საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებებს:


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

 

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისთვის და აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ოფიციალური ვიზიტით თქვენს ქვეყანაში სტუმრობა.

 

სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა. თუმცა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ დაწყებულა  მეოთხედი საუკუნის წინ და გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.

 

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ის გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, რომლებიც გასულ წელს უმნიშვნელოვანეს თარიღებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლეიტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა, და ამიერიდან ჩვენს ენებში ჩვენი ქვეყნები მათი ავთენტური დასახელებებით - საქართველო და ლიეტუვა - მოიხსენიება. 

 

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიეტუვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. ყოველწლიურად მტკიცდება და ღრმავდება თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ახალი მიმართულებების გამოსავლენად. ლიეტუვა „განვითარების სფეროში თანამშრომლობისა" და ევროკავშირის „თვინინგის" პროექტების ფარგლებშიც აქტიურად აგრძელებს თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო- და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.

 

ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე გაორმაგებულია  ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და ბიზნესკონტაქტების კიდევ უფრო გახშირებას.

 

სასიხარულოა, რომ ღრმავდება ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს შორის. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს თქვენს უნივერსიტეტებს სასწავლებლად. ამჟამად, თქვენს უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სტიპენდიებით. ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიუტუვის მთავრობას.

 

ამასთან ერთად, მე დღეს მქონდა თხოვნა ჩემს კოლეგასთან, რომ დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაში. ლიეტუვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ "სტარტაპების" და "სტარტაპ" ბიზნესატმოსფეროს შემნის თვალსაზრისით. საქართველო იწყებს პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩენმა მეგობარმა ქვეყანამ გაგვიზიაროს გამოცდილება ამ თვალსაზრისით. 

 

ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, სადაც ჩვენ  უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს კოლეგას საქართველოს მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებაში.

 

ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს.

 

2019 წელი განსაკუთრებულია - ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაზე ცცვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის.

 

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.   

 

შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების  მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. 

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან  უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს  მშვიდობასა და სტაბილურობას.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ჩემი და საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით პოზიტიურ ბიძგს მივცემთ ახალი ინიციატივების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში."

 

 

ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი:

 

"დღეს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას სტუმრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეს არ არის მამუკა ბახტაძის პირველი და იმედი მაქვს, არც უკანასკნელი ვიზიტი ლიეტუვაში, მაგრამ პირველია ამ რანგში. ამდენად, მსურს, მივულოცო ჩემს კოლეგას პრემიერ-მინისტრის რანგში ვიზიტი და ვუსურვო წარმატებები.

 

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ლიეტუვა მრავალი წელია, განსკათრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას გეგმავს მომავალშიც.

 

ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მტკიცე მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისადმი, ლიეტუვას მაგალითის მსგავსად. ასევე მხარს ვუჭერდით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისადმი, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ აღნიშნულს ვახორციელებთ და განვახორციელებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ვიზიტის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც სიმბოლურ თემატიკას, ასევე ძალზე პრაქტიკურ მიმართულებებსაც.

 

მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ.

 

ასევე კარგი სიახლეა ის, რომ აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.

 

ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი "სტარტაპებით", რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის.

 

უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები.

 

ჩვენ მხარს ვუჭეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება.

 

ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეიარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებებს."





მსგავსი სიახლეები
„მეორე მხარეს, არის კადიროვის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ საქართველოს საქმეში ჩაერიოს“
„იქ, სადაც კანონი დაირღვა, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება - წერტილი - არ აქვს მნიშვნელობა, პანკისში მოხდა, სამტრედიაში, ზუგდიდში თუ ფოთში“
„ზესტაფონის მფლობელია „რიჟა“, რომელიც ივანიშვილმა გააგზავნა ზელენსკისთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან, იქნებ საქმე ჩამიწყოთ, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი არ შეუშვას უკრაინაშიო“
„ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს, იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ, არის სრულიად მიუღებელი“
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს, შეცვალოს სერიალის „საზღვაო პოლიცია“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული
„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“
"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
„დღეს პანკისში აღარ არის ისეთი იერარქია, როდესაც უხუცესთა საბჭოს სიტყვა იყო გადამწყვეტი - არადა, ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს“
„როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან? - შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს“
„გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს უკვე”
„აუცილებელია, სასწრაფოდ შევუდგეთ დავით გარეჯის აღდგენას - ასევე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს"
„როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა“
სამთავრობო ცვლილებების რეალური მიზეზი -„ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს, რასაც ეწინააღმდეგებოდა გიორგი ქობულია და ეწინააღმდეგება ფნანსთა მინისტრიც“
ლაშა ჟვანია პირველი მაისიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს
„ასეთი სხვისი მონაყოლიც არ გამიგია - კაცს ედავებოდე, სამების ტაძრის მოხატვას იმიტომ აპირებს, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრას დასამარცხებლად მეტი გზა არ დარჩაო“
გიორგი კერვალიშვილი: ვაფრთხილებ მაჩალიკაშვილს, საკუთარ თავზე ზედმეტს ნუღარ აიღებს, თორემ ძალადობას აღარ ვაპატიებთ!
ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი მედიასაკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება
აჰმედ იმამყულიევს მარნეულელებმა კარი არ გაუღეს
„იქ იყო ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ არ ვუჭერდი აღნიშნულ კანონპროექტს მხარს“
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო