“ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”

“ღარიბაშვილის დაბრუნების შედეგებზე ლაპარაკი ძალიან რთულია... ერთი კაცის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. დღეს "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაცემული დაპირებების შესრულება, არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, არამედ რეგიონულ პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაც, მათ შორის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და პლუს საკადრო პოლიტიკის გაჯანსაღება. ჯერჯერობით არც ერთი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით, პრობლემები გაიმრავლეს სასამართლოსა და ანაკლიის თემებით. მოკლედ, ფუნდამენტური ცვლილებების ნიშანწყალი არ ჩანს. არ ვიცი, რას აპირებს "ქართული ოცნება"!” - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, “ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”.

 

“იცით, ყველაზე ცუდი რა არის? მმართველ ძალას უკვე ეჭვით უყურებენ ჩვენი მეგობრები და ვითარების გაუარესებას ცდილობენ ჩვენი მტრები... ანაკლიის პორტის გამო წარმოშობილმა პრობლემებმა ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან გააღიზიანა, ევროპელი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, რაც ნიშნავს, რომ აშკარად ეჭვით უყურებენ ამ სისტემაში თითქოს ჩატარებულ რეფორმებს და იმასაც, რის გაკეთებასაც აპირებს საქართველოს ხელისუფლება. უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ივანიშვილს შეხვდა, თავისთავად ძალიან საყურადღებო აქცენტია. ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურები შემთხვევით არ ჩამოდიან. მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა დრო, შეიძლება სულ რაღაც ერთი თვეც, იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყოს. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ. ქვეყანა რთულ ვითარებაშია, მმართველი ძალა, მით უფრო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“რუსეთის ამგვარი მოქმედებები ორიენტირებულია საქართველოს სახელმწიფოს სისუსტის ხაზგასმაზე. ჩემთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.... ზოგადად, ამ სამინისტროს საქმიანობა ძალიან ბუნდოვანია. ვერ გავიგე ამ პროცესებისადმი მისი სახელმწიფო მიდგომა. შევეშვათ ამ სამინისტროს, თავისი უბედურება ეყოფა მინისტრიანად, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა გავუსვა ხაზი: დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც ძალაუფლება რუსული სამხედრო-საოკუპაციო ძალის ხელშია. იქ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მმართველობაა. აქამდე ეს უფრო აშკარა იყო ცხინვალის რეგიონში. ცხადად ჩანდა რუსი სამხედროების დამოკიდებულება დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არაფრად აგდებენ, ხანდახან სცემენ კიდეც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებსაც კი. იგივე ხდება უკვე აფხაზეთშიც. ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვამ დაგვანახა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არავინ არაფერს ეკითხება. ამას აფხაზებმა თვითონ გაუსვეს ხაზი თავიანთ განცხადებაში, როდესაც თქვეს, რომ მათ არ დაუკავებიათ კვარაცხელია და ისიც პირდაპირ მიუთითეს, ვინც დააკავა...”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: სალომე ზურაბიშვილი არსად ისე არ მიდის, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობასთან ერთად განხილული არ ჰქონდეს. სერიოზულმა სომხურმა ისტებლიშმენტმა კარგად იცის, რატომ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი პირველად აზერბაიჯანში. ისიც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილის სამუშაო პორტფელში აუცილებლად არის გზავნილები ევროპიდანაც. ის ახალგაზრდა, რომელიც სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს, იმ პოზიციიდან ლაპარაკობს, რაც პოპულარულია სომეხ საზოგადოებაში. თურმე უსიამოვნო ნალექი დარჩა ბაქოში ყარაბაღის საკითხზე ჩვენი პრეზიდენტის განცხადებით, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: ამ განცხადებამდე მთიანი ყარაბაღიდან არაერთი ვიზიტი ყოფილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, რის გამოც ძალიან უკმაყოფილო იყო ქართული მხარე, თუმცა ამას არავინ ამბობდა, ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა სავსებით დროულად მიუთითა სომხეთის ხელისუფლებას ამ პრობლემაზე. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს დიპლომატია არ ეშლება - ვინმეს მისი ნათქვამი შეიძლება მკვახედ მოეჩვენოს, მაგრამ მან გააკეთა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი განცხადებები”, - თვლის რესპონდენტი.

 

“ასევე უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რაც მან გარეგინ II-სთან შეხვედრისას გამოხატა, როდესაც საუბარი შეეხო აფხაზეთის სომხური ეკლესიის დაქვემდებარების საკითხს. ვფიქრობ, ეს საკითხი თვითონ ეჩმიაძინისთვისაც უხერხული თემაა. შესაბამისად, ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს ვითარება უნდა გაირკვეს და დროულად დაესვას წერტილი, აბსოლუტურად გამართლებული და დროული იყო. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ეჩმიაძინს არა აქვს, რაც ამ შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა. გარეგინ II ხისტი და პოლიტიკურად გაუმართლებელი განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრისას მანაც ვერ მონახა შესაბამისი განმარტება და არგუმენტი იმის ასახსნელად, რაც ხდება. რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა გვჭირდება, თუნდაც ვითარების დაბალანსებისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ შუბი ხალთაში არ იმალება და ამიტომ აუცილებელია ურთიერთპრეტენზიების განხილვა და პრობლემების მოგვარება. აქამდე ჩვენი ხელისუფლება ამ პრობლემებზე ლაპარაკს ერიდებოდა და ამიტომაც ვერც პრობლემების გადაჭრა ხერხდებოდა. იმედია, სალომე ზურაბიშვილის გამბედაობა რეალურად შეცვლის ვითარებას. ის უკომპრომისო ადამიანია, დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში რაც სათქმელია, ყველაფერს ამბობს და იტყვის მომავალშიც”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

 

“სხვათა შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება მისი ვიზიტი ირანში, სადაც მას დიდი ინტერესით ელიან. უკვე ბევრი საკითხი დაგროვდა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში უხერხულობას აჩენს. ირანში თვლიან, რომ საქართველოს დღეს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ამ საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება. იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოსა და ირანის ურთიერთობა, არამედ უფრო ფართო გეოპოლიტიკური საკითხები და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაც კი. რადგან ირანს შევეხე, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ამ ქვეყანასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე. საქმე ის არის, რომ თავის დროზე სავიზო რეჟიმი ისე გაუქმდა, რომ ძალიან ბევრი რამ არ გათვალეს. ჩვენში ხომ ასე ხდება - ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ და შემდგომ იწყებენ ფიქრს. მოკლედ, ამ ჩვენმა გაუთვლელმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და დამოკიდებულება ირანთანაც აშკარად გვიფუჭდება. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა, მით უფრო მასა და აშშ-ს შორის უკიდურესად გართულებულ ვითარებაში პატარა საქართველოს შუამავლის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ირანი უზარმაზარი პოტენციალისა და რესურსის მქონე ქვეყანაა. ის დღეს თავს რუსეთის მოკავშირედ თვლის, თუმცა ხშირად ეს მოკავშირეობა ეფემერულია. მიუხედავად რუსეთის უზარმაზარი ზეწოლისა, რაც ჩემი თვალით ვნახე, ირანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“არადა, დღეს ჩვენში საკმაოდ გაძლიერდა ანტიირანული განწყობა, შესაძლოა ნაწილობრივ სამართლიანადაც ზემოთ ნახსენები არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო. აქ, ფაქტობრივად, ირანული კრიმინალური დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რომლებიც, მაგალითად, ბინათსარგებლობის საქმეში თანამემამულეებს ატყუებენ და ძარცვავენ, განუკითხაობა იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმეშიც, რისი რეგულაციებიც ახლახან დაწესდა. გარდა ამისა, ირანი ნარკოტრაფიკის წყაროდ იქცა. უკვე ცნობილია “თავრიზის დაჯგუფება”, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებითაა დაკავებული. დღეს 170 ირანელი მოქალაქეა ქართულ ციხეებში და ეს საქართველოს ხელისუფლების გაუთვლელი პოლიტიკის დამსახურებაა. ახლა ადგნენ და რევერსულად მოქმედება გადაწყვიტეს. შარშან საქართველოში ირანიდან 300 000 კაცი იყო ჩამოსული ტურისტად, ბოლო ხანს კი 3000 კაცამდე უკან გააბრუნეს. ბევრს ბინადრობის უფლება შეუჩერეს, მიწის მფლობელობაც შეუზღუდეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლამის გააჩერონ ირანის ავიაკომპანიის რეისები საქართველოში, რაც არაფრით არ შეიძლება. აქაც მედალს ორი მხარე აქვს: არ შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა _ თუ რამეს აკეთებ, ცივილიზებულად უნდა გააკეთო: ერთი მხრივ, უნდა დაიცვა შენი ინტერესები, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ირანიდან ამხელა ტურისტულ პოტენციალზე უარის თქმა და უზარმაზარი ფულის დაკარგვა, არც ის, რომ შუამავლის როლზე ჩვენი ნებით ვთქვათ უარი და ირანს რუსული ნარატივით მოქმედებისკენ ვუბიძგოთ”, - დასძენს არეშიძე.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილი პროცესებს მოწყვეტილია და ხალხის მაჯისცემას ვერ გრძნობს” - არჩილ გამზარდია
რომელი რეკომენდაციები დაუწუნა "ოცნებამ" ვენეციის კომისიას
რომელ მინისტრთან აქვს ივანიშვილს "პატარა კითხვები“ და ვინ დატოვებს მთავრობას
“ბოდიში მოჰყვა კობახიძის ფრაზას -“მე თქვენ ყველას გადაგივლითო” - გედევან ფოფხაძე
დიდი სიძვირე ბაზარზე – სად გაქრა ქართული პროდუქტი?
“ივანიშვილი ნაციონალებს ზუგდიდს არ დაუთმობს, ალასანიას წაგება დღემდე არ აპატია” - სოსო ცინცაძე
"ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"
ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს
"კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება უჭირთ"
“ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული”
“ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა”
“ოცნებისთვის” ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება”- ვახტანგ ძაბირაძე
ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?
უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - “ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”
“აშშ დაინტერესებულია, რომ სამხედრო გემებს ანაკლიის პორტში შესვლა შეეძლოთ”
"ოცნებამ" საარჩევნო კამპანია "მთავარი კოზირით" დაიწყო
“ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”
"მტკიცე სული“ საზღვაო კომპონენტით - “ნატო ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს”
ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება - “ეს არის გაფრთხილება სხვა დეპუტატებისთვისაც...”
“სად არის კალაძე, მისი მოადგილე მოვიდნენ აქ... ძლივს ვარჩენ ოჯახს"