და ახალ სამთავრობო ინიციატივებზე M2B წამყვან საბანკო ექსპრეტს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

- ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულო გახდება, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად, შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. როგორ აფასებთ მთავრობის ამ ახალ ინიციატივას?


გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის პროგრამის მიზანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაა, სალარე სესხებზე მოთხოვნის სტიმულირებით, რაც საბოლოო შედეგში სალარე რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მოხმარების სტიმულირებას ითვალისწინებს როგორც სალარე სესხების ვადიანობის დაგრძელების, ისე საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების მიმართულებით.


2004-2012 წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში შესაძლებელია მსხვილი ბიზნესისა და მიწოდების სერვისების შედარებით განვითარება, მაგრამ ნაკლებად მცირე და თუნდაც საშუალო ბიზნესის, პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების სტიმულირების თვალსაზრისით. რაც შეეხება დოლარიზაციის მაჩვენებელს, იგი სარეკორდო 2003 წელს იყო, როდესაც მისი მაჩვენებელი სესხებზე საშუალოდ 86%-ს შეადგენდა. შემდეგ წლებში დოლარიზაცია შემცირდა, განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში, რაც დაკავშირებული იყო 2008-2010 წლებში გლობალური შოკების ზეგავლენიდან გამომდინარე, ბიზნეს სესხების და იპოთეკური დაკრედიტების ტემპების შენელებით, სადაც დოლარიზაცია ტრადიციულად მაღალია. ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც გაგრძელდა უკვე საცალო დაკრედიტების მკვეთრი ზრდის და სამაგიეროდ, ბიზნეს დაკრედიტების შენელებიდან გამომდინარე.


2010 წლიდან მოყოლებული ბანკების საკრედიტო პორთფელის ზრდასთან ერთად საკრედიტო პორთფელში ბიზნეს დაკრედიტების თანაფარდობის შემცირების და საცალო დაკრედიტების ზრდის ტენდენცია რომ მზარდი იყო, შემდეგ წლებშიც გამოჩნდა. 2015 წელს 12.4–მილიარდიან პორთფელში ბიზნეს სესხების თანაფარდობა 6.3 მლრდ ლარი იყო, ანუ 51%-მდე შემცირდა. 2017 წელს 21.3 მილიარდიან პორთფელში ბიზნესსეხების (9.5 მლრდ ლარი) ხვედრითი წილი კიდევ უფრო შემცირდა 44.6%-მდე და სამაგიეროდ გაიზარდა შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 55.6%-მდე.


2012 წელს სესხების დოლარიზაცია 67%-ის ფარგლებში მერყეობდა. მიუხედავად კლებისა, ის მაინც მაღალ ნიშნულზე რჩებოდა, რაც აისახა კიდეც 2014-2016 წლებში გლობალური შოკების ზეგავლენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დალარიზაციის დონე კიდევ უფრო შემცირდა და თუნდაც 2015 წელს 65.2%-ს, ხოლო 2016 წელს კიდევ უფრო ნაკლებს - 63.6%-ს შეადგენდა. მაღალდოლარიზებული ეკონომიკა ატარებს მაღალ  სავალუტო რისკებს, რომლის დაზღვევა არა თუ მცირე და საშუალო ბიზნესს, არამედ ხშირად მსხვილ ბიზნესსაც კი უჭირს. ჩვენ ვნახეთ, რომ თუნდაც 2014-2016 წლებში განვითარებული შოკებისას ძალზე ბევრი მცირე საწარმო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ან სულაც დაიხურა.


– როგორია საკრედიტო პორტფელი და რა გავლენას ახდენს საცალო დაკრედიტების უფრო მაღალი ტემპით ზრდა ეკონომიკის განვითარებაზე?


გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ  ბოლო წლებში საცალო დაკრდიტების ზრდის ტემპები ისედაც გაცილებით მაღალია ბიზნეს დაკრედიტებასთან შედარებით, რაც ეკონომიკის პრობლემა ხდება. ეს არის ეკონომიკის ზრდაზე სერიოზული ნეგატიური ზეგავლენის მქონე პოტენციური პრობლემა.


მართალია, საცალო დაკრედიტება ასტიმულირებს მოთხოვნას, მაგრამ მეორეს მხრივ. დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის დონის ზრდა, თუ ის იკავებს განკარგვადი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს, საბოლოო ჯამში ამცირებს მოხმარებას და შესაბამისად, მშპ-ის ზრდის ტემპსაც. ისე არ უნდა გვიგოთ, თითქოს ლარიზაცია მხოლოდ ლარში გასაცემი სესხების ლიმიტების დადგენა იყოს. 2017 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ლარით ფასდადების შემოღებისა, კომერციულ ბანკებში დაინერგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დაცული მომსახურება (ე.წ "escrow"  მომსახურება), რომელიც ლარში ხორციელდება და მიზნად ისახავს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საფასურის გადახდისა და ქონების დასაკუთრებასთან დაკავშირებული რისკების აცილებასა და ხარჯების შემცირებას. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა შემოიღო ბაზელ III-ის შესაბამისი ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი, სადაც უპირატესობა მიენიჭა ეროვნულ ვალუტას, ხოლო ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავალუტო რისკისგან დაუცველ (არაჰეჯირებულ) მსესხებლებზე უცხოურ ვალუტაში სესხების შემთხვევაში ადეკვატური ბუფერების არსებობას.


მაგრამ ბიზნეს დაკრედიტების ზრდის ხელშეწყობისათვის ძალზე მნიშვნელვანია 
ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა, კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდური აქტივები მოკლევადიანი დეპოზიტების გრძელვადიან სესხებად გადასაქცევად. აქედან გამომდინარე, ლარიზაცია და დედოლარიზაციის შემდგომი შემცირება კაპიტალის ბაზრის და მთლიანობაში საფონდო სეგმენტის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.


– რა არის აუცილებელი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის?


გიორგი ცუცქირიძე: კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ე.წ. "ბენჩმარკ" ქაღალდები), რომლის მთავარი მახასიათებელია მაღალი ლიკვიდობა და წინასწარ პროგნოზირებადობა და რომლის შედეგადაც ბაზრის მონაწილეებს ეცოდინებათ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში სავარაუდო ემისიის კალენდარი და ამასთანავე ამუშავდეს პირველადი დილერების ინსტიტუტი, რაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილე ბანკებს მისცემს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ მეორადი ბაზრის ლიკვიდურობას  ბაზრის ყველა მონაწილისათვის. ცალკე თემაა საფონდო ბაზრის არსებული და პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი მოდელის ტრანსფორმაცია ან ახალი ვარიანტის შექმნა, რადგან საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ მხოლოდ კაპიტალის ბაზრის განვითარება საკმარისი არ იქნება. თუ ბიზნეს სჭირდება ალტერნატიული რესურსირების წყაროები. თავის მხრივ, საფონდო სეგმენტის განვითარება ბანკებსაც მისცემს საშუალებას, განავითარონ საინვესტიციო საბანკო მომსახურება, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს. დღეს ბანკების აქტიურ ოპერაციებში პრაქტიკულად ნულოვანია ფასიანი ქაღალდების პორთფელი დილინგური ოპერაციებისათვის, ხოლო ფინანსური მომსახურების თვალსაზრისით, საინვესტიციო ბანკინგის მექანიზმები პრაქტიკულად არ გამოიყენება.


- თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკრედიტო დაწესებულებების ნაწილი სულაც არ არის აღფრთოვანებული მთავრობის ამ ახალი ინიციატივით...


გიორგი ცუცქირიძე: ეს არც არის გასაკვირი. საკრედიტო დაწესებულებებს, ბუნებრივია, ურჩევნიათ საერთაშორისო ბაზრებიდან მოიზიდონ შედარებით იაფი რესურსები და შემდეგ  გასცენ სესხები იმავე ვალუტაში, ანუ ამით დააზღვიონ სავალუტო რისკი. მაგრამ მაკრო დონეზე, სისტემის მდგრადობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და არა კომერციული ბანკები, რომლებიც, არიან რა კერძო სტრუქტურები, ორიენტირებული არიან მოგების მიღებაზე. აქედან გამომდინარე, ლარში გასაცემი სესხების ზღვრის აწევა და ახლა უკვე იურიდიულ პირებზე გავრცელება გარკვეულწილად დააზღვევს სავალუტო რისკებს არა ცალკეული კომერციული ბანკის, არამედ სისტემური თვალსაზრისით, და ამით ხელს შეუწყობს ლარში ბიზნეს დაკრედიტების ზრდას, განსაკუთრებით მიკრო და მცირე სეგმენტში, ხოლო მაკრო დონეზე შეამცირებს საგარეო მოწყვლადობასაც, შეამცირებს რა საბანკო სექტორის დამოკიდებულებას გარედან მოზიდულ რესურსებზე.


შემთხვევითი არ იყო, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებისას, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენებაში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მაღალ ეკონომიკური ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებასთან ერთად, ხაზი გაესვა ლარიზაციის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც გასულ წელს დაწყებული ლარიზაციის სტრატეგიის შედეგად შემცირებულია საშუალოდ 10%-ით და არა მხოლოდ მთლიან სესხებში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხვედრითი წილის მიხედვით (შემცირდა 65.2% დან 54.5%-მდე), არამედ დეპოზიტების დოლარიზაციაც, რაც 71%–დან 60.8 %-მდეა შემცირებული.


- ექსპერტთა ნაწილი ლარიზაციის პროგრამის ახალ მოთხოვნებში სესხების მოსალოდნელ და მორიგ გაძვირებას ხედავს. პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას სალარე რესურსების მიწოდების კუთხითაც. რამდენად მოსალოდნელია ლარში გაცემული სესხების გაძვირება 200 ათას ლარამდე  სავალდებულო გაცემის მოთხოვნის შედეგად?


გიორგი ცუცქირიძე: საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე არც შარშან გაძვირებულა, როდესაც ლარიზაციის პროგრამა დაიწყო და მით უმეტეს არც წელს გაზრდილა. რაც მთავარია, არც სალარე რესურსების მიწოდების პრობლემა ყოფილა, რაზეც ექსპერტების ნაწილი აპელირებდა. დღეს ეროვნულ ბანკს ნამდვილად აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა სალარე მასით საბანკო სექტორის ლიკვიდობა უზრუნველყოს. მაგალითისათვის, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მიხედვით, საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე არის 16 %, მაშინ როდესაც გასული წლის საშუალო მაჩვენებელი იყო 16.5%, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 19.9%-ს, რაც ასევე ნაკლებია გასული წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით - 21.2%, როდესაც ლარიზაციის პროგრამა დაიწყო. ნიშანდობლივია, რომ 2016 წელს ფიზიკურ პირებზე გაცემულის სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალი იყო და 23.6%-ს შეადგენდა.


აქედან გამომდინარე, 2016 წელთან შედარებით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირდა 3.7%-ით, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს გვქონდა მიზნობრივ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მაღალი ინფლაცია რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს სალარე დეპოზიტების ფასზეც. თავის მხრივ, სალარე დეპოზიტებზე მაღალი პროცენტი აისახება საკრედიტო რესურსების ფასზეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულ ბანკის პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლოს ინფლაციის  მაჩვენებელი, რომელიც დღეს 3.1%-ია, მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%), დაბალი შეიძლება იყოს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, რაც შესაბამისად, სალარე სესხებზეც პოზიტიურად აისახება.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს"
ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება
ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება და პროექტი ოქტომბერში ამოქმედდება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ოპერირება I ფაზის განმავლობაში
თბილისში, შემოსავლების სამსახურთან, სატვირთო ავტომობილის 300 მძღოლი საპროტესტო აქციას აწყობს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 სექტემბრის 17:00 საათისთვის
Urcu Group-ი საქართველოში ახალ საინვესტიციო კამპანიას იწყებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო
„ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის კანაფის ექსპორტზე“
"დოლარიზაციის შემდგომი შემცირება კაპიტალის ბაზრის და მთლიანობაში საფონდო სეგმენტის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული“ - გიორგი ცუცქირიძე
ექსპერტის აზრით, ლარიზაცია საფონდო სეგმენტის განვითარებაზეა დამოკიდებული
ერთი აშშ დოლარის კურსი 14 სექტემბრის საღამოს მონაცემებით
"აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი"–მარკ ონილი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის