“ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...” - ხათუნა ლაგაზიძე

“ჩანს, “თიბისის” საქმე ბევრი მიმართულებით იქცევა ტესტად როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრისთვის.... მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოდროინდელ განცხადებებში კატეგორიულად გამორიცხავენ ანაკლიის პორტთან “თიბისის” საქმის კავშირს, მაგრამ მათ ამ განცხადებების გაკეთება ძალიან დააგვიანდათ და ეს ორი საკითხი, ფაქტობრივად, გადაეჯაჭვა ერთმანეთს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...” / “ცალი თვალი გავაპაროთ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისკენ... ერთი მაგალითიც არ მახსოვს, ასეთი რამ რომელიმე ბიზნესმენს გაებედა და თუ გაბედავდა, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, კარგად წარმოგვიგდენია” / “ახალ ადამიანებს თუ იმიტომ არჩევენ, რომ ათით მეტი კობახიძე ჰყავდეთ, შედეგად საზოგადოების ათჯერ მეტ აგრესიას მიიღებენ” / “ღარიბაშვილის მოსვლით “ქართულ ოცნებას” მიეცა კარგი შანსი, ყველაფერი დაეწყო თეთრი ფურცლიდან”.

 

 

“ცნობილია, რომ თავის დროზე ამ პორტით ჩინელები იყვნენ დაინტერესებული. ამბობდნენ, რომ მოგების თვალსაზრისით მათი წინადადება უკეთესი იყო, თუმცა მაშინ დასავლური ქვეყნების პოზიცია იყო ცალსახა და ნათელი - ისინი კულუარულად პირდაპირ სთხოვდნენ ხელისუფლებას, შავ ზღვაზე ჩინელებისთვის პორტის დათმობისგან თავი შეეკავებინათ. მახსოვს, იმხანად საქართველოში ჩამოსული იყო იაპონელი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ პირველ პირებთანაც ჩაწერა ინტერვიუები, მეც მესაუბრა და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ იაპონელებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ანაკლიის პროექტში ჩინელების გამოჩენა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ პორტის საკითხში ძალიან ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესები გადაიკვეთა, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა სცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს... მოდი, საკითხი ასე დავსვათ - არის თუ არა განვითარებული პროცესები ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტის ართმევის მცდელობა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამხელა საერთაშორისო პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესებია ამ პორტთან დაკავშირებული, ბუნებრივია, რომ “თიბისი ბანკისა” და ხაზარაძის გარშემო შექმნილ ვითარებას აუცილებლად მიეცემოდა პოლიტიკური ელფერი და მთელი პროცესი საბოლოოდ აუცილებლად დააზიანებდა პორტის პროექტის განვითარებასაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

“საკითხი დაისმის ასეც: ამ სკანდალამდე სრულდებოდა თუ არა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებიც ხაზარაძემ და კონსორციუმმა აიღეს? ისე ჩანდა, რომ ძალიან უჭირდათ ფინანსების მოძიება. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობისას სახელმწიფომ გაიღო მნიშვნელოვანი თანხა, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო. არ ვიცი, ხელისუფლების მესიჯები, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები არასრულად შეასრულა, სიმართლეა თუ არა, მაგრამ ხელისუფლებამ ისე მოახერხა ამ პროცესების წარმართვა, ახლა ეს განცხადებები სიმართლე რომც იყოს, ამას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს... მით უფრო, ამ ხმაურის ფონზე მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტის დაფინანსება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეფერხდეს. მთავარია, რას გააკეთებს ხელისუფლება, რომ ეს არ დაუშვას. რა პოლიტიკას აირჩევს სახელმწიფო, თუ კონსორციუმის მხრიდან ინვესტიციების მოზიდვა გაჭიანურდა? მიეხმარება თუ არა ინვესტიციების მოძიებაში და ვინ იქნებიან ინვესტორები?! აი, ეს პროცესი აჩვენებს, აპირებს თუ არა ხელისუფლება, დაათმობინოს ხაზარაძესა და ამ კონსორციუმს ანაკლიის პროექტი და იმასაც, რეალურად აფასებენ თუ არა ამ პორტის მნიშვნელობას... ფაქტია, ძალიან გვიან გამოიფხიკეს ყურები და ძალიან გვიან განაცხადეს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის საკვანძო საკითხია... არ ვიცი, რატომ გაუჭირდათ თუნდაც სიტყვიერად ამის აღიარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“ზოგადად, ჩვენს ხელისუფლებას ახასიათებს გვიანი რეაქციები და ხშირად არიან ხოლმე უკან მიდევნებული ლამპრის პოზიციაში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ აზვავდა საუბრები, რომ ანაკლიის პორტს ებრძვის ხელისუფლება, რა გახდა ერთი განცხადება იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პორტი ქვეყნისთვის? ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ თქვა გიორგი გახარიამ. განცხადება იყო სწორი, თუმცა - დაგვიანებული... შესაბამისად, ისმის კითხვა: რატომ თავიდანვე არ გაუფრთხილდნენ ანაკლიის პორტის იმიჯს, თუ ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებული იყო იგი?! ახლა ის დროა, გამოვიდნენ და წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და გარანტიები, რომ ანაკლიის პორტი ამ პროცესებით არ დაზარალდება. თუ თვე-ნახევრის წინ მხოლოდ განცხადებები იქნებოდა საკმარისი ანაკლიის პროექტში ჩართული კონსორციუმის რეპუტაციის გადასარჩენად, დღეს სახელმწიფოსგან სულ სხვა ტიპის გარანტიებია საჭირო... დღეს ხელისუფლების მართლაც ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, ისეთი, როგორიც უცხოური ფინანსების მოსაზიდ გარანტიად გამოდგება; წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცებას, რომ ანაკლიის თემით მანიპულირება ხდება და ამ პროექტს არაფერი ემუქრება, ვერავის დააჯერებენ... ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რეალურად დაანახოს საზოგადოებას, რა ხდება, არადა, ეს მისი ვალდებულებაა... ვის ინტერესს ემსახურება ეს ქაოსი?”, - ამბობს ექსპერტი.

 

 

“რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, როგორც ვიცი, იმ კონსორციუმში, რომელშიც წამყვანი ჩინური კომპანიები იყო, რუსული კაპიტალიც ფიგურირებდა... რუსეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ, რა თქმა უნდა, დიდია... იმგვარი აშკარა მუქარის შემცველი რიტორიკა, რაც ბოლო ხანს რუსეთიდან მოვისმინეთ, კარგა ხანია, არ ყოფილა. საკითხი პირდაპირ ასე დასვეს - ან ნატო, ან კავკასიაში სტაბილურობაო! რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია? აშკარაა, რუსეთი ბევრი მიმართულებით აქტიურდება, მათ შორის ერთ-ერთი უთუოდ არის ანაკლიის პორტი... ის ცდილობს ზეწოლას, მით უფრო, რომ საქართველოში ამჟამად შიდაპოლიტიკური ვითარება ძალიან მყიფეა... ამ ფონზე სერიოზული მობილიზება მართებს საქართველოს ხელისუფლებას. არ დაგავიწყდეთ - ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება”, ადამიანური რესურსების თვალსაზრისთ, “შაგრენის ტყავივით” პატარავდება... რაც შეეხება წერილს, თუ ამ ხელისუფლებაში ვინმეს მართლაც მოუვიდა თავში მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ეს იქნება ის კერკეტი კაკალი, რომელიც ხელისუფლებას კბილებსაც დაამტვრევს და ყელზეც დაადგება... მედიის თავისუფლებას ამ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ეს ის არის, რასაც ყველაზე ბოლოს დავთმობთ!”- მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

“აშკარაა, რომ მმართველი პარტია საკუთარ კალათაში ძალიან ბევრ შავ ბურთულას აგროვებს. გასაგებია, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც 2003 წელს იყო, მაგრამ დასავლეთის დიპლომატია ყველა შეხვედრაზე აშკარად და გარკვევით ამბობს, რომ არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლებასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემენ. თავის დროზე ეს იყო “რუსთავი 2”-ის საქმე, დღეს ამ სიაში ჩაიწერა “თიბისის” თემა, რომელიც პირდაპირ ებმის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ამავე სიაში აუცილებლად ჩაიწერება “ტვ პირველის” საკითხიც, თუ ამგვარი რამ ვინმეს თავში მართლაც მომწიფდა ან მომავალში მომწიფდება... ეს ისეთი გამოწვევებია, რომელთა წინაშე დადგომასაც საქართველოს ხელისუფლებას არ ვურჩევდი, მით უფრო მაშინ, როცა ასეთი თვალსაჩინოა მმართველ პარტიაში მიმდინარე რღვევის პროცესი... ამ ყველაფერს ემატება მოსამართლეების საკითხი, ეუთოს დასკვნითი ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე, რასაც მწვავესაც კი ვერ დაარქმევ - ეს არის ანგარიში, რომელშიც დიპლომატიურ ეტიკეტსა და ზომიერებაზე უარია ნათქვამი... ჩემთვის ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მაინც არ მინდა, ხელისუფლების რაციონალობის იმედი მთლად დავკარგო...”, - დაასკვნის ექპერტი.

 

 

“თუ ხელისუფლება ხელების გადაგრეხის პოლიტიკას აირჩევს, ძალიან მეეჭვება, ამის რესურსი ჰქონდეთ. ამაში “ქართულ ოცნებას” საკუთარი დეპუტაციის ნაწილიც კი არ გაჰყვება. არადა, დღეს “ქართულ ოცნებას” დიდი არჩევანი არა აქვს. მას 2020 წლამდე სიარული მხოლოდ ორი გზით შეუძლია - ან რეფორმები, რომლებსაც ძლიერი ხელი გაატარებს, ანაც ხელის გადაგრეხის პოლიტიკა, რომელსაც ასევე ძლიერი ხელი დასჭირდება, მაგრამ - რეფორმების გარეშე. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა სწორედ რეფორმებს ელოდება და თუ მმართველ პარტიაში ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, გამოდის, ხელების გადაგრეხის პოლიტიკა აურჩევიათ... ძალიან არ მინდა, რომ პროცესები ამ გზით წავიდეს. როგორც გითხარით, ეს უფრო დიდ ქაოსს გამოწვევს და “ქართული ოცნების” რღვევის პროცესიც უფრო გაღრმავდება - დღეს ისევ ბევრი დეპუტატია უმრავლესობაში, რომლებსაც მოსამართლეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია არ გამოუხატავთ. სხედან გასუსულები სანგარში და იცით, რატომ? უარს ამბობენ ხელისუფლების პოზიციის დაცვაზე, თუმცა სხვა სანგარში გადანაცვლებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებენ”, - განმარტავს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ გეგმაზე, რომ “ქართული ოცნება” ახალი სახეების ძებნას იწყებს...”, - პასუხობს: “აქ ერთი რამ არის საინტერესო - რა ფუნქციით აპირებენ ახალი ხალხის მოყვანას საკუთარ რიგებში - რეფორმატორების თუ რუპორების? თუ ახალ სახეებს რუპორებად არჩევენ, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტას დაითანხმებენ. ირაკლი კობახიძისადმი საზოგადოების ანტიპათია მისი გარეგნობით კი არ არის გამოწვეული, არამედ მისი იდეებია მიუღებელი, რასაც ის დაუნანებლად აფრქვევს. ახალ ადამიანებს თუ იმიტომ არჩევენ, რომ ათით მეტი კობახიძე ჰყავდეთ, შედეგად საზოგადოების ათჯერ მეტ აგრესიას მიიღებენ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მკაფიო ხაზს და რეფორმირებისთვის მზადყოფნას, საზოგადოებისკენ შემხვედრი ნაბიჯების სწრაფად გადადგმის სურვილს... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, არ იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეინარჩუნონ. ერთადერთი, რისი იმედიც მათ აქვთ, არის ოპოზიციის დაქსაქსულობა, მაგრამ ერთხელაც იქნება ეს დაქსაქსულობა დასრულდება.” “ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლით `ქართულ ოცნებას~ მიეცა კარგი შანსი, ყველაფერი დაეწყო თეთრი ფურცლიდან - იმედი მქონდა, რომ “ოცნება” ჩამოიფერთხავდა ე.წ. მოსამართლეთა კლანის თემას და ამას კობახიძეს “შეატოვებდა”. ვფიქრობდი, რომ ღარიბაშვილი გამოვიდოდა, როგორც ძველი ღირებულებების დაბრუნების ლიდერი, რომელიც იტყოდა, რომ ნამდვილი, ღირსეული, პირველი ფორმაციის “ქართული ოცნება” ირჩევს სასამართლო რეფორმას და უარს ამბობს “ნაციონალური მოძრაობისგან” მემკვიდრეობით მიღებულ მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე. ეს იყო ძალიან კარგი შანსი “ოცნებისთვის”, რაც არც უკან დახევად ჩაეთვლებოდათ, თუმცა ასე არ მოხდა. დასანანია... ამიტომაც ჩემთვის უფრო ბუნდოვანი გახდა, რა მიმართულებით ივლის “ოცნება” და ხედავს თუ არა ის რეფორმების აუცილებლობას. იმედი ვიქონიოთ, რომ ხედავს, თუ არადა, ვფიქრობ, ოპოზიცია გამონახავს რაციონალურ გზებს ხელისუფლების ირაციონალურობასთან გასამკლავებლად. სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო დიდ ქაოსში ჩაიძირება”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.





მსგავსი სიახლეები
ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის
რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები
ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში
სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს?
"ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ინვესტიციების მეშვეობით გაიზარდა
რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
ბირთვული კატასტროფა რუსეთში, კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”
კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია
აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე
“გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”
რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია
“არ მოგაგუდინებთ...” - რა უნდა პროკურატურას “ტვ პირველისაგან”
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები
შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად
“ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება” - ვახტანგ ძაბირაძე
"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - გია ხუხაშვილი
რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე
რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია
კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში