„ვერა და ვერ ვიგებთ, რატომ არის ჩუმად საკონსულო, საელჩო, ქვეყნის მთავრობა, როცა ამერიკაში ასე ღიად, ყველას დასანახად მოუწოდებენ ადამიანებს რევანშისკენ, რევოლუციისკენ, ქვეყნის დამხობისკენ“

სააკაშვილს რევოლუცია მოენატრა, სააკაშვილს მთავრობაში ჯდომა მოენატრა, ქვეყნის მართვა მოენატრა და მას შემდეგ, რაც საქართველოში იმედები გაუცრუა ბოკერიამ და უგულავამ, ვაშაძემ და ვაშაძემ, მას შემდეგ, რაც არჩევნები წააგო მისმა მოწონებულმა კანდიდატმა, ემიგრანტებს მიადგა - არაერთი შეხვედრა გამართა უკვე, არაერთხელ დააანონსა უკვე, რომ ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდება საქართველოში და დასასჯელებს დასჯის, ქვეყნიდან გასაძევებლებს გააძევებს. რა ხდება ამერიკაში, რას ფიქრობენ იქ მცხოვრები ქართველები, რამდენად რეალურია საფრთხე - ამ თემებზე გვესაუბრება, ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ჟურნალისტი, ჰარვარდის კურსდამთავრებული, ნეიმენის სახელობის ერთადერთი სტიპენდიატი (პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, გარდა რუსეთისა). 2010 წელს ამერიკის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის მიერ, განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების გამო მწვანე ბარათით დაჯილდოებული - რუსუდან წერეთელი:

 

ამერიკაში, ნიუ-იორკი ნაცების თავშეყრის ადგილად 2012 წლის შემდეგ გახდა. ვინც კი წამყვან თანამდებობებზე იყო 2012 წლამდე ხელისუფლებაში, ყველამ უპრობლემოდ გააკეთა ტურისტული ვიზები და ჩამოვიდნენ. მას შემდეგ ნაციონალური პარტიის იდეოლოგიის გაფეტიშება და პოპულარიზაცია მიდის ნიუ-იორკის ემიგრანტებში. ჩვენ, ის ადამიანები, არცერთ პოლიტიკურ პარტიას რომ არ მივეკუთვნებით, არც ნაცები რომ არ ვართ და არც ოცნების მომხრეები, არანაირი პოლიტიკური დაინტერესება რომ არ გაგვაჩნია, ვცდილობთ, ყველას აზრს პატივი ვცეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან აგრესიულები არიან და საშიშნი, ღიად გვიპირისპირდებიან, გვლანძღავენ, გვივარდებიან სოციალურ ქსელზე, დედებს გვაგინებენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებიან. მიშას სნაიპერით დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული - ყველა აქაა ჩამოსული - შეკრებებზე ვინც მიდის, იმ ხალხს თანამდებობებს ჰპირდებიან, მაგალითად, ერთს ეტყვიან: აი, შენ, მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროში გხედავ, მეორეს - რამე კომისიის თავმჯდომარეობას შესთავაზებენ და ადამიანებსაც სჯერათ, ბრმად სჯერათ, ფანატიკურად სწამთ... ჰიტლერს რომ მისი მომხრისთვის შვილი ეთხოვა - მისცემდნენ და იტყოდნენ, რომ სამშობლოს სჭირდებოდა ასე - აქაც ეგრეა, ასეთი ადამიანები ჰყავთ შემოკრებილი.

 

«ქართულ ოცნებას» არ ჰყავს აქ დასაყრდენი ძალა - «ქართულ ოცნებას» ჰყავს მიტმასნილი ნაციონალები, პორტირებული ნაციონალები. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი რომ ნაციონალებს ემსახურებოდა წლობით, ადეიშვილის დავალებებს რომ ასრულებდა, ის ადამიანი შეიძლება იყო «ოცნების» დასაყრდენი? გიორგი სიგუა ავიღოთ, ჯერ ტურიზმში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მერე იქიდან «თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედების გამო» გაუშვეს, ასეთი იყო ოფიციალური ვერსია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადაიყვანეს. გიორგი სიგუას წინააღმდეგ ამერიკაში არაერთი საქმეა აღძრული - დაზღვევის აღების მიზნით, ყალბი ავარიების მოწყობას ედავებიან. შემდეგ ავიაბილეთების კომპანია გახსნა და ერთ ბილეთზე ჯავშანს რამდენიმე ადამიანზე ჰყიდდა - ამის გამო, მას ამერიკაში ჩამოსვლაც ეკრძალება - და ეს ადამიანია ახლა მიშას მომხრე, ეს ადამიანი ჰყავდა დასაქმებული «ოცნებას».

 

ვისაც პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები არა აქვს, ვინც ნეიტრალურია, ვისაც ქვეყანაზე შესტკივა გული - ის ჩუმადაა, იმიტომ რომ არ უნდა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა, არ უნდა ასეთი ადამიანების გვერდით განიხილონ და მერე წამოაძახონ, რომ მათთან იდგა. საკონსულოები და საელჩოები არ ასრულებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ცდილობენ, ემიგრანტებამდე მიიტანონ ქვეყანაში არსებული ცვლილებები. მაგალითად, ვალების ჩამოწერის ამბავი - ამერიკაში ფინანსურ, საბანკო მხარეს ხელისუფლება აკონტროლებს - არ არსებობს პრეცედენტი, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა უჭირდეს, ერთი დოლარიც კი აპატიოს ვინმემ... ამერიკელი ფინანსისტები მეუბნებიან, იცით, რამხელა რამ გაკეთდა თქვენს ქვეყანაში, ეს რომ აქ მომხდარიყო, სახალხო ზეიმი გვექნებოდა ყოველთვე და თქვენს ქვეყანაში თითქოს არაფერი, არც კი ჩანს, არავინ საუბრობს ამ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზეო. ძალიან ხშირად მიქებენ შს მინისტრს, ასევე, მეუბნებიან, რომ სხვა მინისტრების მსგავსად, საშოპინგოდ არ ჩამოდის და ოცდაოთხი საათი მუშაობს - რატომ უნდა ვიგებდე ჩემი ქვეყნის მინისტრებზე და ჩემს ქვეყანაში მომხდარ სასიამოვნო ფაქტებზე ამერიკელებისგან? რატომ არ უნდა ვიგებდე ასეთ ამბებს საელჩოებისგან, საკონსულოებისგან?

 

გაიხლიჩა ემიგრაცია, ბანაკებად დაიყო - ახლა ფულის შეგროვება დაიწყეს მიშასთვის. თუმცა, ეს პირველად არ ხდება... ადრეც აგროვებდნენ, ხან საქველმოქმედო მიზნებით, ვითომ, ხან პირდაპირ ამბობდნენ, რომ მიშას უგროვებენ - ახლა 10 თებერვლის შეკრების ორგანიზებისთვის გროვდება თანხა. ვინ აგროვებს ამ თანხას? ისევ ჩვენი ემიგრანტები, ზუსტად ის ხალხი აგროვებს, მოხუცს რომ უვლის, პამპერსს რომ ცვლის დღეში სამჯერ, მუხლჩაუხრელად რომ შრომობს - ის ადამიანი იკლებს კვირაში ას და ორას დოლარს და რიცხავს მიშას ფონდში. ერთ-ერთი შეკრება რესტორან «ნაციონალში» შედგა. ეს რუსი ებრაელების რესტორანია, იმ რუსი ებრაელების, დღემდე საბჭოთა კავშირს რომ მისტირიან ამერიკის მიწაზეც კი - მიშას რომ ჰკითხო, არ მოსწონს და არ უნდა რუსები... კობა სუბელიანი მიშას აქტიური მხარდამჭერი და მისი შეხვედრების ორგანიზატორია - ხმა დააგდეს, მოხუცს უვლისო, დრამაა ეს, საგა - სპეციალურად შეთხზული, არავინ უვლის აქ მოხუცს, თანამდებობაზე ვინც იყო ნაციონალების დროს. მაგრამ, როცა ადეიშვილის სკოლა გაქვს გავლილი, იცი მუშაობა, იცი პიარის გაკეთება, იცი, როგორ და რა ინფორმაცია უნდა გაავრცელო - ეს აპრობირებული მეთოდია და იყენებენ... სინამდვილეში, სუბელიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რატომ, რისთვის - ვერ გავიგე. არც არავინ გვიხსნის, საქართველოს წარმომადგენლები ამერიკაში ჩუმად სხედან მაშინ, როცა ნაციონალები იმ ადამიანებთან მუშაობენ და საუბრობენ, ვისაც პოლიტიკური აზრის ფორმირება შეუძლია.

 

იმის მაგივრად, რომ ემიგრაცია ქვეყანას წაადგეს - გახლიჩეს და დააპირისპირეს. არავინ იფიქროს, რომ ცუდი ემიგრაცია გვყავს, არაჩვეულებრივი ხალხია, მეცნიერები, ექიმები, სტუდენტები - ადამიანები, ვინც არ ჩანან, მიშას პოლიტიკის ნაწილად ქცეული ემიგრანტების უკან, ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთება უნდათ, რომლებიც ერთგულად იდგნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქვეყნის გვერდით. მათ არც ფული სჭირდებათ და არც თანამდებობა - სამშობლოს დასახმარებლად სურვილი აქვთ, უანგაროდ ჩამოვიდნენ ხოლმე, ლექციები წაიკითხონ, კონსულტაციები გაწიონ უსასყიდლოდ, მაგრამ ასე ხომ ვერ ადგებიან და შეაღებენ რომელიმე კლინიკის კარს? - პატრიოტი ადამიანები არ აწყობთ, პატრიოტებს ვერ ამჩნევენ - არც საკონსულო, არც საელჩო, არც დიასპორის სამსახური...

 

ერთი ამბავი რომ ატყდა, ზარდიაშვილის დედაზე როცა ვთქვი, ნაციონალია-მეთქი, გადახედეთ მის ფეისბუკის გვერდს, რამე აქვს გაზიარებული, «ქართული ოცნების» საქმიანობიდან? მთელი მისი ოჯახი რომ ხელისუფლებაშია დასაქმებული, ერთ პოზიტიურ საქმესაც არ აკეთებს საქართველოს მთავრობა? «რუსთავი 2»-ის მიერ გაშვებული სიუჟეტი უდევს ერთი - ჭამე, ნოდარი და მორჩა... სად იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რატომ არ იდგა ჩვენსავით რიგებში, რომ დარეგისტრირება მოგვესწრო და ხმა მიგვეცა? ახლა თავად ზარდიაშვილმა და დედამისმა დაამტკიცონ, რომ არ არიან ნაციონალები და არიან «ოცნების» მხარდამჭერები, დაამტკიცონ საქმით... სააკაშვილის დროს იაკობაშვილის საელჩო როგორ მუშაობდა, ყველას გემახსოვრებათ, სულ პიარში იყო, სულ აანონსებდა სიახლეებს, ამერიკელებისა და ივანიშვილის ფულით რაც კეთდებოდა ქვეყანაში, ყველაფერს სააკაშვილს აწერდა... ჩვენ არ ვითხოვთ, რამე მოიგონონ, არ ვითხოვთ, კანონი დაარღვიონ - ამას წინა ხელისუფლებას ვედავებოდით, სწორედ უსამართლობის გამო წამოვედი 2010 წელს საქართველოდან, თორემ, გაეროში ვმუშაობდი და ხელფასიც კარგი მქონდა და თანამდებობაც, მაგრამ ვერ ავიტანე ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა და წამოვედი იქ, სადაც სიმართლის საუბარი ღიად შემეძლო.

 

მიშა ვერ დაბრუნდება საქართველოში - ვიცი, მაგრამ არეულობისა და სამოქალაქო ომის საფრთხის ქვეშ კი გვაყენებს. 90-იანებში ტანკებიდან გვესროდნენ, ახლა სოციალური ქსელიდან, კიბერშეტევებით იგეგმება რევოლუცია და არეულობა... ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ - აჭარაში ნაციონალებმა ალტერნატიული მთავრობა შექმნეს... რაც უკრაინაში გააკეთა, იგივეს გაკეთებას მოსინჯავს საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი ადამიანები არ ჰყავს, გინდ ნაციონალების ბანაკიდან და გინდ «ქართული ოცნების». ოცი ან ოცდაათი კაცი რომ ამოიფაროს ფარად და ისე ჩამოვიდეს ქვეყანაში, მანდაც დახვდებიან მომხრეები. მაგალითად, ის ხალხი, ინაუგურაციაზე არეულობის მოწყობა რომ სურდათ - იქნება თუ არა დაპირისპირება? - იქნება, აუცილებლად იქნება და ეს არ გვსურს, ამის გვეშინია... ყოველ ქართველზე შეგვტკივა გული, ჩვენი ქვეყნის მომავალზე შეგვტკივა გული... გააშუქეს მიშას მომხრეები, გააშუქა «რუსთავი 2»-მა მიშას შეხვედრები ემიგრანტებთან - არცერთმა ტელევიზიამ, არცერთმა ჟურნალისტმა არ მოძებნა მეორე მხარე, არ გააკეთა ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არ გამოკითხა ის ადამიანები, არცერთი პარტიის მომხრე რომ არ არის, მესმის, «რუსთავი 2» დაინტერესებული მხარეა, მაგრამ სხვა ტელევიზიები, სხვა ჟურნალისტები სად არიან? მხოლოდ ცალმხრივად უნდათ ინფორმაციის გაშუქება? - იქნებ, რა გვაქვს სათქმელი, იქნებ, რა გვტკივა? იქნებ, უმეტესობა სულაც არ ვუჭერთ მხარს მოსალოდნელ არეულობასა და რევანშს?

 

პორტირებული ნაცები მიათრევენ პოლიტიკური უფსკრულისკენ «ქართულ ოცნებას», პორტირებულ ნაცებს სჭირდებათ საქართველოში არსებული მდგომარეობის გადასაფარად, მიშასა და მისი მომხრეების შეხვედრებზე ყურადღების გადატანა. თუნდაც, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მცდელობის დავიწყება მოხერხდება მინიმუმ მცირე ხნით, იმ არეულობის შიშით, რასაც მიშას და მისი მომხრეებისგან უნდა ველოდეთ...ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, იმ მოსამართლეების ნამოღვაწარი, მე პირადად მივიტანე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მურუსიძეზე ინფორმაცია - ახლა რას ვეუბნებით ამერიკას, ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, როგორც ვუწოდებთ ხოლმე, რას ვეუბნებით, რომ იგივე მოსამართლეს უვადოდ გვინდა მივცეთ მანტია? მაგრამ, როცა სამოქალაქო დაპირისპირება მზადდება, როცა რევოლუციის სუნი ტრიალებს ქალაქში, როცა სახელმწიფოს დამხობა იგეგმება - ვეღარ ებრძვი პორტირებულ ნაცებს, აღარ გრჩება მაგის დროს...

 

მაინც ვერ ვხვდებით, ჩვენ, ის ემიგრანტები, არც ნაცები რომ არ ვართ და არც «ოცნების» მხარდამჭერნი, არც პოლიტიკური ინტერესი რომ არ გვაქვს და არც ფინანსური - ვერა და ვერ ვიგებთ, რატომ არის ჩუმად საკონსულო, საელჩო, ქვეყნის მთავრობა რატომ არის ჩუმად, როცა ამერიკის, დემოკრატიული ქვეყნის ქალაქში, ასე ღიად, ასე ყველას დასანახად მოუწოდებენ ადამიანებს რევანშის აღებისკენ, რევოლუციისკენ, ქვეყნის დამხობისკენ...

 

 

 

 

წყარო:  „ალია“





მსგავსი სიახლეები
ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი წევრების წარდგენას სექტემბრის ბოლოს გეგმავს
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"
"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"- მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
საქართველოს საგარეო უწყება სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"
"საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა"
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"
ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი - მან ბოლოს შესაძლოა ბერა დააპატიმროს”
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“
„ესენი არიან ჩამოსაკიდები! რუსეთის სახის შენარჩუნებას შესწირეს ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები“
„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი
"ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე"