"ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის

“კრიზისი "ქართულ ოცნებაში" მწვავდება, უახლოეს მომავალში პარტიას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. ამის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატების ნაწილთან შეხვედრებს არა პარტიის ოფისში, არამედ თავის ბიზნესცენტრში აგრძელებს. უმრავლესობა შესაძლოა, კიდევ 4-მა დეპუტატმა დატოვოს, თუმცა კულუარებში უფრო მეტზეა საუბარი. "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გიორგი ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" უკვე ადასტურებს ფაქტს, რომ ის უახლოეს მომავალში უმრავლესობას დატოვებს და მან ამის შესახებ საქმის კურში ბიძინა ივანიშვილიც ჩააყენა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის

 

"ასევე, სავარაუდოდ, უმრავლესობას მისი ფრაქციის კიდევ 3 წევრი დატოვებს - მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და რუსლან პოღოსიანი. რამდენიმე დღის წინ ამავე ფრაქციის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა უკვე დატოვა. მათ მსგავსად უმრავლესობიდან წასვლა შეიძლება, ბიძინა გეგიძემ, გიორგი აბესაძემ, ზაზა პაპუაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა გადაწყვიტონ, თუმცა გეგიძე ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე არაფერი გადაუწყვეტია და მოვლენების განვითარებას აკვირდება. მმართველი გუნდიდან წასვლის ფაქტს ჯერჯერობით ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი უარყოფენ.ამის პარალელურად, ივანიშვილი შეხვედრებს აგრძელებს. არსებული ინფორმაციით, გუშინ გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები რომან კაკულია და ზვიად ძიძიგური ესწრებოდნენ. ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლაშა ნაცვლიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა. მათ რეზიდენციის ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა."ჩემთვის ძალიან დასანანი და მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა", - ამბობს იუსტიციის მინისტრი, - "იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისათვის. ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ". ამ პროცესების პარალელურად, ეკა ბესელიამ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა დააანონსა. ბესელიას განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს და მისი თქმით, შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს. ბესელიას ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობიდან წამოსული გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის წევრები ბესელიასთან ვიხილოთ."მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს პირველ რიგში გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმასა და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის "სოციალ-დემოკრატებთანაც". მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს", - ამბობს ეკა ბესელია“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება."უმცირესობა დაიშლება, ერთი დეპუტატი როგორც კი გამოვა უმრავლესობიდან. ის შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის იმიტომ, რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები. ასე რომ, ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება, არ ვიცით", - განაცხადა ეკა ბესელიამ."სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ის და მისი პარტიის წევრები, "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" გარდა, ყველასთან ითანამშრომლებენ, ვისი შეხედულებებიც ქვეყნის განვითარების საკითხშიც მათსას დაემთხვევა. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პარასკევს, 22 თებერვალს ივანიშვილთან შეხვედრისას მან პარტიის ლიდერი უკვე საქმის კურსში ჩააყენა, რომ ისინი უახლოეს მომავალში უმრავლესობას დატოვებენ."ივანიშვილთან შეხვედრა გამონაკლისი არ ყოფილა, ჩემი შეხვედრა მასთან მოხდა, როგორც სხვა დეპუტატებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად. ეს საუბარი დღეს არ დაწყებულა და ჩემი მოსაზრებების შესახებ მან დიდი ხანია, იცის."ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში "ნაციონალების" გავლენა კვლავ არის და ინერციით მოჰყვება. ჩვენ ჯერ კიდევ კონსტიტუციის შეცვლისას საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შესახებ საკითხი დავაყენეთ, თუმცა არაფერი არ გამოვიდა."ივანიშვილს ვუთხარით, რომ დრო იწურება, ამიტომ 2020 წლისათვის არჩევნებში მონაწილეობა ჩვენმა პარტიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა პოლიტიკურ პლატფორმას ირჩევს. ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება მალე მივიღოთ და უმრავლესობა დავტოვოთ", - აცხადებს ჟორჟოლიანი "რეზონანსთან". მისივე თქმით, ფუნდამენტურად ეს პოლიტიკა, რაც ახლა ქვეყანაში მიდის, მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. მისი აზრით, უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღი დისკუსიაა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას ხელს უწყობს“, - დასძენს გამოცემა.

 

"დეპუტატი ამბობს, რომ არ შეიძლება, პერსონალურ დაპირისპირებას ყველაფერი გადავაყოლოთ. მისი აზრით, ამ დაპირისპირების შედეგად მსოფლიოში ყველაფრის მიღმა ვართ, ამიტომაც მისი ამოცანა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ვიღაცის დაშლა ან არდაშლა."ამ მოვლენებმა, რაც ახლა "ოცნებაში" მიდის, საზოგადოების განწყობა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკა უნდა შეცვალოს. საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობის ტენდენცია უნდა ჩამოვაყალიბოთ."რაც შეეხება იმას, მომავალში ვისთან ვითანამშრომლებთ, ცხადია, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისთანაც საჭირო იქნება, გარდა "ნაციონალებისა" და "ევროპელებისა"."ჩვენი ამოცანა ის არ არის, პარლამენტში რამდენი კაცი ვიქნებით. გვინდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკა შეიცვალოს. ჩვენ უმრავლესობაში ამ ცვლილების რესურსი აღარ გვაქვს. საზოგადოების მხარდაჭერა თუ გვექნება, ჩვენი ოპოზიცია ბევრად უფრო ძლიერი იქნება", - აცხადებს ჟორჟოლიანი "რეზონანსთან".ჯერჯერობით წასვლაზე გადაწყვეტილება ჟორჟოლიანის პარტიის წევრმა მირიან წიკლაურმა ვერ მიიღო. "რეზონანსთან" საუბარში ის ადასტურებს, რომ პარასკევს ივანიშვილსა და მას შორის საუბარი შედგა. მისი თქმით, ივანიშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ძალიან განიციდის და ამ გულისტკივილს ღიადაც გამოხატავს."არ ვიცი, ზუსტად რას ვიზამ. პარასკევს ივანიშვილთან შეხვედრაზე ამაზე საუბარი ასე კონკრეტულად არ ყოფილა, თუმცა ჟორჟოლიანის პოზიცია უკვე ჩვენთვის ცნობილია და ყველა თავის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს. "ჩემი გადაწყვეტილება რიგ საკითხებზე იქნება დამოკიდებული. ვნახავ, "ოცნება" რას და როგორ გადაწყვეტს, ამიტომაც არ მინდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო. "ამ კვირაში ივანიშვილს კიდევ შევხვდებით და, ალბათ, უფრო კონკრეტულადაც ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ის მიმდინარე მოვლენებს ძალიან განიცდის. დაპირისპირება და ჩხუბი პარასკევს შეხვედრაზე არ ყოფილა, ეს ჩვეულებრივი შიდა დისკუსია იყო", - აცხადებს "რეზონანსთან" წიკლაური. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ დატოვა. ფოფხაძემ მიზეზებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თანაგუნდელები საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა“, - წერს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბესელია და მისი თანამოაზრეები "ოცნების" ოპოზიციაში მიდიან და არა - ბიძინა ივანიშვილის. მისი თქმით, ივანიშვილთან საქმის გაფუჭება არავის უნდა. ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ პარტიის თავმჯდომარე ამ ჯგუფებისაგან 2020 წლის არჩევნებისათვის სრულიად ახალ გუნდს შეკრებს. კაკაჩია ამბობს, რომ თავად ივანიშვილსაც ჰგონია, რომ "ოცნებამ" იმ მოცემულობით, რაც ახლა არის, თავი ამოწურა და პარტიაში მყოფ ოდიოზურ პიროვნებებთან ყოფნა მასაც აღარ სურს. აქედან გამომდინარე, გემი იძირება და ყველა გადარჩენისათვის იბრძვის. "ივანიშვილი ახლა ყველა ჯგუფს თუ მათ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდება და მას, როგორც ჩანს, თავისი ინტერესები აქვს, რომლისგანაც კონკრეტული დასკვნები გამოაქვს, თუმცა მას აქვს სურვილი, რომ 2020 წლამდე მინიმალური დანახარჯებით მიაღწიოს. მას არ აქვს სურვილი, რომ "ოცნება" ერთბაშად ჩამოიშალოს, რადგანაც ეს უკვე მის იმიჯს დაარტყამს და ასევე ქვეყნისთვისაც კარგი არ იქნება. "თუ უმრავლესობა მოიშალა, ამას უკვე შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. მას ხელისუფლების დაკარგვის შიში აქვს და ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდი როგორმე ხელოვნურად შეინარჩუნოს. ამასობაში მას დრო ექნება, რომ ალტერნატიული კოალიციასავით რაღაც გუნდი შექმნას, რომელიც საზოგადოებისათვის უფრო მისაღები იქნება. მან კარგად იცის, რომ ამ ძველ სახეებს მოსახლეობა აღარ მიიღებს", - აცხადებს კაკაჩია. მისივე თქმით, ივანიშვილი ღიად და მკვეთრად არც ერთი ჯგუფის მიმართ პოზიციას არ აფიქსირებს. ის აკვირდება ყველას და ამ კონკურენტული ჯგუფების მეშვეობით ნახავს, რა ვარიანტები იქნება და მისთვის კარგი, მომგებიანი სვლა რომელიც იქნება, იმას აირჩევს. მით უმეტეს, რომ ახლა ამ ჯგუფების რესურსები მასაც სჭირდება და აინტერესებს, რადგანაც საზოგადოებაში ავტორიტეტი მან უკვე დაკარგა“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილი პროცესებს მოწყვეტილია და ხალხის მაჯისცემას ვერ გრძნობს” - არჩილ გამზარდია
რომელი რეკომენდაციები დაუწუნა "ოცნებამ" ვენეციის კომისიას
რომელ მინისტრთან აქვს ივანიშვილს "პატარა კითხვები“ და ვინ დატოვებს მთავრობას
“ბოდიში მოჰყვა კობახიძის ფრაზას -“მე თქვენ ყველას გადაგივლითო” - გედევან ფოფხაძე
დიდი სიძვირე ბაზარზე – სად გაქრა ქართული პროდუქტი?
“ივანიშვილი ნაციონალებს ზუგდიდს არ დაუთმობს, ალასანიას წაგება დღემდე არ აპატია” - სოსო ცინცაძე
"ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"
ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს
"კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება უჭირთ"
“ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული”
“ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა”
“ოცნებისთვის” ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება”- ვახტანგ ძაბირაძე
ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?
უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - “ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”
“აშშ დაინტერესებულია, რომ სამხედრო გემებს ანაკლიის პორტში შესვლა შეეძლოთ”
"ოცნებამ" საარჩევნო კამპანია "მთავარი კოზირით" დაიწყო
“ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”
"მტკიცე სული“ საზღვაო კომპონენტით - “ნატო ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს”
ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება - “ეს არის გაფრთხილება სხვა დეპუტატებისთვისაც...”
“სად არის კალაძე, მისი მოადგილე მოვიდნენ აქ... ძლივს ვარჩენ ოჯახს"