ანტალიაში Growtech Eurasia სასათბურე მეურნეობის გამოფენა გაიმართა

თურქეთი სასათბურე მეურნეობის წარმოების მასშტაბით მეორე ადგილზეა ევროპაში, ესპანეთის შემდეგ. თურქეთის მთლიანი ტერიტორია 78 მილიონი ჰექტარია. აქედან 61.000 ჰექტარი სასათბურე მეურნეობას უჭირავს, რაც ქვეყანაში როგორც მეწარმეთათვის ასევე სასათბურე სამეურნეო საშუალებების და ტექნოლოგიების მიმწოდებელთათვის მდგრადი ბაზრის არსებობასა და განვითარების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

 

სასათბურე მეურნეობის გამოფენა Growtech Eurasia ანტალიის პროვინციაში წელს მეთვრამეტედ გაიმართა. როგორც გამოფენის ბრენდის დირექტორმა, ენგინ ერმა პრესასთან შეხვედრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ გამოფენა, მნახველთა და მონაწილეთა მაღალი მაჩვენებლით ყოველთვის გამოირჩეოდა, წელს ელექტრონულად დარეგისტრირებული ქვეყნების რაოდენობამ 160-ს მიაღწია. „თუ გავითვალისწინებით იმას რომ მსოფლიოში სულ 193 ქვეყანაა, შეიძლება ითქვას, რომ წელს Growtech-მა გასულ წლებთან შედარებით, რეკორდი მოხსნა“ - აღნიშნა ენგინ ერმა.

 

გამოფენა 50.000 კვ.მ-ზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი, სადაც მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 800-მდე კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა 5 ძირითად პავილიონად იყო დაყოფილი. სათესლე მეურნეობის, სასათბურე და საირიგაციო ტექნოლოგიების, ნათესების საკვება და მოვლის საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობასთან დაკავშირებული ტექნიკის მწარმოებლები და კომპანიები აღნიშნულ პავილიონებში, კატეგორიების მიხედვით ჰქონდათ წარმოდგენილი თავიანთი პროდუქტები და შეთავაზებები.

 

სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, გამოფენის დამთვალიერებლებს, ღიმილით ეპატიჟებოდნენ თავიანთ ბრენდირებულ სტენდებში და თურქული ჩაისა და ტკბილეულის ფონზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პოტენციურ კლიენტებთან. გამოფენის მონაწილეებს შორის თავიანთი ქვეყნის პავილიონები ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, ჰოლანდიამ, ესპანეთმა და უნგრეთმა წარმოადგინეს. თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წლების მანძილზე სისტემატიურად მონაწილეობდნენ გამოფენაში. 

 

 

დომენიკო მუგავერო, ოჯახური ბიზნესის მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც იტალიაში, სასუქებისა და მცენარეთა მოვლის ბიოლოგიურად სუფთა საშუალებებს აწარმოებს. ეს კომპანია უკვე ათი წელია რაც აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობს. „გამოფენა საშუალებას გვაძლევს შუა აღმოსავლეთის 44 ქვეყანაში ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ახალი კლიენტები მოვიზიდოთ და ბიზნეს ურთიერთობები განვავითაროთ“ - აღნიშნა მუგავერომ.

 

თესლის მწარმოებელი კომპანია Lark Seeds ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ კალიფორნიიდან, გამოფენაში უკვე წლებია მონაწილეობს. კომპანია პომიდვრისა და წიწაკის თესლის ექსკლუზიური შემომტანია უკრაინაში, საბერძნეთში, ირანსა და ერაყში. მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს თურქ მწარმოებლებთან. კავშირების დამყარებაში ძალიან ეხმარება აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა.

 

გარდა საერთაშორისო კომპანიებისა, გამოფენაში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრო სფეროში მომუშავე ადგილობრივი კომპანიები. კომპანია Hektas უკვე 62 წელია, რაც ბაზარზე სასუქებით, ორგანული პესტიციდებითა და ხარისხიანი მომსახურებით არის წარმოდგენილი. სულ მალე ფერმერებს ახალ მომსახურებას შესთავაზებს, რასაც „Smart agriculture” ქვია. დრონის საფრენი აპარატის სპეციალური სპექტრალური მოწყობილობით, შესაძლებელია მიწის ნაკვეთის სკანირება და დაავადების ადგილზე იდენტიფიცირება. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი ფერმერებს კონკრეტული დაავადების უფრო მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მკურნალობის საშუალება ეძლევათ.

 

გამოფენაზე მონაწილეთა შორის ბიო გაზის სასუქის მწარმოებელი, ევროპის მასშტაბით ერთერთი დიდი კომპანია იყო წარმოდგენილი. თურქული კომპანია Seleda Gubre ადგილობრივი ფერმებიდან მცენარის ნარჩენსა და საქონლის ნაკელს იბარებს და დღეში 1 000 ტონა მასას გადაამუშავებს. კომპანია მომავალ წელს, წლიურად 140.000 ტონა ნარჩენის გადამუშავებას გეგმავს. წარმოების მოცულობის ზრდის შედეგად კი კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი, 50 დან 150 ათასამდე მოიმატებს.

 

 

თურქული კომპანია Rijkzwaan 1924 წლიდან სათესლე სამეურნეო საქმიანობას ეწევა ქვეყანაში. კომპანიის აგრონომები ძირითადად ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობენ და პროდუქციას მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში ჰყიდიან. გამოყვანილი ჯიშის თესლს კომპანია დილერებზე, ფერმერთა კოოპერატივებსა და სანერგე მეურნეობებზე ყიდის.

 

გამოფენის ფარგლებში, ანტალიაში, ბოსტნეულის, კერძოდ პომიდვრის თესლის ერთ - ერთ სათბურს ვესტუმრეთ. ზოგადად აღსანიშნავია, თურქეთში პომიდვრის წარმოება, რომლის მასშტაბით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყანა წელიწადში 13 მილიონ ტონა პომიდორს აწარმოებს. თუმცა წარმოების პროცესის არასრულყოფილი დაგეგმვის გამო, წარმოებული პროდუქტის თითქმის ერთი მეოთხედი მოსავლის აღებამდე ფუჭდება.  კომპანიას Yuksel სასათბურე მეურნეობა 4 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშლილი. აქედან 1/5 ჰექტარზე პომიდვრის თესლი მოჰყავს, რომელიც ჰექტარზე 300 ტონა მოსავალს იძლევა წელიწადში. პომიდვრის თესლის მოსაყვანად, სასათბურე კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიას, ე.წ.“უნიადაგო ტექნოლოგიას“ ანუ ქოქოსის ტორფს იყენებს. ქოქოსის ტორფი შრი-ლანკადან, სპეციალური შეკვეთით და ადგილზე შემოწმებული ჩამოდის მეწარმემდე. კომპანიის აგრონომის მუთლუ აკინჯის თქმით, ტორფს, ჩვეულებრივი მიწისგან განსხვავებით, ნაკლები დაავადება ახასიათებს და უფრო ნაყოფიერია.

 

 

აღნიშნულ სათბურში სხვადასხვა ჯიშის პომიდორი გამოჰყავთ. „ვარდების სოფელი“, „ვარდისფერი ვარდი“ - ეს გამოყვანილი პომიდვრის ახალი ჯიშებია, რომელიც ექსპორტზე 75 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იყიდება.

 

სათბურს თვეში ერთხელ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური სამსახური ამოწმებს სასუქებზე, წყალზე. იმ შემთხვევაში, თუ სათბურში თესლის მოვლის პირობები დარღვეულია და არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, აღნიშნულ პარტიას ენიჭება კოდი და სერიული ნომერი, რომლის მიხედვითაც მეწარმეს ბაზარზე გატანა ეკრძალება.

 

სასათბურე კომპანია ერთ- ერთია მსოფლიოში იმ კომპანიებს შორის ვისაც საერთაშორისოორგანიზაცია GSPP-სგან წარმოების სერტიფიკატი  აქვს მიღებული, რაც საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანის უფლებას ანიჭებს.

 

 

სასათბურე მეურნეობის, აგრო ტექნოლოგიებისა და მეცხოველეობის დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკის გამოფენა Growtech Eurasia მასშტაბით, მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს, ყოველწლიურად ნოემბრის ბოლო კვირაში, ერთმანეთს ახვედრებს. გამოფენამ წელს 85.000 მნახველს უმასპინძლა, რომელთა რიცხვიც გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი.

 

 

წელს გამოფენას, თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიის მხარდაჭერით, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გილდიის თავმჯდომარემ, ისმაილ იუგურალმა, გილდიის წევრ ჟურნალისტებთან და სფეროს აქტორებთან ერთად, ქვეყანაში აგრო სფეროში არაზუსტი ინფორმაციის საზოგადოებაზე გავლენის შესახებ და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა. 

 

ნესტან მერმანიშვილი საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
„ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების - უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან“
დღეს კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის"
17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ივნისის 17:00 საათისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13 ივნისის საღამოს მონაცემებით
მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება
"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია"- ნათია თურნავა
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა