“არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ” -მამუკა ხაზარაძე

“სამწუხარო კომენტარებს ვისმენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხალხის რჩეულები, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიიდან არიან, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე აკეთებენ შეფასებებს და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ის, რაც მე საპარლამენტო ტრიბუნაზე გულახდილად ვთქვი, ყველა ის პუნქტი, რომლებიც ჩამოვთვალე, მათ შორის მუქარის წერილი, თუ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკაა, მაშინ კითხვა მაქვს: სად უნდა შეწყდეს სიმართლის თქმა? მოვყევი ის, რაც თავს გადამხდა და გავაპროტესტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და შესაბამისად, არაფერს და არავის ამოვფარებივარ. თქვენ ნახეთ, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადავდექი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დამეცვა დეპოზიტორების, კლიენტებისა და ინვესტორების უფლებები იმ შემოტევებისგან, რომელსაც ბანკი განიცდიდა. ცნობილია, როგორ იზარალეს ბანკის ინვესტორებმა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი განცხადების შედეგად”, - აცხადებს “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით “არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ” / “ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება” / “რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა” / “ისევ ვთვლი, რომ დღეს რევანშის დრო არ არის” / “ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: არ მივდივარ პოლიტიკაში”.

 

“პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, აშენდება პორტი თუ არა, რომ თითქოს რაღაც ვადა გაგრძელდა და ა.შ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ლაპარაკი არ არის სამშენებლო პროცესის გადავადებაზე, ლაპარაკია ბანკებთან ფინანსური საკითხების დახურვის გადავადებაზე და კონკრეტულად 400 მილიონ დოლარზე. ბანკებთან მოლაპარაკება ერთ წლის წინ უნდა დაგვესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვით გადაიდო, ჩვენი რისკით პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ (ეს ინვესტორების ფულია. ანაკლიის პორტის ინვესტორები არიან მსხვილი ამერიკული კომპანიები SSA MARINE, “კონტი ჯგუფი” და ასევე, საერთაშორისო კომპანიები ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან), უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ და სამშენებლო პროცესი ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ზუსტად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ჩვენ რომ დავლოდებოდით ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვას, მაშინ პორტის გახსნა, მინიმუმ, წლინახევრით გადაიდებოდა. რატომ მოხდა ეს? მართალია, ჩვენ ანაკლიის პროექტის რეალიზების უფლება მოვიპოვეთ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დროს, მაგრამ თითქმის ორი წელი დაგვჭირდა სახელმწიფოსთან კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად. ბოლოს მოვაწერეთ იმ კონტრაქტს ხელი, რომელსაც მოვაწერეთ, რადგან მეტად დროის გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ან უარი უნდა გვეთქვა, ან დავთანხმებულიყავით იმ იმედით, რომ თუ ამ პროექტს ბანკები მიიღებდნენ დასამუშავებლად, ისინი თავად დაუბრუნდებოდნენ კონტრაქტში არსებულ იმ 8 პუნქტს, რომლებიც ჩვენ წინასწარვე ვიცოდით, რომ მათთვის არ იქნებოდა მისაღები. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. სახელმწიფოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩვენ, როგორც კონსორციუმი, არანაირ ცვლილებას არ ვითხოვთ, ცვლილებებს ბანკები ითხოვენ. ასეთია მათი საერთაშორისო გამოცდილება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

 

“ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები (ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი) ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა (პორტი სხვა ინფრასტრუქტურისგან განცალკევებულად არ მუშაობს). სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი. ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ამიტომ ამბობენ, თუ ჩვენ ამ რისკს ვიღებთ, თქვენ აიღეთ ვალდებულება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ რისკებზეო. ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის დაფინანსებაზე და არა მთლიანად 400 მილიონზე. მეორე მხრივ, ყველა კვლევის მიხედვით, ტვირთი იმაზე მეტია, ვიდრე პირველ ფაზას სჭირდება. უბრალოდ, ლაპარაკია პირველ ორ-სამ წელიწადზე, სანამ ბაზარზე ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამას ითხოვენ ბანკები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია... პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პარალელურად ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზეა საუბარი. იქაც ოპიკია (კერძო ინვესტიციების საერთაშორისო კორპორაცია) ჩართული. შეიძლება ვთქვათ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა ანაკლიის პორტს?” - პასუხობს:

 

“მაშინ ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ყველაზე მთავარი პორტის საქმიანობაში ოპერატორი კომპანიის მოძიებაა. ჰოლანდიელებმა, რომლებიც ჩვენი კონსულტანტები არიან ამ პროექტში, საერთაშორისო ტენდერი ჩაგვატარებინეს და გამოვავლინეთ გამარჯვებული - სინგაპურის პორტის ადმინისტრაცია, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. მათთან მოვილაპარაკეთ, პროექტი მოეწონათ, ინვესტიციაზე აიღეს ვალდებულება, ჩაატარეს საინვესტიციო ობიექტის დეტალურად შესწავლა და ბოლოს თქვეს, რომ სჭირდებათ 5-წლიანი ექსკლუზივი. ამ პერიოდში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ იქნებოდა გაცემული (აქ არ იყო ლაპარაკი არსებული პორტის გაღრმაწყლოვანებაზე). მთავრობას მაშინ ჩვენ ბევრი მაგალითი წარვუდგინეთ, როცა ახალი პორტის მშენებლობისას ძველი პორტის მფლობელი კომპანია იწყებს პიარსვლებს, რაში გჭირდებათ ახალი პორტი, როცა შემიძლია უკვე არსებულის გადაიარაღება მოვახდინოო. ხშირად ასეთ დროს აღარც ახალი პორტი შენდება, რადგან ინვესტორს ამ პირობებით ვეღარ იზიდავ და აღარც ძველის გადაიარაღება გამოსდის, საბოლოოდ კი ასეთი ქვეყნები პერსპექტივის გარეშე რჩებიან. თუმცა მაშინ მთავრობამ ამაზე გვიპასუხა, რომ ეს იქნებოდა კონკურენციის შეზღუდვა და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ჩვენს პორტებში ოპერირებენ, ამის გამო შეეძლოთ ხელისუფლებისთვის ეჩივლათ. მოკლედ, ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მიერ შერჩეულმა პორტის ოპერატორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფოს 600 მილიონიდან 200-ის თანაინვესტირება მოეხდინა. ამ საკითხზე შევხვდი ბიძინა ივანიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო გამოყოფდა 100-მილიონიან საკრედიტო ხაზს, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მოიზიდავდა გარედან, ეს არ იქნებოდა ბიუჯეტის თანხა, და გვასესხებდა ჩვენ. თუმცა შერჩეული ოპერატორი კომპანიისთვის ეს პირობა მისაღები არ გამოდგა. აი, აქ კი აღმოვჩნდით ვაკუუმში და ამ დროს გამოჩნდა SSA MARINE - ცნობილი და სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერატორი გახდა.

 

“ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50-მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა. ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციასო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ბანკებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ დასვეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირდაპირ და მკაფიოდ გვითხარით ყველაფერი ფოთის პორტზეო. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პუნქტია ზემოთ ხსენებული რვიდან. არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა. იქით გკითხავთ: თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ასე ინტენსიურად შემოტევა “თიბისისა” და ჩემზე რაღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე? იმდენი მხრიდან გვიტევენ, რომ ეს მართლაც ორკესტრირებულია. სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან კი, ნაცვლად იმისა, პროკურატურას მიმართონ საქმის დროულად გამოსაძიებლად ან დასახურად, პასუხად იმ წერილის გაშარჟება მივიღე, რომელიც მივიღე და ეს გულწრფელად ვთქვი. არაფრის გადაფარვის და არც პოლიტიკურ დებატებში ჩაბმის სურვილი არა მაქვს. მარტო წერილზე ხომ არ ვთქვი? განვაცხადე კიბერშეტევაზე, ჩვენს ორგანიზაციაში ერთდროულად ოთხი უწყების შემოსვლაზე, ფულის გათეთრების შესახებ აბსურდულ ბრალდებაზე... თუმცა არც ერთ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. არავინ მოსულა, არავის უნახავს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ჩვენი აუდიტის დასკვნა და ეროვნული ბანკის შემოწმების აქტი. ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქრო? დამთხვევაა? ჩემი აზრით, არ არის დამთხვევა”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

 

“როდესაც უსამართლოდ გიშვებენ იმ ბანკიდან, რომელსაც 27 წელი აშენებდი, როდესაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმის შესახებ პროკურატურის პრესკონფერენციის ფონზე ეროვნული ბანკი იღებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს უნდა ელოდო. შავი პიარის ფონზე ეროვნული ბანკი მეუბნება, უნდა გადადგე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ამ დროს მიგზავნის წერილს, სადაც წერია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრების კრიმინალური ფაქტი არ დასტურდება და პრეტენზია ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. როცა ვუთხარი, ამ წერილის გასაჯაროება მინდა-მეთქი, მიპასუხეს, არა, შენ უნდა წახვიდე “თიბისიდან”, წერილს კი ბანკს მივცემთ, რომ გააგრძელოს მუშაობაო. ეს არ არის შანტაჟი?! შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ასეთი ენით ილაპარაკოს?! რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს, იყო თუ არა ფულის გათეთრება?!.. ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა”, - დაასკვნის “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი.

 

“ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უაპელაციოდ ატრიალებენ ამ 17 მილიონის თემას და თან არანაირი დეტალური ინფორმაცია არა აქვთ, თუ რა მოხდა რეალურად. აქცენტი იმაზე გადააქვთ, რომ მოსახლეობას უთხრან, აი, წაიღო 17 მილიონი და არ დაუბრუნებიაო. ასე არ არის, ხალხო! ჩვენ არავის ვალი არა გვაქვს, ყველაფერი გასტუმრებულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია. თუ ლაპარაკია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არასრულყოფილია - ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ჩვენ დავარღვიეთ ბანკთან დაკავშირებულ პირთა პროცედურა, ამასაც გავასაჩივრებდით, მაგრამ ბანკისთვის პრობლემები რომ აგვერიდებინა, იძულებული გავხდით ეროვნულ ბანკთან დავა შეგვეწყვიტა. ანუ, რასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა დაამთავრა ჩვენთან ამ თემაზე საუბარი და თუ დაამთავრა, მაშინ რაზეა ლაპარაკი?! ამიტომ ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ახლა მიდის ინტენსიურად ლაპარაკი იმაზე, რომ მამუკა და ბადრი ცალკე არიან და “თიბისიში” ყველაფერი კარგადაა. ამბობენ, რომ ანაკლია დიდი პროექტია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ხოლო მამუკა და ბადრი დაქირავებული მენეჯერები არიან. დაქირავებული მენეჯერები და ბიუროკრატები თავად არიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ნამყოფი არ არის ანაკლიაში, არც გემი უნახავს, არც ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა და შეფასებებს აკეთებს, რა ჰქვია ამას?! ოთხჯერ რომ ჩავარდა ანაკლიაში გზისა და რკინიგზის დაპროექტების ტენდერი, მილიარდი ლარი რომ ვერ აითვისა ქვეყანამ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს რისი ან ვისი ბრალია?! ჩვენ ახალი სახსრები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან და ამათ აგერ ანგარიშზე აქვთ თანხა ბიუჯეტში, ვერ ითვისებენ და ამ ადამიანებისგან გვესმის პრეტენზიები... ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებასო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია. როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და, ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ახლა მთელი ჩვენი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში “გაარკვიეს”, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა.... ჩვენ სასამართლო ექსპერტიზის აუდიტი მოვითხოვეთ ლონდონში, რათა იმათაც შეამოწმონ ყველაფერი. ჩავაბარეთ ყველა ჩვენი ანგარიშის ამონაწერი, ჩემი პირადი და ბადრის პირადი ანგარიშის ამონაწერი, სად მივიღეთ თანხა, სად ჩაირიცხა. ყველაფერი ბოლო თეთრამდე ჩასულია ბანკის კაპიტალში, რომელიც გაქრა იმიტომ, რომ ბანკს 200 მილიონი ჩამოეკიდა და გარესაბალანსო ანგარიშზე გავიდა. აი, ეს არის მთელი ამბავი და არანაირ ფულის გათეთრებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.





მსგავსი სიახლეები
“ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”
“მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა” - ნუკრი ქანთარია
ჯარიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ
"მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს"
“ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...” - ხათუნა ლაგაზიძე
“არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ” -მამუკა ხაზარაძე
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები
"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა - ღარიბაშვილი პარტიაში ცვლილებებს დაიწყებს"
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ
ორი პოტენციური თანამდებობა ღარიბაშვილისათვის - პარლამენტის თავმჯდომარე ან ისევ შს მინისტრი
ხაზარაძის “ნაღმი აფეთქდა”
საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან
ბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს
"ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის
"ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს"
“ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილის არაფრის გარანტორი აღარ არის” - შოთა მალაშხია
"ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა "ოცნებისთვის" კატასტროფა იქნება"
“ხაზარაძეს ასე უყენებენ საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა წავიდეს ანაკლიიდან” - სანდრო თვალჭრელიძე
“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე
პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა