პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა

“რუსეთი ტანკებისა და "ისკანდერების" შემდეგ საქართველოს უკვე წლებია, "რბილი ძალის" ელემენტებით - დეზინფორმაციით ებრძვის, რომ ცრუ ინფორმაციებით ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს და საქართველოში რუსულ ორბიტაზე დაბრუნების მსურველების რიცხვი გაზარდოს. გაზრდილი რუსული საფრთხეების გამო კრემლიდან წამოსული ამ "ტვინის გამორეცხვის" წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ ჩართვას, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პარლამენტიც იწყებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა

 

„პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე აცხადებს, ჯგუფის მიზანია, სამოქალაქო სექტორთან ერთად მოიკვლიოს და შეისწავლოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრობლემები და გამოწვევები საქართველოში და იმსჯელოს რეაგირების ყველა შესაძლო ეფექტიან მექანიზმზე, თუ როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას, რაც საბოლოოდ რეკომენდაციის სახით შემუშავდება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს რუსული პროპაგანდის საკითხზე მუშაობა დღეს არ დაუწყია. უბრალოდ, დღეს საუბარია ფართო ჯგუფის შექმნაზე, სადაც სამოქალაქო სექტორთან, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და მკვლევარებთან ერთად შევლენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ეს ჯგუფი შეისწავლის, გამოიკვლევს ყველა იმ მნიშვნელოვან პრობლემას, გამოწვევას, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია, რომლებზეც წერენ, რომლებზეც კვლევებია ჩატარებული. სიღრმისეულად შევისწავლით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში - როგორ ვრცელდება, რა მექანიზმებია, რა საშუალებებია, ვინ არიან მოწყვლადი ჯგუფები ყველაზე მეტად, როგორ გამოიყენება სოციალური მედია, ჩვეულებრივი მედია, როგორ მუშაობს ეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მზად ვართ, გამოვიკვლიოთ ყველა საკითხი, რომლებიც ამას უკავშირდება. ამავდროულად არის ეტაპი, რომელიც იქნება სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია. ვიცით, რომ არის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც თავიანთი სფეროების მიხედვით არიან პასუხისმგებლები კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე. სწორედ ეს იქნება ამ ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთი ეტაპი, რომ ჩვენ გავიგოთ, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, როგორ მუშაობს ის პროექტები, რომლებიც დაწყებულია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასამკლავებლად. ასევე კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მუშაობიდან დანახული რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა უფრი ეფექტიანი იყოს პროპაგანდის საწინააღმდეგო მექანიზმები", - ამბობს გოგუაძე“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„რა შეიძლება იყოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი? გოგუაძე ამბობს, რომ ახლად შექმნილმა ჯგუფმა 3 თვე უნდა იმუშაოს და შემდეგ დადოს რეკომენდაციები, ამიტომ წინასწარ რამის თქმა რთულია. 3 თვის პერიოდი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საფრთხეების ყველა სივრცე მოიცვას. ამიტომ რეალისტური ამოცანები გვაქვს დასმული, რომ შევისწავლოთ, რაც იდენტიფიცირებულია. კონკრეტული შემთხვევების შესწავლა იქნება, თუ უბრალოდ ტენდენციების შესწავლა, ამაზე ჯგუფი იმსჯელებს. გუშინ, მაგალითად, კომიტეტის სხდომაზე საუბარი იყო ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ სრულ დეზინფორმაციაზე, როდესაც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო მხოლოდ მოსახლეობის დაშინება, პანიკის გამოწვევა, რომ თითქოს აშშ-ისაგან დაფინანსებულ ლაბორატორიაში რაღაც ხდება. ეს კარგი მაგალითია იმისათვის, თუ როგორ უნდა ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები თავიდან, თუმცა ყველა მაგალითის განხილვა ამ ფორმატში რეალისტური არ იქნება", - აღნიშნავს გოგუაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"მისი თქმით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და ამ მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ასევე სკოლებში, უნივერსიტეტებში აქტიურად უნდა მოხდეს ახალგაზრდების სწორი ინფორმირება და ამ კუთხით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მუშაობს. ამასთან, გოგუაძე თვლის, რომ კონკრეტული საიტების ან არხების აკრძალვა შეიძლება, კარგი გამოსავალი არ იყოს, რადგან არის მაგალითები, როცა იმ ქვეყნებმა, სადაც შემოიღეს აკრძალვები, შემდეგ ისევ გააუქმეს. ყველაფერი გასაანალიზებელია და წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონკრეტულად ეს ერთია მნიშვნელოვანი, არ მაქვს, ამიტომ ყველა საკითხი სიღრმისეულად იქნება განხილული", - დასძენს გოგუაძე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორ გიორგი კლდიაშვილის თქმით, რუსული პროპაგანდა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში, როცა რუსული "რბილი ძალა" საქართველოში ძალიან გააქტიურდა“, - დასძენს გამოცემა.

 

"მისი თქმით, კრემლის მიერ წარმოებული პროპაგანდის ძირითადი მესიჯი დასავლეთის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაა იმაზე, თუ როგორ "ებრძვის" დასავლეთი ტრადიციებს, რელიგიასა და ოჯახის ინსტიტუტს. პროპაგანდის იარაღი, პირველ რიგში, მედიაა, ეს იქნება რუსული ტელეარხები თუ ქართული ონლაინმედია, სოციალური ქსელები და ტრადიციული მედია. მედიის შემდეგ მოდის პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, პრორუსული პოლიტიკური პარტიები და სასულიერო პირები. კლდიაშვილის განცხადებით, კრემლი ჩვენს მოსახლეობაში რუსული სახელმწიფო ინტერესების გასავრცელებლად ორ მეთოდს იყენებს. ერთია "რბილი ძალა" - პროპაგანდა ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად და მეორე - ხისტი პოლიტიკა, რაც გამოიხატება მავთულხლართებსა და მუდმივ ოკუპაციაში. რუსული "რბილი ძალა" და პროპაგანდა ცდილობს, ერთი - ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას "ტვინის გამორეცხვის" მეთოდით სხვადასხვა თემატიკაზე. ძირითადად აქ არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა, რასაც დასავლურ ფასეულობად და მართლმადიდებლური საზოგადოებისათვის მიუღებლად ასაღებენ; და მეორე - რუსული ძალის უპირატესობის წარმოჩენას, ძალის დემონსტრირებას და ამით მოსახლეობის დაშინებას, საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების გავლებით შიშის ფაქტორის შემოტანას. ეს არის ცივი ომის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა დასავლეთის მიმართ და ამ შემთხვევაში ჩვენ რუსეთის ინტერესების სფეროში ვართ. ამიტომაც კრემლი პროპაგანდისა და ხისტი პოლიტიკის გამოყენებით გავლენების შენარჩუნებას ცდილობს. თუ ავიღებთ ბოლო კვლევებს, ამ პროპაგანდას გარკვეული გავლენა მოსახლეობაზე აქვს, თუმცა სასიხარულოა ის, რომ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, მაგრამ მაინც რჩება ნაწილი, ვინც თვლის, რომ დასავლეთი არ არის ჩვენი მეგობარი და რუსეთი არის. ამიტომაც ყველანაირად მივესალმები პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს სერიოზულ გამოწვევად ჩათვალა. ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიაშიც არის ასახული რუსული დეზინფორმაცია, როგორც ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისათვის", - ამბობს კლდიაშვილი. მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა, გარკვეული არხების ბლოკირებაც იყოს და არის ქვეყნები, სადაც ასეთი რამ ხდება, თუცა პირადად მას ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს აზრი, კონკრეტულად რა მექანიზმები უნდა იყოს. არ გამოვრიცხავ, გარკვეული არხების ბლოკირება მოხდეს. ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, კარგად არის გასავლები ზღვარი მოსახლეობის უფლებასთან, მიიღოს ინფორმაცია და ასევე დეზინფორმაციის გარკვეულად შეზღუდვის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შეიქმნა და კონკრეტული ხედვების ჩამოყალიბდება. ძალიან კარგია, რომ ამ რუსულ დეზინფორმაციას გარკვეულად დავუპირისპირდეთ", - დასძენს კლდიაშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
ახალი სკანდალური სია - გამოიწვევს თუ არა გასაუბრებები “ოცნებაში” განხეთქილებას
“ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი” - სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
აზარტული თამაშები საფრთხეს უკვე ქვეყნის ეკონომიკას უქმნის
“ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”
პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“
ხაზარაძე და მისი სიმბოლოები
11 შეხვედრა მოსახლეობასთან - რა შემთხვევაში გადაიფიქრებს "ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას
საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მოსკოვის მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი, მოულოდნელად რიტორიკა შეიცვალა
რევოლუციის დასასრული: რას უნდა ელოდოს მოსკოვი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისაგან?
რა ცვლილებებს განახორციელებს გახარია მთავრობაში - იქნებიან თუ არა ახალი სახეები
“ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო”
"გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით"
რატომ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს ახალი შეთანხმების გაფორმების წინ
სამთავრობო ტანდემი - რომელი მინისტრი ვერ მოხვდება გახარია-ღარიბაშვილის მთავრობაში
ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები
შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას
დენის ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ გაზი გაძვირების ზღვარზეა
პანკისელი მებრძოლის შეკვეთილი მკვლელობა ბერლინში - რუსეთს გერმანიასთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაეძაბოს
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - სად უშვებენ ბახტაძეს
“ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...” - ვახტანგ ძაბირაძე