„გვეშინია ნაღმების გამო, გვინდა, რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ"– დანაღმული ველი და სადავო ტერიტორიები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

ამერიკული გამოცემა, «Еurasianet»-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ დანაღმულ ველს, ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებელ სასაზღვრო ზონებს და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებს ეხება.

 

თბილისიდან ერთი საათის სავალზე, აზერბაიჯანის საზღვართან, დანაღმული ველი მდებარეობს - ყველაზე დიდი მათ შორის, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. პარადოქსია, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველოს ამ ტერიტორიას, არსებითად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

 

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია HALO Trust, რომელიც მთელ მსოფლიოში არის ცნობილი თავისი წარმატებული მუშაობით განნაღმვის სფეროში, 2005 წლიდან ცდილობს საქართველოს ხელისუფლებიდან ნებართვის მიღებას დანაღმული მინდვრის განსანაღმავად. HALO Trust-მა ამ პროექტისათვის უკვე შეაგროვა სამი მილიონი დოლარი, მაგრამ, როგორც ჩანს, განნაღმვა არც საქართველოს არ აწყობს და არც აზერბაიჯანს. არადა, 1991 წლიდან ნაღმებზე, რომლებიც „წითელი ხიდის“ საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტთან არის ჩაწყობილი, უკვე 13 ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა. ამ რაიონში მცხოვრები 4400 ადამიანისთვის დანაღმული ველი მუდმივი შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს. 

 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ეს ტერიტორია მეზობელ სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე გაგანია ომის დროს დანაღმეს. იმ პერიოდში საქართველოს არაქმედითუნარიანი მთავრობა ჰყავდა, ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიას კი სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ. შესაბამისად, ბაქოში შიშობდნენ, რომ ვაითუ სომხეთმა უმართავი საქართველოდან ახალი ფრონტი გახსნას და აზერბაიჯანზე შეტევისათვის პლაცდარმად გამოიყენოსო. ყარაბაღის ომი ზავით 1994 წელს დასრულდა. აზერბაიჯანმა თავისი მიმდებარე ტერიტორიის განნაღმვა ჯერ კიდევ 2016 წელს დაასრულა, ქართული კი დღემდე დანაღმული რჩება.

 

25 წლის მწყემსმა სარხან მუსაევმა 2013 წელს შემთხვევით ფეხი ნაღმს დააბიჯა და... უფეხოდ დარჩა, მისი მეზობელი კი დაიღუპა. სარხან მუსაევი სოფელ ყაჩაღანში ცხოვრობს, უმძიმეს პირობებში. „წითელმა ჯვარმა“ პროთეზი გაუკეთა, საქართველოს ხელისუფლება კი თვეში 100 ლარს უხდის. „რას ფიქრობენ ბაქოში? ეს ხომ საქართველოს ტერიტორიააა“, - გაბრაზებული ამბობს სარხან მუსაევი.

 

აზერბაიჯანს არა მარტო არ მიაქვს ამ ტერიტორიიდან თავისი ნაღმები, არამედ დრო და დრო დანაღმულ ველს ამოწმებს კიდეც - ყველაფერი წესრიგშია თუ არა: „მაშ, რა ვქნათ? სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება, - ამბობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ჰიქმეთ გაჯიევი, - იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რაიონი სამი სახელმწიფოს საზღვრების პირზე მდებარეობს, ეს საკითხი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განიხილება. საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენი მეზობელი გაგებით ეკიდება სიტუაციას“. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა უწყებას, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

 

დანაღმული ველის ფართობი 2,2 კვ.კილომეტრია. HALO Trustის შეფასებით, მისი განნაღმვას სამი წელი დაჭირდება და ამ მიზნით დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 

 

„გვეშინია ამ ნაღმების გამო. გვინდა, რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ და მშვიდად ითამაშონ“, - ამბობს ყაჩაღანის სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი. მისი თქმით, 2016 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საზღვრიდან 800 მეტრის მოშორებით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები იპოვეს. მშობლები შიშობენ - ვაითუ ბავშვებს რაიმე მოუვიდეთო. 2018 წლის იანვარში, მინდორზე მომხდარი ხანძრის გამო 28 ნაღმი აფეთქდა. არავინ დაშავებულა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა - ეთნიკური აზერბაიჯანელები მომხდარში თავიანთ მტერს - სომხეთს ადანაშაულებენ: „ცეცხლი სომხეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა, - ამბობს სკოლის მასწავლებელი აიდინ ნამაზოვი, - დარწმუნებული ვარ, რომ სომხებმა ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს“. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ დანაღმულმა მინდორმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა: „ეს ნაღმები არავის არ იცავს. თუ ჩვენს დასაცავად ჩააწყეს, მაშინ რა აზრი აქვს, როცა ჩვენი ნაღმები ჩვენივე ხალხს ხოცავს?“.

 

ადგილობრივი ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. ყაჩაღანის გამგებელს აჰმედჯან ალიევს ნახევრად დანგრეული კაბინეტი აქვს, ცუდი განათებითა და წვიმისაგან ჩაშავებული ჭერით: „ხალხი არამარტო აზერბაიჯანს აკრიტიკებს იმისთვის, რომ ნაღმებს არ იღებს, არამედ საქართველოსაც, რომ თბილისი მათ აღებას ბაქოს არ თხოვს. აბა, ასეთ სიტუაციაში რა უნდა ვქნა? მხოლოდ ის, რომ მოსახლეობა რეგულარულად გავაფრთხილო, დანაღმულ მინდორზე სიარულს მოერიდონ“. სამწუხაროდ, აქაურ მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანიც პირუტყვიც ეღუპება ნაღმებისაგან.

 

აზერბაიჯანი ამ საკითხში გარედან ჩარევას ვერ ითმენს და განნაღმვის წინადადებებს მტრულად ეკიდება. 2015 წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ HALO Trust-ს დანაღმული მინდვრის შემოწმების ნება მისცა, იქ იმ წუთშივე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შემოწმების შეწყვეტა მოსთხოვეს - მიუხედავად იმისა, HALO Trustის ჯგუფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებიც თან ახლდნენ.

 

HALO Trust-ის წარმომადგენლების თქმით, როცა ისინი დანაღმულ ველს საზღვრიდან 50 მეტრზე მიუახლოვდნენ, აზერბაიჯანელებმა იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს: აამუშავეს ტანკები და მძიმე არტილერია პოზიციებზე დააყენეს. ამ ინციდენტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო ზონაში ყველანაირი სამუშაოები შეაჩერა. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ფაქტები ყალბია და ისინი სინამდვილეს არ შეესაბამებიან“.

 

HALO Trust-ის ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭითანავა ამბობს, რომ თუ 2018 წლის ბოლომდე დანაღმული ველის განნაღმვის თაობაზე ნებართვა არ იქნება მიღებული, მაშინ ორგანიზაცია იძულებული გახდება საქართველოდან წავიდეს. და თუ ეს მოხდება, სამომავლოდ ტერიტორიის განნაღმვა უფრო ძვირი დაჯდება.

 

აზერბაიჯანის უარი გაუგებარია. ზოგი ამბობს, რომ ბაქო უკმაყოფილოა HALO Trust-ის მუშაობით მთიან ყარაბაღში, სომხეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ხმები დადის, რომ საქართველოც განაწყენებულია იმით, რომ ორგანიზაციამ თბილისს თავის სპონსორებთან უჩივლა - ქართველები მხარს არ გვიჭერენ განნაღმვის საკითხშიო.

 

საერთოდ, საქართველო ნამდვილად შეიძლება იყოს დაინტერესებული დანაღმული მინდვრის შენარჩუნებით: „ნაღმები საზღვრის დაცვას მნიშვნელოვნად აიოლებენ“, - უთხრა EurasiaNet-ის კორესპონდენტს ქართულ სასაზღვრო პოლიციასთან დაახლოებულმა წყარომ.

 

საქართველოსა და მის მოკავშირე აზერბაიჯანს შორის კიდევ ერთი პრობლემური სადაო ტერიტორია არსებობს - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. 1996 წელს ორი მეზობელი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმდა, მათ შორის მონასტრის რაიონშიც. 2007 წლისათვის დელიმიტირებული იქნა საზღვრის 70%, მაგრამ იმ დროიდან პროცესი თითქმის შეჩერდა. აზერბაიჯანი მონასტრის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიად მიიჩნევს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 25 კვ.კილომეტრს შეადგენს. ამ ადგილის ირგვლივ დაძაბულობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე: 2012 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველ მღვდლებს და ტურისტებს მოძრაობა აუკრძალეს. ასეთმა მოქმედებამ თბილისსა და ბაქოსს შორის დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ეს ინციდენტი ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ქართველ მღვდლებს მონასტრის კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილების ნება მიეცემოდათ.

 

ქართული საზოგადოება შეფიქრიანებულია იმითაც, რომ აზერბაიჯანი ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს - მაგალითად, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, 2017 წელს.

 

უნდა ითქვას, რომ საქართველო ენერგორესურსებით უზრუნველყოფის საქმეში თითქმის მთლიანად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება ძლიერდება: თბილისი ბაქოსაგან მოხმარებული ბუნებრივი გაზის 90%-ს იღებს. საქართველოს მთავრობის ზოგიერთი კრიტიკოსი თავის ქვეყანას „სოკართველოს“ უწოდებს, აზერბაიჯანის ნავთობგაზის კომპანია „სოკარის“ აბრევიატურის მიხედვით.

 





მსგავსი სიახლეები
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ოცნების” შავ საქმეებს აგვარებს
„გვეშინია ნაღმების გამო, გვინდა, რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ"– დანაღმული ველი და სადავო ტერიტორიები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
სახნავი მიწის 12-15% უცხოელების ხელში გადავიდა - რეზონანსი
სარფის სასაზღვრო პუნქტიდან თურქულმა მხარემ 8 თვეში 65 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
პატრიარქმა ფილარეტმა ილია მეორეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისაკენ მოუწოდა
"იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ" - რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?
თედო ჯაფარიძის პასუხი ედვარდ ლუისს
ისრაელისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობამ შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს
აფხაზეთი ლტოლვილებს გულთბილად იღებს და მათ ქართველების ყოფილ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობს
სად იკარგება ხშირ-ხშირად ეკონომიკის მინისტრი? - გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ
რა იზიდავთ რუს ინვესტორებს საქართველოში
რუსეთში, საახალწლო ვიზიტისთვის დაჯავშნულ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა
"ყველაზე არაპროგნოზირებადი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში"-«КоммерсантЪ»
შვედეთში ათასობით ადამიანი სხეულში მიკროჩიპებს ისვამს - საშიშია თუ არა იგი ორგანიზმისთვის?