13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება

“13 დღიანი პროტესტი ჭიათურაში შეწყვეტილია - მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მათ ხელფასის 25% დაუყოვნებლივ მოემატებათ, წლის ბოლომდე კი ანაზღაურება კიდევ 10%-ით გაიზრდება. ბოლო 11 დღე გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა. ასევე, პროტესტის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა “ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე გადადგა”, - წერს გაზეი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება.

 

“მანამდე კი ქალაქში მოვლენები საკმაოდ მძიმედ ვითარდებოდა. 27 მაისს დილიდან, ჭიათურა პარალიზებული იყო. დაკეტილი იყო ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები. ქალაქის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და გაფიცულ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ. მათი თქმით, არც ერთი ობიექტი მუშაობას მანამდე არ დაიწყებდა, სანამ მაღაროელების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. მუშების მოთხოვნებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია ორი კვირაა მიმდინარეობდა. აქციაში ჩართული იყო 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილი “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში ჰქონდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მაღაროელთა მოთხოვნები იყო: ხელფასის მომატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%; ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება; მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა. მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ არავინ დაისაჯოს გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო. ამ ეტაპზე გაჩერებული იყო “ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი 11-ვე მაღარო. კომპანიის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდებოდა. მოთხოვნების სანაცვლოდ “ჯორჯიან მანგანეზმა” გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა. თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში. მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს შორის 26 მაისს გამართული შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც მაღაროელები ამბობდნენ, კომპანია არანირი დათმობაზე არ მოდიოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და მოითხოვეს ჭიათურიდან კომპანიის წასვლა. მათი თქმით, ოფიციალურად დაფიქსირებული მათი ანაზღაურება რეალურისგან მკვეთრად განსხვავდება და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. ქალაქში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ კი პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ჭიათურაში ადგილზე სიტუციის შესასწავლად გაგზავნა. მინისტრები მაღაროელებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდნენ. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა და მისი დროებითი მმართველი გადადგა. მაღაროელი ფრიდონ შენგელაშვილის თქმით, მიუხედავად ამხელა პროტესტისა “ჯორჯაინ მანგანეზთან” მთელი დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ყოფილა და რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სიტუაციის გასარკვევად ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“არსებობს შტატები, სადაც იმხელა ხელფასები აქვთ, რომ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. მათ უნდა ჰქონდეთ 30 ათასები და ჩვენ მშრომელ ხალხს, რომლებიც რეალურად საქმეს ვაკეთებთ და ამხელა რისკის საფასურად წიაღისეულს მოვიპოვებთ და პროდუქციას ვქმნით, მათხოვრული ხელფასი 700 ლარი უნდა გვქონდეს!? ამიტომ აგორდა ამხელა პროტესტი, ამოგვივიდა ყველას ყელში. ეს მონური ყოფა 21-ე საუკუნეში ვინმეს სადმე გაუგონია? შენს საკუთარ ხალხს ასე როგორ უნდა მოექცე? რასთან გვაქვს საქმე, ვერავის გაგვიგია. 4-ვე მოთხოვნა ქალაქისთვის, მისი მოსახლეობისთვის და მაღაროელებისთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია. მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდებოდა ჩვენ პროტესტს მანამდე გავაგრძელებდით. თუ არადა მაშინ კომპანიას ქალაქის დატოვება მოუწევდა. მაგათი მონები აქ არავინ არ არის. 26 მაისს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. ეგენი ვერაფერს ვეღარ მოგვატყუებენ. ხალხმა გაიღვიძა, მონობა უნდა დამთარდეს. არ შეიძლება ამ საუკუნეში მთელი ქალაქი შენი მონა იყოს. სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ, მანამდე ჩვენს პრობლემებს არავინ იგებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფრიდონ შენგელაშვილი.

 

“დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურლების პირობების დაკმაყოფილებას”, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ყველას გამარჯვებაა - ჭიათურის და მთელი ქვეყნის -“მაღაროელების პროტესტის პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესს. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჭიათურაში პედაგოგებთან შეხვედრაზე და ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საპროტესტო აქციაში იყო ჩართული. კომპანიამაც გადადგა დიდი ნაბიჯი”, - აღნიშნა მინისტრმა, რომლის აზრით, "ეს არის ყველა მხარის გამარჯვება და მომავალში ჭიათურის განვითარების წინაპირობა”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”
ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი
„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება
რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში
რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა?
ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა
“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე
“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”
როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”
რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს
რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას
"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”
4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“
რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს