გელა კურტანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ეს რა ჭირი თუ გრიპი გვჭირს, ვინ დაგვწყევლა ასე, რომ ვერაფრით ვეღირსეთ მთავრობას, რომელიც აცრას ჩვენ მაგივრად გაიკეთებს, თუ რამე "ტამიფლუსაც" თავადვე დალევს და საერთოდ, გრიპს ჩვენ მაგივრად მოიხდის...
სად გვცალია ჩვენ გრიპთან საბრძოლველად, ექიმებში სასიარულოდ, ან უფასო "ტამიფლუს" აფთიაქიდან მოსატანად?!
"ქენდი ქრეშს" ვინ ითამაშებს მერე?!
სხვისგან მოპარულ ბრძნულ აზრებს ვინ გადმოაფრქვევს ფეისბუქში?!
სხვის თავსგადახდენილ ისტორიებს ვინ მოყვება, ვითომ საკუთარს და მერე მის განხილვას ვინ მოაწყობს?!
სხვის გადაღებულ ლამაზ ფოტოებს ვინ გააზიარებს?!
ქვეყნის ასაშენებლად საჭირო მითითებებს ვინ გასცემს?!
ვინ დაიწყევლება და ვინ ილოცებს(მონაცვლეობით) საკუთარ "ვოლზე"?!
ათი წლის წინანდელ განცხადებას, ბავშვს სასწრაფოდ სისხლი სჭირდებაო, დოლარებიან ხეებს და ხატებს ვინ დაუგზავნის მათი არხილვის მოსურნე ფეისბუქმომხმარებელს?!
ვინ გალანძღავს უშვერი სიტყვებით ყველას, ვინც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს?!
სხვის ცხოვრებაში ვინ ჩაძვრება ტრუსიკის ამბებამდე, დაითრევს და გამოფენს საქვეყნოდ, საყოველთაო სამსჯავროზე?!
ვინ დაცინებს, ვინ გალანძღავს, ვინ დაწამებს ცილს, ვინ დაამცრობს და განაქიქებს ყველას და ყველაფერს?!
არჩევნებზე მისასვლელად არ გვცალია, ამათ კი უფასო "ტამიფლუს" მოტანა აღარ უნდათ ჩვენთვის სახლში, ამ გაქსუებულებს!
აი, რაში ვუხდით ამ მთავრობას ხელფასებს, თავი რომ დავანებოთ პრემია-დანამატებს, რაში?!"- წერს გელა კურტანიძე.