“ხაზარაძეს ასე უყენებენ საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა წავიდეს ანაკლიიდან” - სანდრო თვალჭრელიძე

“ჩემთვის ღიმილის მომგვრელია ვარაუდი, თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურს “თიბისი ბანკის” ხელში ჩაგდება. მიუხედავად მისი ფინანსებისა თუ გავლენისა, ახლა მიმდინარე პროცესს ის მარტო ვერაფრით წამოიწყებდა და, ჩემი აზრით, კონკრეტულად ბანკი არ არის ამ ყველაფრის სამიზნე... გაიხსენეთ, რა მოხდა და, ფაქტობრივად, რა საერთაშორისო სკანდალი ატყდა “რუსთავი 2”-ის საქმეზე, ვისაც არ ეზარებოდა, ევროკავშირით დაწყებული, აქ არსებული საელჩოებით დასრულებული, ყველა აკეთებდა განცხადებას, “თიბისი ბანკზე” კი კომენტარს არავინ აკეთებს...”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხაზარაძეს ასე უყენებენ საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა წავიდეს ანაკლიიდან” / “ანაკლიის პორტი, შეიძლება ითქვას, არის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეგმების გაგრძელება, რაც აშშ-ის გავლენის გაძლიერებას გულისხმობს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა პორტი შავ ზღვაში, თუ სევასტოპოლს არ ჩავთვლით” / “წარმოგიდგენიათ, მთავარსარდალს არ ეცოდინება, რა ხდება უშიშროების საბჭოში და რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას”.

 

“ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საფრანგეთისა და ჰოლანდიის ელჩების განცხადებები, ოღონდ ძალზე ნეიტრალური, დაახლოებით იმ შინაარსის, რომ პროცესებს აკვირდებიან... მეტიც, ეროვნული ბანკის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის “თიბისი ბანკის” მართვიდან ჩამოშორების მოთხოვნის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განაცხადა, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებითო. სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ფაქტობრივად, “გააპრავა” ეროვნული ბანკის მოთხოვნა, თან არ დაგავიწყდეთ, ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში. ამიტომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს შეთანხმებული იყო. წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ პეშომ არ იცის, თუ რა ხდება რეალურად ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს ფინანსურ ინსტიტუტთან, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით. კიდევ ერთი ფაქტი, რაც გვარიან ეჭვებს აჩენს, შეეხება “თიბისი ბანკის” უცხოელ აქციონერებს. მოგეხსენებათ, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესახებ საქმე პროკურატურას რამდენიმე თვის წინ გადასცეს, თუმცა აქციონერების პროტესტი არ გვსმენია. არადა, როგორც ვიცი, “თიბისი ბანკში” ქართველი აქციონერები უმცირესობაში არიან, მათ დიდ წილს უცხოელები შეადგენენ, მათ შორის ისეთი ინსტიტუციებიც, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და ა.შ. ისინი ამ დრომდე ჩუმად არიან, საკითხავია, რატომ?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ის, რომ თუნდაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოხმაურება ჯერ არ ჩანს, მაფიქრებინებს, რომ საქმე გაცილებით რთულად არის, ვიდრე ჩვენ გვესახება. რაც შეეხება ბრალდებას და 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუდიტორულ დასკვნასა თუ ანგარიშებს ეროვნული ბანკი ჩვეულებრივ იღებდა. მათთვის დღემდე ყველაფერი რიგზე იყო და უცებ გამოინახა რაღაც ტრანზაქცია, რომლითაც კანონი დაირღვა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ ეს მხოლოდ საბაბია, როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი იპოვეს, ოღონდ საბაბია არა იმისთვის, რომ ბანკი ვინმემ ჩაიგდოს ხელში, არამედ იმისთვის, რომ იქ მენეჯმენტი შეცვალონ... რატომ გახდა ეს საკითხი მაინცდამაინც აქტუალური მაშინ, როდესაც “თიბისი ბანკი” შევიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეში? სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ჩემი აზრით, საქმე გაცილებით სახიფათოდ არის, ვიდრე ვიღაც ერთი გავლენიანი ქართველის მცდელობაა, ჩაიგდოს ხელში ბანკი ან ანაკლიის პორტი... გეთანხმებით, რომ რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ პროექტის ჩაშლით, შესაბამისად, ამ ვარაუდს აქვს საფუძველი, თუმცა მე მაკვირვებს აშშ-ის პოზიცია. წესით, უკვე განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრათ, ჩვენ კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხოლოდ ერთი განცხადება მოვისმინეთ. ჩემი აზრით, “თიბისი ბანკის” უცხოელ აქციონერებზე არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ისეთი გავლენა, რომ ისინი ასე გაჩუმებულიყვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობისა და ჩუმი შეთანხმების გარეშე ეს პროცესები ვერ დაიწყებოდა”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“დავუშვათ, ეს რუსეთის წამოწყებული პროცესია, მან რაღაც ანკესი გადაუგდო ივანიშვილს, რომელიც წამოეგო და ჩაერთო ამ პროცესში, თავის მხრივ, მან მასში ჩართო პროკურატურა და ეროვნული ბანკი, მაგრამ რას აკეთებენ ამ დროს აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა უმნიშვნელოვანესი ინტერესიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა?! ამიტომ კიდევ ერთი ვარაუდის საფუძველს ვხედავ: ხომ არ დაუპირისპირდა მამუკა ხაზარაძის გუნდი დიდი ქვეყნების რაღაც დიდ, სტრატეგიულ ინტერესებს? არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომელიღაც დიდი ძალაა დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მენეჯმენტი შეიცვალოს. აშკარად ძალიან ძლიერი საერთაშორისო ლობისტური ჯგუფები არიან ამ პროცესში ჩართული. აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდები საჯაროდ ცნობილ ფაქტებზე დაყრდნობით და არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი აშენდეს, მას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჯერ კიდევ გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახლდით, როდესაც ღრმაწყლოვანი პორტისთვის ადგილის მოსაძებნად კვლევები დაიწყო. დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისის ამბავს გიყვებით. სწორედ იმჟამად შეირჩა ანაკლია. ანაკლიის პორტი, შეიძლება ითქვას, არის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეგმების გაგრძელება, რაც აშშ-ის გავლენის გაძლიერებას გულისხმობს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა პორტი შავ ზღვაში, თუ სევასტოპოლს არ ჩავთვლით. შესაბამისად, რუსეთი ხელის შეშლას ყველანაირად შეეცდება. ვფიქრობ, ერთი საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის მამუკა ხაზარაძე, დაუპირისპირდა მეორე ასევე საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც ასევე ჰყავს ქართველი მონაწილეები, შესაძლოა მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არის. არ გამოვრიცხავ ამავე ჯგუფში იყოს ვანო ჩხარტიშვილიც. როგორც წესი, სადაც რაღაც ინტრიგებია, ის პირველ რიგებშია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ფოთოლია, რომელიც დინებას მიჰყვება, ის ამხელა ნიაღვარს ვერ გამოიწვევდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამერიკის ფინანსური ინსტიტუტები მამუკა ხაზარაძეს არ დაიცავენ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

 

“თიბისი ბანკს”, ჩემი აზრით, საფრთხე არ ემუქრება. გავიხსენოთ, “საქართველოს ბანკში” რამდენჯერ შეიცვალა ბოლო ხანს სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი, გავიგეთ ამის თაობაზე რამე? არც არაფერი. უმეტესობამ ისიც არ ვიცით, ალბათ, ვინ არის საერთოდ მისი გენდირექტორი. მამუკა ხაზარაძე იმიტომ არის ასეთი ცნობილი, რომ ის არ არის მხოლოდ ბანკირი, ის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, რომელიც მასშტაბურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, მონაწილეობს ბევრ სოციალურ პროექტში და თავისი ქვეყნის პატრიოტია. ვფიქრობ, “თიბისი ბანკში” მენეჯმენტი შეიცვლება, შესაძლოა დროებითაც, და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდება... არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების მერე ხაზარაძე პოლიტიკურადაც გააქტიურდეს. მასზე ამ ბოლო დროს მოვისმინე განცხადებები, თითქოს ის ყოველთვის ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. არადა, დანამდვილებით ვიცი, რომ ასე არ იყო. მაგალითად, მან თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისთვის 50-მილიონიანი კრედიტის გაცემაზე უარი თქვა....”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “უნდა ჩაერთოს თუ არა პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს მუშაობაში?” - პასუხობს;

 

“ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. წარმოგიდგენიათ, მთავარსარდალს არ ეცოდინება, რა ხდება უშიშროების საბჭოში და რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას. ახლა გაიძახიან, მივაწვდით ინფორმაციასო, კანონს რომ წერდნენ, მაშინ სად იყვნენ?! ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური ხარვეზია. ალბათ, იპოვიან რაიმე გამოსავალს, თუმცა იმედია, ამისთვის კონსტიტუციას ისევ არ შეცვლიან”.

 

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საქმეში გადაიდგა მცირე, მაგრამ პოზიტიური ნაბიჯი და ამ ე.წ. პირველი რანგის ოდიოზურ ფიგურებს აღარ დანიშნავენ, მაგრამ ვინ იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც წარადგენენ? ოდნავ ნაკლებად ოდიოზურები და მორჩილები? მათ, სავარაუდოდ, არ ვიცნობთ ისე კარგად, როგორც მურუსიძეს, მეთოფიშვილს, მიქაუტაძესა და სხვებს. ჩემი აზრით, სასამართლო სისტემიდან ძალიან ბევრი მოსამართლეა გასაშვები, არათუ უვადოდ დასანიშნი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში წესიერი და კვალიფიციური ადამიანები არ არიან. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება უზენაეს სასამართლოს, მაგრამ რა ეშველებათ იმათ, ვინც უკვე დაინიშნენ უვადოდ და ამას არ იმსახურებენ? მე იურისტი არა ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება ბერკეტები, რომლებიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს იუსტიციის საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათზე მორატორიუმის გამოცხადებას, ასევე უზრუნველყოფს მისი ახლებური წესითა და ფორმატით დაკომპლექტებას. დღეს მნიშვნელოვანია, ამ ფორმითა და ამ შემადგენლობით იუსტიციის საბჭომ არსებობა დაასრულოს და უზენაეს სასამართლოში დაინიშნონ მაქსიმალურად პატიოსანი და მაღალი კომპეტენციის ადამიანები”, - დაასკვნის თვალჭრელიძე.





მსგავსი სიახლეები
“ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”
“მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა” - ნუკრი ქანთარია
ჯარიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ
"მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს"
“ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...” - ხათუნა ლაგაზიძე
“არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ” -მამუკა ხაზარაძე
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები
"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა - ღარიბაშვილი პარტიაში ცვლილებებს დაიწყებს"
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ
ორი პოტენციური თანამდებობა ღარიბაშვილისათვის - პარლამენტის თავმჯდომარე ან ისევ შს მინისტრი
ხაზარაძის “ნაღმი აფეთქდა”
საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან
ბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს
"ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის
"ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს"
“ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილის არაფრის გარანტორი აღარ არის” - შოთა მალაშხია
"ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა "ოცნებისთვის" კატასტროფა იქნება"
“ხაზარაძეს ასე უყენებენ საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა წავიდეს ანაკლიიდან” - სანდრო თვალჭრელიძე
“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე
პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა