რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა არ გამორიცხავს, რომ კომპანია ,,ინტერტრანსს“ იმ ლოტებზე, სადაც მგზავრობის საფასური გაზარდეს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის კონტრაქტი შეუწყდეს. ,,ინტერტრანსი“ თბილისი-რუსთავის მარშრუტზე 11 მიმართულებით უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას. 29 დეკემბერს მგზავრობის საფასური, რომელიც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული, 1,50-დან 2 ლარამდე გაზარდეს.
,,ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომპანია ,,ინტერტრანსისა“ და იმ თეთმეტივე მარშრუტის მძღოლებთან, რომლებიც თბილისი-რუსთავის მიმართულებით უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანას. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ არსებობს საკრებულოს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია ტარიფი, რომელიც იმოქმედებს ხარჯების საბოლოო დათვლამდე თუ რა ჯდება მგზავრთა გადაყვანა და რა ფასნამატით შეუძლია კომპანიას მგზავრთა გადაყვანა, ანუ ჩვენ ეს დიალოგი გვქონდა. შემდგომ ამისა, ყოველგვარი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით ტარიფი გაიზარდა. შესაბამისად იმისა, რომ ეს ტარიფი - 2 ლარი, არის არარეალური და არ შეესაბამება არც საკონკურსო პირობებს და არც იმ ვალდებულებებს, რაც ,,ინტერტრანსს“ აქვს საკონკურსო პირობებით აღებული, მოხდა რეაგირება. მონიტორინგის შედეგად განხორციელდა სანქციები იმ ლოტებზე, რომელზეც მოხდა ფასის გაზრდა. სამართებრივი ფორმით ჩვენ მივალთ ალბათ იქამდე, რომ დადგება დღის წესრიგში საკითხი, იმ ლოტებზე, სადაც არ იქნება საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები ნაკისრი, მოგვიწევს ხელშეკრულების შეწყვეტა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ცოტა ხნის წინ მძღოლებმა აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ გაზრდილი ტარიფის შემცირებას არ აპირებენ და თუ თვითმმართველობა თვლის, რომ ისინი კანონს არღვევენ, სასამართლოში შეუძლიათ უჩივლონ. გაზრდილი ტარიფის შემცირების მოთხოვნით რუსთავში მგზავრები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.