სკანდალში გახვეული ლადო გურგენიძე, 10 ათას დოლარად ნაყიდი ლიბერთი ბანკის, ანუ ფულის გათეთრების ისტორია და პატარკაციშვილის ბანკისთვის წართმეული 15 მილიონი

 



საქართველოს საბანკო სფეროს რომ დიდი რეფორმა ჭირდება, ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება. ამჯერად გთავაზობთ „ლიბერთი“ ბანკის შექმნის  ისტორიას და საეჭვო პერიპეტიებს.  ეს წერილი „პრაიმტაიმმა“ ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, პრობლემები და კითხვის ნიშნები ბევრი კომერციული ბანკის თანამდევია:

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ლადო გურგენიძე საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. „პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა საგამოძიებო მასალები, რომლებიც ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემას ააშკარავებს. ამ ბრალდებით რუმინეთში ლადო გურგენიძის ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმის მასალებში ფიგურირებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმ პერიოდში უკვე „სახალხო ბანკის“ ძირითადი მფლობელი გახლდათ. სანამ ფინანსური მაქინაციის დეტალებს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ „სახალხო ბანკში“ ლადო გურგენიძის მისვლას, უფრო ზუსტად კი ყოფილი მფლობელებისთვის წილების დათმობის კანონიერებას ამჟამად საქართველოს პროკურატურაც სწავლობს. 2015 წლის 17 თებერვლის  დადგენილებით, „სახალხო ბანკის“ (ახლანდელი „ლიბერთი ბანკი“) ყოფილი აქციონერები დაზარალებულად ცნეს. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ბანკის აქციების გასხვისება მოხდა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით, რის შედეგადაც აქციონერებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.


„2008 წლის 28 დეკემბერს შედგა სს „სახალხო ბანკის“ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბანკის აქციონერებმა, ჯამში, 10 ათას აშშ დოლარად საკუთარი წილები მიჰყიდეს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ შპს „ევროოილს“, კერძოდ: ირინა ჯინჭარაძემ აქციათა – 24,88%, ელენე კოვალენკომ – 20,18%, გიორგი გოგუაძემ – 9,6%, თამარ მარშანიამ – 5,912%, გაიოზ მარშანიამ – 1,27%, ანნა აგურეევამ – 7,21% და კომპანია „სტარკოუდ რესოურსიმ“ – 20,18%“, – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში.


აქციონერები ამტკიცებენ, რომ მათ წილების დათმობა ვანო მერაბიშვილის გარემოცვის სასარგებლოდ აიძულეს „სახალხო ბანკის“ ხელში ჩაგდების მიზნით. ვინ იდგა რეალურად ოფშორში რეგისტრირებული „ევროოილის“ უკან? ამის გარკვევით ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო არ დაინტერესებულა, მაშინ, როდესაც კანონმდებლობით სწორედ მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა, როგორც ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, ისე ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ის, რაც ამ უწყებამ არ გააკეთა, თავად აქციონერებმა მოახერხეს. გაირკვა, რომ შპს „ევროოილი“ 2007 წელს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა დააფუძნეს. მისი საწესდებო კაპიტალი, სულ რაღაც, 1000 ფუნტს შეადგენდა, საქმიანობის სფეროდ კი სუპერმარკეტების მართვა ჰქონდა მითითებული.


საინტერესოა მოვლენათა ქრონოლოგია, რომელიც ზედმიწევნით ასახავს, როგორ იქმნებოდა ფიქციური კომპანიები ფინანსური დანაშაულის შესანიღბად. მაშ ასე, მივყვეთ ამ ქრონოლოგიას:

ოფშორში რეგისტრირებული და ვანო მერაბიშვილის სახელთან დაკავშირებული „ევროოილის“ მიერ, „სახალხო ბანკის“ აქციების სიმბოლურ ფასად შესყიდვამდე ორი თვით ადრე ლადო გურგენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.

10 ათას დოლარად ნაყიდი ბანკის აქციები „ევროოილმა“ 2009 წლის 10 სექტემბერს 15 მილიონ აშშ დოლარად შპს „ლიბერთი კაპიტალს“ მიჰყიდა, რომლის დირექტორიც ლადო გურგენიძე გახლდათ. თავად „ლიბერთი კაპიტალი“ ნასყიდობის ხელშეკრულებამდე ერთი კვირით ადრე, 2009 წლის 2 სექტემბერს „Liberty Investment Holding B.V.“-მა დააფუძნა. „Liberty Investment Holding B.V.“ კი ასევე რამდენიმე დღით ადრე, 2009 წლის 21 აგვისტოს დაფუძნდა. მისი დამფუძნებელი ნიდერლანდებში 2008 წელს რეგისტრირებული „Arch Industries Holding B.V.“-ია. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი კომპანია შვეიცარიული „DP Holding S.A“-ს მიერ არის დაფუძნებული.


ყველა ზემოაღნიშნული კომპანიის და შესაბამისად, „სახალხო ბანკის“ ახალი მფლობელის – „ლიბერთი კაპიტალის“ ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენდა ლადო გურგენიძის ბიზნესპარტნიორი, რუმინელი ბიზნესმენი დან კოსტაჩე პატრიციუ, რომელიც დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია, თუმცა გარდაცვალებამდე რუმინეთში მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. აღსანიშნავია, რომ თავად ლადო გურგენიძე 2009-2012 წლებში გახლდათ ერთ-ერთი დირექტორი დან კოსტაჩე პატრიციუს მფლობელობაში არსებული „Liberty Investment Holding B.V.“-სა და „Arch Industries Holding B.V.“-ის.


ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინფორმაციით, დან კოსტაჩე პატრიციუმ 2011-2013 წლებში „Liberty Investment Holding B.V.“-ის მეშვეობით განახორციელა ფულის გათეთრების ოპერაციები რუმინული კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხვის გზით. როგორც უკვე გითხარით, რუმინეთის სააპელაციო სასამართლომ, 2014 წელს დან კოსტაჩე (დინუ) პატრიციუს მონაწილეობით ფულის გათეთრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. (განაჩენის დადგომის მომენტში პატრიციუ გარდაცვლილი იყო).


ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 2  მაისს ლადო გურგენიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირწმუნება, რომ „Liberty Investment Holding B.V.“ შეიქმნა განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით, თუმცა „სახალხო ბანკის“ გარდა სხვა ინვესტიცია არ განხორციელებულა. და იყო კი „სახალხო ბანკის“ შესაძენად“ გადახდილი 15 მილიონი რეალურად „Liberty Investment Holding B.V.“-ის, ან მისი შვილობილი „ლიბერთი კაპიტალის“ კუთვნილი თანხა? ირკვევა, რომ საქმე გვაქვს არა „სახალხო ბანკში“ ინვესტიციის განხორციელებასთან, არამედ 15 მილიონი დოლარის შესაძლო გათეთრებასთან. და აი, რატომ:


საქმის მასალებით დასტურდება, რომ არც „Liberty Investment Holding B.V.“-სა და არც მის დამფუძნებელს „Arch Industries Holding B.V.“-ს თანამშრომლები არ ჰყავს, ანუ რეალურად ის მხოლოდ ფურცლებზე არსებობს. საიდან გაჩნდა 15 მილიონი დოლარი „სახალხო ბანკის“ შესაძენად? საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ „სახალხო ბანკის“ შესაძენად საქართველოში 15 მილიონის გადმორიცხვამდე „კორ სტანდარტ ბანკიდან“ სამი მსხვილი ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა. კერძოდ, აღნიშნული ბანკიდან „DEUTSCHE BANK TRUST COMPANY“-ში 2009 წლის 5 აგვისტოს – 5 183 661აშშ დოლარი და 4 667 128 აშშ დოლარი, ხოლო 12 აგვისტოს 5 093 003 აშშ დოლარი გადაირიცხა. გადარიცხვის საფუძვლად მითითებულია სესხის ხელშეკრულების დაფარვა. ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ „Liberty Investment Holding B.V.“-ის დაფუძნებამდე (2009 წლის 21 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამ ეტაპად განხორციელდა, ჯამში, დაახლოებით 15 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვა საქართველოდან, კერძოდ კი, სს „კორ სტანდარტ ბანკიდან“ „DEUTSCHE BANK TRUST COMPANY“-ში, რომლის მეშვეობითაც იმავე წლის 19 სექტემბერს „Liberty Investment Holding B.V.“-ის მიერ შპს „ლიბერთი კაპიტალის“ ანგარიშზე საქართველოში გადმოირიცხა იმავე ოდენობის თანხა – 15 000 000 აშშ დოლარი „სახალხო ბანკის“ აქციების შესყიდვის მიზნით.


აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დასაბუთებულია ვარაუდი, რომ „სახალხო ბანკის“ აქციების გამოსასყიდი თანხა შპს „ლიბერთი კაპიტალის“ დამფუძნებლებმა საქართველოდან მიიღეს და თვალთმაქცური ტრანზაქციები რეალურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ემსახურებოდა. „ტერა ბანკში“, რომელიც „კორ სტანდარტ ბანკის“ სამართალმემკვიდრე გახლავთ და თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს წაართვეს, ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2009 წელს საზღვარგარეთ DEUTSCHE BANK TRUST COMPANY“-ში გადარიცხული თანხები ნამდვილად სესხის დაფარვას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციის საფუძვლად სწორედ სესხის ხელშეკრულების დაფარვა იყო მითითებული.


ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ „Liberty Investment Holding B.V.“ რეალურად დაკავებული იყო ფულის გათეთრებით, რაც გამოიხატა რუმინული კომპანიებისთვის ფულადი თანხების გადარიცხვით და სწორედ ამ პერიოდში მისი ერთ-ერთი დირექტორი იყო ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც პარალელურად წარმოადგენდა „,ლიბერთი კაპიტალს“. ჩვენი ინფორმაციით, ლადო გურგენიძემ გამოძიებას ვერ წარუდგინა ზუსტი ინფორმაცია, რა წყაროდან მიიღო „Liberty Investment Holding B.V.“-მ „ლიბერთი კაპიტალისთვის“ გადარიცხული ფულადი თანხა და წყარო იყო თუ არა ნამდვილად მისი დამფუძნებელი „Arch Industries Holding B.V.“


„აშკარაა, რომ „Liberty Investment Holding B.V.“ დაფუძნდა უშუალოდ „ლიბერთი კაპიტალის“ დასაფუძნებლად და „სახალხო ბანკის“ აქციების შესაძენად ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე. მის დაფუძნებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი, რეალურ მიზანს კი აქციებში გადახდილი თანხის წარმომავლობის დაფარვა წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „,ლიბერთი კაპიტალს“ უშუალოდ დააფუძნებდა „Arch Industries Holding B.V.“, რომელიც იმავე ჰოლდინგური საქმიანობით არის დაკავებული, თანამშრომლები არ ჰყავს, ხოლო დირექტორატი იგივეა. ყოველივე აღნიშნული ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ „Liberty Investment Holding B.V.“-ის საქმიანობას წარმოადგენს ფულის გათეთრება. ის დაფუძნდა ფულადი თანხების წარმომავლობის დაფარვის მიზნით და „სახალხო ბანკის“ აქციების შესაძენად გადახდილი 15 000 000 აშშ დოლარის რეალური წყარო არის საქართველო“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი, რომელიც „სახალხო ბანკის“ ყოფილი აქციონერის ირინა ჯინჭარაძის ინტერესებს წარმოადგენს. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ჯინჭარაძეს, სხვებთან ერთად, 2008 წლის დეკემბერში კუთვნილი აქციების დათმობა შპს „ევროოილის“ სასარგებლოდ აიძულეს. რამდენიმე თვეში კი „ევროოილმა“ ბანკი ლადო გურგენიძის „ლიბერთი კაპიტალს“ გადასცა.


თავად „ევროოილი“ 2007 წელს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიებმა დააფუძნეს. წილის 50%-ს ფლობდა „ბეითონ თრეიდ ლიმიტედი“ (რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბელიზში), 50%-ს კი – „ჰემილდეკ კორპორეიშენი“ (რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, კერძოდ, პანამაში). კომპანიის ლიკვიდაცია 2011 წელს ისე განხორციელდა, რომ მისი რეალური მფლობელების ვინაობა ბევრისთვის საიდუმლოდ დარჩა. არადა, სულ რაღაც ოთხწლიანი საქმიანობის პერიოდში „ევროოილის“ ანგარიშებზე მილიონობით შავმა ფულმა გაიარა.  კომპანიის სახელი დღემდე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გარემოცვასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ცნობილია, რომ „ევროოილს“ ვანო მერაბიშვილის მეგობრის, ლუხუმ კაპანაძის კუთვნილმა „ნიუ ენერჯიმ“ ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე მილიონობით თანხა გადაურიცხა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ნიუ ენერჯი“ გაკოტრების რეჟიმში გადავიდა. წინა ხელისუფლების დროს კი ეს კომპანია მსხვილ სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობდა. ყველაზე მსხვილი დაკვეთა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. იმ დროს დევნილთა სახლების მშენებლობას შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ხელმძღვანელობდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სახლების მშენებლობისთვის გამოყოფილი 135 მილიონი ლარიდან 95 მილიონი „ნიუ ენერჯის“ გადაერიცხა. სხვა კომპანიებს ერთი სახლის აშენებაში – 26 000 ლარი, „ნიუ ენერჯის“ კი ყველაზე მეტი – 28 200 ლარი გადაეცა.


დავუბრუნდეთ კვლავ ლადო გურგენიძეს... მას შემდეგ, რაც  კანონიერი მესაკუთრეების მიერ სასამართლოში აქციების დაბრუნების მოთხოვნით პირველი დავა დაიწყო და აქციები დაყადაღდა, მოპასუხე მხარემ „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიამ“ (ყოფილი „ლიბერთი კაპიტალი“) სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ ყადაღის გამო ბანკი აშშ-ის სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოსთან, OPIC-თან შეთანხმებულ 7-მილიონიან სესხს ვეღარ მიიღებდა. მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იყო ელექტრონული მიმოწერა ბანკსა და ვინმე რობერტ მონიაკს შორის. მოსარჩელეებმა, საკითხის გარკვევის მიზნით, OPIC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნეს წერილი, რის საპასუხოდაც ეცნობათ: ბატონი მონიაკი მუშაობს World Business Capital-ში და არა OPIC-ში. შესაბამისად, აღნიშნული პიროვნება რეალურად აშშ-ის სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს არ წარმოადგენს. 


და რა ხდება ამ ეტაპზე? ამჟამად ბანკის საკონტროლო პაკეტს კერძოდ, 74.64%-ს ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია „European Financial Group B.V.“ ფლობს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე). ბანკში ლადო გურგენიძის პერსონასთან დაკავშირებულ წილებს კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა ადევს. აქციების კანონიერი მფლობელები გურგენიძესთან სამოქალაქო დავას აგრძელებენ, თუმცა მათი მოსაზრებით რამდენიმე დღის წინ სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, 2018 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლე ლევან მიქაბერიძის სახელზე სააქციო საზოგადოება „ფასიანი  ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ განცხადება შევიდა.


„განცხადება პირდაპირ კარნახობს სასამართლოს, რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან, შესაბამისი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში. აღნიშნული წერილი ვერ პასუხობს კეთილსინდისიერების ვერანაირ სტანდარტს. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ განჩინება დაუსაბუთებლად ზღუდავს ან შეზღუდავს მის უფლებებს, შეუძლია შესაბამის ეტაპზე, შესაბამისი სამართლებრივი საშუალებით მიმართოს სასამართლოს და ჩაერთოს  დავაში და არ ეცადოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებასა და დამოუკიდებლობის  შელახვას. ამიტომ საინტერესოა, თუ საკითხს სიღრმე მიეცემა, ვინ აღმოჩნდება სინამდვილეში ამ წერილის მიღმა დაინტერესებულ პირად“, – აცხადებენ მოსარჩელეები.


„პრაიმტაიმი“, ცხადია, დაინტერესდა, ვინ დგას ერთი შეხედვით ამ ნეიტრალური ორგანიზაციის უკან. საჯარო რეესტრის ამონაწერით სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ დაარსდა 1999 წლის 11 ნოემბერს. წესდების მიხედვით, კომპანია ემსახურება ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს – ბირჟებს, საბროკერო კომპანიებს, ბანკებსა და ინვესტორთა ფართო წრეს. 2014 წელს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი ფარესაშვილი დაინიშნა. და ვინ არის გიორგი ფარესაშვილი? 2012 წლის სექტემბრამდე ის „ლიბერთი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ, სადაც ხელმძღვანელობდა დაგროვილი ქონებისა და აქტივების მართვის სამსახურს, ასევე კურირებას უწევდა პირად ბანკირებს და საბროკერო კომპანია „ლიბერთი სიქურითიზს“. ფარესაშვილი „ლიბერთი ბანკში“ 2011 წლის თებერვალში, ლადო გურგენიძის მმართველობის პერიოდში  „ბანკი რესპუბლიკიდან“ გადავიდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, წარსულში ის გურგენიძის მარჯვენა ხელი გახლდათ და შესაბამისად, მისი, როგორც მიუკერძოებელი მხარის, პოზიცია, სასამართლოსთვის ნაკლებდამაჯერებელი უნდა იყოს.  


აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 18 იანვრის მდგომარეობით (ანუ მას შემდეგ, რაც უკვე გურგენიძის ხელშია ბანკი) შპს „ლიბერთი სიქიურითიზის“  100%-ის წილის მესაკუთრე არის   საქართველოს სახალხო ბანკი, ხოლო 2012 წლის 27  თებერვლის  მდგომარეობით შპს „ლიბერთი სიქიურითიზის“  80%-ის წილის მესაკუთრე ხდება შპს „ლიბერთი კაპიტალი“ (დირექტორი ვლადიმერ გურგენიძე). „პრაიმტაიმმა“ სცადა, პირადად გიორგი ფარესაშვილთან გაერკვია, რის საფუძველზე მიმართა სასამართლოს საკუთარი პოზიციით და აქვს თუ არა მართლაც ადგილი ირიბ ზეწოლას? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. გიორგი ფარესაშვილმა მოუცლელობის მიზეზით ჩვენთან საუბარი არ ისურვა. სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა თავად ლადო გურგენიძემაც.

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები, კობი-გუდაურის მაგისტრალის თაობაზე, დემაგოგიის ელფერს ატარებს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში"
რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მთავრობას სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად
"ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში" - გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 აგვისტოს17:00 საათისთვის
"გადასახადების დაგროვების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს" -ფინანსთა მინისტრი
"იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში, ჩვენ კი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ" - ნათია თურნავა
"ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე" - მამუკა ბახტაძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით" - გიორგი ცუცქირიძე
"ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის"- ფინანსთა მინისტრი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 აგვისტოს 17:00 საათისთვის
ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა
"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის კორუფციულ გარიგებას ასახელებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 აგვისტოს 17:00 საათისთვის
„თუ ანაკლიის კონსორციუმმა ვალდებულებების ნაწილი 15 ოქტომბრამდე ვერ შეასრულა, ხელისუფლება იძულებული იქნება, ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოაცხადოს“