იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა

“რას უკავშირდება პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში და შეხვდა თუ არა ბახტაძე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის? მამუკა ბახტაძის გამოჩენამ ბრიუსელის იმ სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იყო დაბინავებული, თბილისში სპეკულაციები გამოიწვია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრას, დიდი ალბათობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ცდილობს და ასე ჩუმად შეხვედრა კომიკური და სამარცხვინოა. ხოლო “ოცნების” წევრები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს არა აქვს ის წონა, რომ ბახტაძე მასზე სალაპარაკოდ ბრიუსელში ჩადიოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა / რამდენად სარწმუნოა, რომ საქართველოს პრემიერი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ერთი თვით ადრე აღსანიშნავად ბელგიაში ჩავიდა აშშ-ის ელჩის მიწვევით?

 

“ბახტაძისა და ზელენსკის სავარაუდო ფარულ შეხვედრაზე ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა, როცა არხის კორესპონდენტი შუადღისთვის ზელენსკის ჩასაწერად მივიდა სასტუმროში და იქ მოულოდნელად უკანა შესასვლელთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კორტეჟი დაინახა. ტელეკომპანიის ცნობით, ყველა ვიზიტის შემთხვევაში მთავრობის აპარატი მედიას რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე; ასევე მთავრობის მეთაურის კორტეჟი, როგორც წესი, წინა გასასვლელით სარგებლობს. ამიტომაც ამ ყველაფერმა კითხვები გააჩინა. არხის თქმით, როგორც ჩანს, ბრიუსელში ჩასვლა მოულოდნელად დაიგეგმა და ბახტაძე ზელენსკისთან ფარული შეხვედრის ორგანიზებას შეეცდება, თემა კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ან მის მაღალ თანამდებობაზე არდანიშვნას შეეხება. შეხვდა თუ არა ზელენსკი მამუკა ბახტაძეს - ეს კითხვა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა სასტუმროდან გამოსულ უკრაინის პრეზიდენტს დაუსვა, რაზეც ზელენსკიმ მოკლედ უპასუხა, რომ ის ბახტაძეს არ შეხვედრია. “არა, თქვენი პრემიერი არ მინახავს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის უკრაინაშია”, - განაცხადა ზელენსკიმ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე და ვლადიმერ ზელენსკი ბრიუსელში, ერთსა და იმავე სასტუმროში იმყოფებიან, თუმცა მათ შორის შეხვედრა არ მომხდარა და ამგვარი შეხვედრა არც ყოფილა დაგეგმილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საბანაძის განმარტებით, 4 ივნისს ბრიუსელში ამერიკის ელჩი დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას მართავს და პრემიერი ჩამოვიდა, რადგან მოწვეულია ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. “დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მიღება, როგორც წესი, იმართება 4 ივლისს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, იმართება 4 ივნისს. პრემიერ-მინისტრი სპეციალური მოწვევით ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ზელენსკის, ეს მისი პირველი ვიზიტია ბრიუსელში, თუმცა რა თემაზე, არ ვიცი”, - ამბობს საბანაძე. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ საღამოს მიღებაზე საქართველოს პრემიერი და უკრაინის ლიდერი ერთმანეთს შეხვდნენ. ბახტაძის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“არ მგონია მიხეილ სააკაშვილი იყოს იმდენად აქტუალური, რომ მის გამო სადღაც, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი. ასე ნუ ავწევთ მიხეილ სააკაშვილის წონას, რომელიც პრინციპში საერთოდ არ აქვს”, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბახტაძისა და ზელენსკის სავარაუდო შეხვედრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, კობახიძის განცხადებით, თუ ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა, ეს მხოლოდ დადებით კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული. “სამწუხაროდ, მე ინფორმაცია არ მაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალბათ, მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს. თუ საერთოდ შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია. მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან”, - დასძენს კობახიძე. ოპოზიციას კი არ სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ასე ჩუმად აშშ-ის ელჩის მიღებაზე გაფრინდა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კომიკურია. ჯობს ჩუმად იყოს წასული ზელენსკისთან შესახვედრად”, - დასძენს გამოცემა.

 

“ის, რომ პრემიერ-მინისტრი ელჩის მიღებაზე ბრიუსელში გაფრინდა, თავისთავად იმდენად აბსურდი და იმდენად კომიკურია, რომ ამას ნამდვილად სჯობია, რომ მართლაც ზელენსკისთან ჩუმად შესახვედრად იყოს მისული იმ სასტუმროში”, - ამბობს ბაქრაძე. “ნაცმოძრაობის” წევრ რომან გოცირიძის თქმით კი, ხელისუფლებას ეშინია მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის. ამიტომაც გამორიცხავს, რომ მამუკა ბახტაძეს ზელენსკისთან შეხვედრის შემთხვევაში სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბახტაძე უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას თუ შეძლებდა, საუბრის თემა სააკაშვილის შესაძლო თანამდებობას შეეხებოდა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინია, ზელენსკიმ სააკაშვილი ოფიციალურ თანამდებობაზე არ დანიშნოს”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”
ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ
ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას
“ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”- ლევან ალაფიშვილი
„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება
რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში
რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა?
ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს
საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა
“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე
“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”
როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”
რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს
რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას
"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
“გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”
4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“
რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს