ჩემპიონთა ლიგა – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ყოველი გათამაშება ფეხბურთის გულშემატკივარს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელმა სეზონმა კი ამ თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მეტიც, მერვედფინალური ეტაპი ტურნირის ორი უმნიშვნელოვანესი ფავორიტისთვის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად იქცა!

მოდით, მადრიდის „რეალით“ დავიწყოთ, რომელსაც ამსტერდამის „აიაქსთან“ გასვლაზე 2:1 მოგებული პირველი მერვედფინალური მატჩის მერე, საკუთარი თავი ფავორიტად მიაჩნდა და თითქოს მზად იყო „ბარსელონასთან“ განცდილი ორი ფიასკოს შემდეგ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წამდგარიყო.  

აი მოვლენები კი სრულიად საპირისპირო გზით განვითარდა. ვინ იფიქრებდა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს, ლა ლიგის გათამაშებაში, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასვლაზე 3:1 ფანტასტიკურ სტილში მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ ერთი თვის მანძილზე მხოლოდ ერთ მატჩს და თანაც მსაჯების დახმარებით, ბევრის არაფრის მთქმელ „ლევანტესთან“ მოიგებდა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ზედიზედ ოთხ (!) შეხვედრას წააგებდა?

ესპანურ საფეხბურთო სივრცეში „სამეფო კლუბს“ „ბარსელონამ“ რომ ნამდვილი კოშმარი გამოუწერა, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რომ იქამდე „რეალი“ ლა ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთმა კატალონიურმა კლუბმა – „ჟირონამ“ დაამარცხა.

მორიგი კატასტროფა კი „სამეფო კლუბს“ თურმე წინ ელოდა. ამგვარ სცენარს თვით სერხიო რამოსიც ვერ წარმოიდგენდა, რომელმაც მეოთხედფინალში მშვიდად თამაშის მიზნით, „აიაქსთან“ პირველ მატჩში მეორე ყვითელი ბარათი შეგნებულად მიიღო და საკუთარ გუნდს ჰოლანდიელებთან განმეორებით შეხვედრაში სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა.

მისი შემცვლელი ნაჩო კი, გარდა იმისა, რომ დაცვის ცენტრში გამუდმებით სცოდავდა, ფსიქოლოგიურადაც ვერ მოემზადა სწრაფი ჰოლანდიელებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. საბოლოოდ, მადრიდელთა დაცვის ბურჯმა უკვე 1:4-ის დროს, შეხვედრის ბოლო წუთზე წითელი ბარათი დაიმსახურა, რომელიც წესით და რიგით, მთელმა „სამეფო კლუბმა“ უნდა გაიზიაროს – მწვრთნელით დაწყებული, თითოეული მოთამაშით დამთავრებული, რადგან შექმნილ სიტუაციაში ნებისმიერ მათგანს მიუძღვის წვლილი.

„რეალს“ „აიაქსთან“ შეხვედრაში გარკვეულწილად არ გაუმართლა, როდესაც ტრავმების გამო ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება ნაადრევად მოუწია, მაგრამ არც გარეთ ბეილი და არც ერთადერთი გოლის ავტორი მარკო ასენსიო სხვებზე უარესები არ ყოფილან მასპინძელთა რიგებში, რომლებიც მეტოქემ ნებისმიერ სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა.

ჰოლანდიელთა სწრაფი და მახვილგონივრული იერიშების მოსაგერიებლად „რეალის“ დაცვითი ხაზი უძლური აღმოჩნდა, დრომოჭმული და ერთფეროვანი ბენზემას მიერ გამწვავებული შეტევები კი ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველებისთვის საკმაოდ იოლი  აღსაკვეთი იყო.

 

პირველი და მეოთხე გოლის ავტორები მადრიდის „რეალის“ კარში ჰაკიმ ზიეჰი (მარჯვნივ) და ლასე შონე (მარცხნივ)

 

მადრიდის „რეალისთვის“ გასული თვე გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკად სამივე ფრონტზე იქცა. „სამეფო კლუბი“ გამოეთიშა როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ესპანეთის თასის ასპარეზობას. ლა ლიგის მოგების პერსპექტივა კი ამ გუნდისთვის ფანტასტიკის სფეროს შეიძლება შევადაროთ.

გარდა ამისა, „რეალმა“ დათმო ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი, რაც მთელი არსებობის მანძილზე საამაყო ჰქონდა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. ამიერიდან მას „ბარსელონასთან“ მატჩებში მოგება-წაგებების უარყოფითი ბალანსი ექნება.

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი გრანდიოზული სენსაციის შემოქმედი კი უკვე ტრადიციულად „პარი სენ ჟერმენია“. რა სჭირს ამ გუნდს, რომელიც შეთქმულების თეორიის მომხრეებს ყოველწლიურად ახალ-ახალი ეჭვების საფუძველს აძლევს?

ვარსკვლავური ავადმყოფობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უკურნებელი სენი ეს ალბათ მხოლოდ „პარი სენ ჟერმენისთვისაა“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგიდან გასავარდნად იმდენი საგოლე მომენტი შეიძლება გააფუჭოს და სულელური გოლი გაუშვას, რამდენიც ამას ზუსტად ესაჭიროება.

„ბარსელონასთან“ შარშანდელი 1:6 „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წლევანდელმა 1:3-მა ჩაანაცვლა და როგორც აღმოჩნდა, პარიზელებისთვის აბსოლუტურად სულ ერთია,  გადამწყვეტ სიტუაციაში სად დამარცხდებიან – საკუთარ მოედანზე თუ სტუმრად. მთავარი ისაა, რომ „პარი სენ ჟერმენისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი სეზონი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა!

თომას ტუხელის ბიჭებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასვლაზე 2:0 ისე დაამარცხეს, რომ  საკუთარი კარის მიმართულებით ერთი დარტყმაც არ უგემიათ. აქედან გამომდინარე, თუკი საფეხბურთო ექსპერტები „აიაქსს“ მადრიდის „რეალთან“, ამ უკანასკნელის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე, მეოთხედფინალში  გასვლის გარკვეულ შანსს ანიჭებდნენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომდევნო ეტაპზე მოხვედრის იმედს მის გულშემატკივართა ემოციური მუხტი თუ ქმნიდა, თორემ რატომ უნდა დამარცხებულიყო შინ ანგარიშით 1:3 სრულიად დასვენებული და საფრანგეთის უპრობლემო ჩემპიონი თუნდაც აღმავლობის გზაზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედთან”?  

განახევრებული შემადგენლობით წარმოდგენილი სტუმარი გუნდის მიერ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგების სიმბოლოდ სკოტ მაკტომინეი ხომ არ შეგვერაცხა, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი თვეა, რაც გუნდის ხერხემალს წარმოადგენს და უდიდეს სამუშაოს ასრულებს მოედანზე?

მის საპირისპიროდ კი ანხელ დი მარია მრავალ მომენტს ქმნის, ბევრს აფუჭებს, ზოგჯერ გააქვს, მაგრამ დაცვას ნაკლებად ეხმარება. რაც მთავარია, „პარი სენ ჟერმენი“ ვერაფრით მიხვდა, თუ როგორ უნდა ეთამაშა ხანგრძლივი 1:2-ის პირობებში უფრო ფრთხილად და მიზანდასახულად, რადგან ეს გუნდი მდევრის როლში თითქმის არასოდეს ხვდება.

ფორტუნა, რა თქმა უნდა, პარიზელებს არ სწყალობდათ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში, მაგრამ შეიძლებოდა ისეთი გოლების გაშვება, რაც მათ საკუთარ კარში მიიღეს? ალბათ ძნელია რომელიმე მეკარეს უპოვო ისეთი შეცდომა, როგორიც ჯან ლუიჯი ბუფონმა დაუშვა ამ მატჩში.

 

 „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები წარმატებას ზეიმობენ

 

იქამდე კი მასპინძლებს არაერთგზის შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ვარსკვლავურმა სენმა ეტყობა, ნორჩ მბაპესაც უწია, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში ზუსტ ქმედებებზე კონცეცნტრირებას ვერ ახდენდა.

მასპინძლებს დათვური სამსახური იმ მოჩვენებითმა უპირატესობამაც გაუწია, რომელსაც ბრძოლისუნარიანობით გამორჩეულმა მეტოქემ მატჩის ბოლო წუთზე მათ კართან თერთმეტმეტრიანით უპასუხა.

მთავარი საოცრება კი ისაა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ეს მატჩი მოიგო მეტოქეზე ყოველგვარი ზეწოლის და მის კართან რეალური საგოლე მომენტების შექმნის გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა ალბათ მომავალში საფეხბურთო ექსპერტთა მიერ შესწავლის საგნად უნდა იქცეს.

ასეთ რთულ მატჩში მოპოვებული წარმატება მომავალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თითოეულ ფეხბურთელში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებლად დანერგავს დაუმარცხებლის სინდრომს, რაც ოლე გუნარ სულშერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრეტენდენტად აქცევს.

მეოთხედფინალში მისი პოტენციური მეტოქეები დღესდღეობით „ტოტენჰემი“, „პორტო“ და „აიაქსია“. დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა კი ამ სამშაბათ-ოთხშაბათს გაირკვევა.


განვლილი მატჩების შემხედვარენი სიურპრიზს ალბათ უკვე ნებისმიერ წყვილში უნდა ველოდოთ. კიდევ ვისთვის იქცევა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება? ნუთუ ეს „ბარსელონა“ უნდა იყოს, „მანჩესტერ სიტი“ ან „ატლეტიკო“?


ტურინის „იუვენტუსისგან“ შარშან მადრიდის „რეალთან“ თითქმის შემობრუნებული  მატჩის შემდეგ თითქოს ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ისიც ხომ  ფაქტია, რომ უკანასკნელ წლებში გადამწყვეტ ფაზაში იტალიელთა ნებისმიერი ქმედება სწორედ ამ „თითქმისთანაა“ გაიგივებული?


„ბარსელონა“ თუკი შარშან „რომასთან“ „პარი სენ ჟერმენის“ სტილში გამოვარდა, ნუთუ უნდა გამოირიცხოს „კამპ ნოუზე“ მისი ფიასკო „ლიონთან“ შეხვედრაში, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებიდან გამომდინარე, გრანდებთან ბრძოლა ნამდვილად არ ესწავლება?

 

„ბაიერნი“ – „ ლივერპულის“ შედეგი კი სენსაციურად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი რომელიმე მათგანი მეტოქეს დიდი ანგარიშით დაამარცხებს, თორემ როგორც ინგლისურ, ასევე გერმანულ კლუბს მეოთხედფინალურ ეტაპზე მოხვედრის დაახლოებით თანაბარი შანსები გააჩნიათ.





მსგავსი სიახლეები
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება
ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
გუნდის კაპიტანი თათია ლორთქიფანიძე შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს - „ხელისუფლებამ ეს არ იცოდა, ეს არის ძალოსნობის ფედერაციაში მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ზონდერები“
რომელ ადგილს იკავებდა თბილისის დინამო 1982 წელს უეფას რეიტინგში
„სპორტში რუსებზე ძლიერები ხართ ეს ქართველები - უკვე წლებია, რაგბიში ვერ გამარცხებთ“
„მესები“
რა არ გამოეპარა პეტკოვიჩის მახვილ მზერას და რას დაგვანახვებს ირლანდიასთან მატჩი
„არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს - გული მწყდება“
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა
„მაისურები გვეცვა სიმბოლურად, თანადგომის მიზნით და იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო - საქართველოსთვის ვითამაშეთ და საქართველოსთვის ვიმღერეთ ჰიმნი“
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგა – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
საქართველოს რაგბის ნაკრებმა 52:3 გერმანიის ნაკრები დაამარცხა
ნინო გულბანმა ნახევარფინალში ავსტრალიელი მარია სვანი იპონით დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ბელგიის ნაკრები 44:6 დაამარცხა
ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
უნგრეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის ტურნირი ორი ბოლქვაძის ორი ოქროს მედლით დასრულდა
“ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტია და იღებს ჩვენს სტიპენდიას - გვინდა, მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, მაგრამ უარი თქვა, რადგან სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა“