მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე

ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.

 

მთავრობის მეთაურმა ფორუმის გახსნისას იაპონია-საქართველოს შესანიშნავ ხალხთაშორის და პოლიტიკურ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.

 

მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.

 

„იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიოში ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული თანაარსებობით, რამაც უპრეცედენტო წარმატებას დაუდო საფუძველი. ჩვენც ზუსტად ასე ვხედავთ განვითარებას, თუმცა შეუძლებელია ნამდვილად მდგრადი და გამძლე ეკონომიკის შექმნა ძლიერი ადამიანური კაპიტალის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით დავიწყეთ განათლების სექტორში ძალიან ამბიციური რეფორმა ჩემს ქვეყანაში. გვსურს, განათლება საქართველოს ეკონომიკის დომინანტ სექტორად ვაქციოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტამდე გავზარდოთ მისი წილი საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით. განზრახული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დარგის დაფინანსების ყოველწლიური ზრდა, რომელიც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მიაღწევს. ხშირად მითქვამს, რომ რეფორმების კუთხით მოსაკრეფი ნაყოფი ქვედა ტოტებზე არ დაგვრჩა. ძალიან ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებით გაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას. საქართველო ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნესცენტრად ქცევის ბუნებრივი კანდიდატი. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე; ვართ მცირე ზომის, თუმცა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ეკონომიკა. ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.

 

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული გლობალურ კონტექსტში, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი. ამ კუთხით ზრდის უდიდეს პოტენციალს ვხედავთ, კონკრეტულად კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ორი კვირის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაზარდა BB ნიშნულამდე და საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სარეიტინგო მაჩვენებელი გაეზარდა. ინფრასტრუქტურის როლი ამ გზაზე გადამწყვეტია და ამ მიზნით ვაპირებთ, 2023 წლისთვის დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საშუალებით წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზრებთან”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

ბიზნესფორუმის ფარგლებში იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი.

 

პრემიერის შეფასებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ერს შორის ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე, რაც იაპონიიდან საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


“დასკვნის სახით, მინდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი მოვფინო საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და რეგიონულ ცენტრად ქცევის უდიდეს პოტენციალს. იაპონია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნების მქონე ერმა დაძლიოს ბევრი სირთულე და წარმატებას მიაღწიოს. კვლავ ვიტყვი, რომ თქვენი დახმარებით და პარტნიორობით ყოველდღე გვახსენდება, რომ წინ ნათელი მომავალია. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოთი დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს მალე ვიხილავ ჩემს ქვეყანაში”, - მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

 

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
„ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების - უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან“
დღეს კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის"
17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ივნისის 17:00 საათისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13 ივნისის საღამოს მონაცემებით
მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება
"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია"- ნათია თურნავა
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა
„ჩვენ გვსურს არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ, გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 ივნისის 17:00 საათისთვის
კონკუსის - #გახდიპირველი2-ის დაჯილდოება გაიმართა
ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ
"დაანონსებული"რევოლუცია არ იქნება! - ეს იმ ორას პარტიასაც დაზაფრავს, "ოპოზიციასაც" და ხელისუფლებასაც, რომელიც მზად იყო, გრუ-ს შვილობილი "ევროპული საქართველოსთვის" გადაებარებინა ხელისუფლება!“
17 ივნისიდან "მაგიკომის" აბონენტები "მაგთი ფიქსით" ვეღარ ისარგებლებენ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 ივნისის 17:00 საათისთვის