“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”

“19 მაისს საარჩევნო დაპირისპირება მძაფრი გამოვიდა და ამის ეპიცენტრი იყო ზუგდიდი, სადაც ხისტად მიდიოდა საარჩევნო პროცესი. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ახლა “გაერთიანებული ოპოზიცია” დაირქვა, აშკარად ყველაფერს აკეთებდა პროვოკაციისთვის, თუმცა სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და თითქმის ყველა კერა დაპირისპირებისა დროულად ჩააქრეს. სიმართლე გითხრათ, უკვე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მართლაც ხერხდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზაცია. მართალია, ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ ზუსტი შედეგები არ ვიცით, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ისე ჩანს, რომ ჩემი ვარაუდი მართლდება - დარწმუნებული ვიყავი, რომ “ქართული ოცნება” მოიგებდა უმეტესწილად, მათ შორის ზუგდიდშიც”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...” / “ტექნოლოგიები, რომელთაც ერთი მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე მხრივ “ქართული ოცნება” იყენებს, აგებულია ზიზღზე, ეს ზიზღი გადადის საზოგადოებაშიც და ამ ზიზღით შეპყრობილ ადამიანს იარაღი რომ მისცე, აუცილებლად გაისვრის”.

 

“საქმე ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ეს რადიკალური რიტორიკა, აპოკალიფსის შექმნის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. ჩემი აზრით, ძალიან არასწორად იყო შერჩეული კანდიდატიც, რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა სანდრა რულოვსს, რა იცის მან რეგიონალური მართვის?! საინტერესოა, რომ მთაწმინდაზე პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში, დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური, რასაც მივესალმები. აი, რას ნიშნავს სწორად შერჩეული კანდიდატი, შალვა შავგულიძე პატიოსანი და წესიერი ადამიანია, მას ბევრი სცემს პატივს, არ გამიკვირდება საერთოდაც გაიმარჯვოს, თუ მეტი ამომრჩეველი მივა მეორე ტურში საარჩევნო ურნებთან. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ვნახეთ საგარეჯოს გარდა, ყველა დანარჩენ საარჩევნო ოლქში რა დაბალი აქტივობა იყო. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხალხი პოლიტიკური პროცესისადმი ძალიან ნიჰილისტურად არის განწყობილი. მათ გულზე არც "ქართული ოცნება“ ეხატებათ და მით უფრო არ ეხატებათ “ნაციონალური მოძრაობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე. “ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” კარგა ხანია ცდილობს როგორმე ჩამოიშოროს სააკაშვილი, მათ არც რულოვსის დასახელება უნდოდათ კანდიდატად, მაგრამ მიშას წინააღმდეგ ვერ წავიდნენ, ახლა კი სრულიად საფუძვლიანად შეიძლება სწორედ მას დააბრალონ ეს მარცხი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაფურცლული ფურცელია... გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით უბრალოდ კი არ აზიანებს “ნაციონალური მოძრაობის” იმიჯს, არამედ ყველანაირ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ეს პარტია გამოცხადდეს ექსტრემისტულ ძალად და აიკრძალოს - ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, სააკაშვილი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას. ამიტომაც ვფიქრობ, უნდა კარგად დაფიქრდნენ “ნაციონალურ მოძრაობაში” და მნიშვნელოვნად შეცვალონ მოქმედების ტაქტიკა, მათ შორის ნიკა მელიამაც უნდა შეცვალოს ის რადიკალური რიტორიკა, რაც მას ახასიათებს. სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა შანსი, გარდა არეულობისა და რევოლუციისა, არა აქვს, ამიტომაც, როგორც შეუძლია, ამის დაანონსებას ცდილობს. მას ნამდვილად ძალიან უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ ეს არ უნდა ქართველ საზოგადოებას, მათ შორის - მისი მომხრეების დიდ ნაწილსაც, ამიტომაც მისი ეს განცხადებები მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“არეულობის შიშით მოქალაქეები მზად არიან, კვლავ და კვლავ ხმა მისცენ “ქართულ ოცნებას”. ამგვარი მუქარით სააკაშვილი მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა საარჩევნო პროცესი უხარვეზო ნამდვილად არ ყოფილა. კვლავაც პრობლემა იყო სიებით შეიარაღებული ხალხი საარჩევნო უბნებთან, ასევე _ ფულის გადაცემის ფაქტები, რაც რამდენიმე ვიდეოჩანაწერში ვნახეთ. ეს აჩენს კითხვებს... აშკარაა, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, თუმცა, ჩემი აზრით, ამას არ ჰქონია არც მასშტაბური და არც სისტემური ხასიათი და უფრო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივა იყო. ეს ფაქტები აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დასაჯონ, რათა მომდევნო არჩევნებში ეს პრობლემა უფრო მასშტაბური არ გახდეს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად წარიმართა, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული არჩევნებისაგან, როდესაც ოპოზიციას არჩევნებს უყალბებდნენ და თან ამაზე ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევდნენ! დღეს ლამის პირდაპირი ეთერებით აჩვენებენ ტელევიზიები დარღვევებს. გაიხსენეთ სააკაშვილის დროინდელი ტელევიზიები - ამას ვინ გაბედავდა?!” - ამბობს ექსპერტი.

 

“არაფერი ახალი ამ საარჩევნო პროცესში არ მინახავს. გარდა იმისა, რომ ზუგდიდის მერის არჩევნები გამოცხადდა ლამის აპოკალიფსის დასაწყისად, ზოგიერთმა ძალამ სცადა, ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს აქ წყდებოდა საქართველოს ბედი, რომ მნიშვნელოვანი არ იყო არც მთაწმინდის, არც მარნეულის და ა.შ. არჩევნები და მხოლოდ სანდრა რულოვსის გამარჯვება-დამარცხება იყო გადამწყვეტი, რაც სრული აბსურდია. “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ლამის წელიწადზე მეტი ადგილობრივ მმართველობაში “ნაციონალური მოძრაობა” იყო, მაგრამ ამით რა შეიცვალა?! ერთმა ადამიანმა როგორ შეიძლება შეცვალოს ვითარება?! საზოგადოებას აქვს განვითარების საკუთარი იმანენტური კანონები, რასაც პოლიტიკური პროცესიც ექვემდებარება. სხვა, რაც წინასაარჩევნოდ ვნახეთ, იყო ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, კუნთების თამაში, ხელის გადაწევა... ვერაფერს ვსწავლობთ, ვუშვებთ იმავე შეცდომებს და ვტრიალებთ ერთ წრეზე. ერთადერთი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახლა ვხედავთ, რომ ცემა-ტყეპისთვის დამნაშავეებს იჭერენ”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

 

“მესამე ძალის კონტურებიც კი არსად ჩანს იმიტომ, რომ არ არსებობს ფინანსური რესურსი. იყო მცდელობები, მაგალითად, ვნახეთ “დაიცავი საქართველოს” აქტიურობა, მაგრამ ჯერჯერობით ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადადგეს სწორედ უფულობის გამო. ფინანსური რესურსის გარეშე ახალი ძალის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო, რომ არ ჩანს არც ძლიერი ლიდერი, ვინც ამის ორგანიზებას შეძლებს... ბიზნესი იდეოლოგიის მიხედვით კი არ აფინანსებს რომელიმე ძალას, არამედ ეძებს “კრიშას”. ამიტომაც ვინც იქნება ხელისუფლებაში, იმას უნდა დაუთბილოს ფეხი. ლოგიკა ასეთია - მე შემოგწირე თანხა და ამით უნდა დავიმსახურო შენი კეთილგანწყობა... გარდა ამისა, სავარაუდოდ, არის იატაკქვეშა ურთიერთობები, გარიგებები, რომელთა წყალობით ეს კომპანიები ფინანსურ სარგებელსაც იღებენ. ხომ გვინახავს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ჩანს, მმართველი პარტიის შემომწირველი ესა თუ ის კომპანია შემდეგ ხშირად როგორ იმარჯვებს ტენდერებში. რას ვიზამთ, საქართველო სამხრეთული ქვეყანაა და ჩვენ კანონგარეშე მოქმედებისკენ გვაქვს მიდრეკილება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “არსებითი ცვლილებები მმართველ პარტიაში არ ჩანს, არც იმ დაპირებების შესრულებას უჩანს პირი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უხვად გაიცა” - პასუხობს:

 

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მოქმედებაში არსებითად ვერაფერი შეიცვლება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს გარშემო ეყოლება ბრძანებების შემსრულებელი, მორჩილი ხალხი, რომლებიც ხმის ამოუღებლად აკეთებენ იმას, რაც მას მიაჩნია სწორად. მოკლედ, ვიდრე "ქართული ოცნება" არ გახდება თავისუფლად მოაზროვნე ხალხის კოალიცია, სადაც მართლაც დემოკრატიულად, კონსენსუსის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს და არა ერთი კაცის ნება-სურვილით, ეს პარტია არ შეიცვლება. მეტიც, იქ მოსული, თავისუფლად მოაზროვნე, ჭკვიანი ადამიანებიც ნელ-ნელა რობოტებად იქცევიან. არ მინდა გვარ-სახელების დასახელება... ვიცით ისედაც... მაგალითად, გვინახავს ქალბატონი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა მმართველ ძალაში და თავის დროზე ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, ახალი კი საკუთარ აზრს აღარც გამოთქვამს. თანაც ვიდრე პარლამენტის სპიკერი არ შეიცვლება, შეუძლებელია, ამ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს”.

 

“ქართულ ოცნებას” ხელს აძლევს ეს ბიპოლარული გარემო. ამიტომაც ამას ყველანაირად უწყობს ხელს. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კარგად ახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა და ამიტომაც ამჯობინებენ, ხმა ისევ “ქართულ ოცნებას” მისცენ. თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც გადაწყვეტს ახალი ძალის დაფინანსებას, მაგალითად, თუნდაც ქობულია, რომელიც, როგორც ჩანს, ფიქრობს პოლიტიკაში მოსვლას, ან სხვა ვინმე, ანაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ საქართველოში ახალი ძალის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი, მაშინ “ქართული ოცნების” დასასრული გარდაუვალი იქნება. ის ამგვარი პოლიტიკით, ასეთი მართვის სტილით ვეღარ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას თვითონაც მშვენივრად ხვდებიან, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციას ყოველგვარი ფინანსური ნაკადი გადაუკეტონ. ტექნოლოგიები, რომელთაც ერთი მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე მხრივ “ქართული ოცნება” იყენებს, აგებულია ზიზღზე, ეს ზიზღი გადადის საზოგადოებაშიც და ამ ზიზღით შეპყრობილ ადამიანს იარაღი რომ მისცე, აუცილებლად გაისვრის. ეს, ერთი მხრივ, ძალიან სახიფათოა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმე ის არის, რომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულია მაქსიმუმ 100 000 კაცი, უმრავლესობას კი ეს აღარ აინტერესებს, ამიტომაც, ვფიქრობ, მასშტაბურ დაპირისპირებასა და არეულობამდე საქმე არ მივა. შეხედეთ სოციალურ ქსელებს _ ვინმეს აინტერესებს ეს არჩევნები? უფრო მეტს წერენ და ლაპარაკობენ არატრადიციული ორიენტაციის ხალხისა და მათი მოწინააღმდეგეების დემონსტრაციებზე, ვიდრე პოლიტიკურ თემებზე. განსაკუთრებით ახალგაზრდობის 99.9%-ს, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია, ვინ იქნება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მერი თუ მაჟორიტარი დეპუტატი”, - დასძენს ექსპერტი.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”
ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი
„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება
რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში
რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა?
ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა
“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე
“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”
როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”
რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს
რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას
"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”
4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“
რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს