"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება

"ქართული ოცნება“ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის“ სახელით 2020 წლის არჩევნებისთვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას გეგმავს და შესაბამისი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხლვა-მიღებას აანონსებს, რაც უკვე შეფასდა, როგორც განსხვავებული და კრიტიკული აზრის გასანეიტრალებელი მმართველო პარტიის ახალი გეგმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, სიძულვილის ენა პრობლემაა ქართულ მედიასა და საზოგადოებაში და „საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება

 

"ოპოზიციის განცხადებით, ახალი რეგულაციები, რომლის შემოღებას ხელისუფლება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საფარ ქვეშ გეგმავს, სინამდვილეში თავისუფალი მედიის და ოპოზიციის დევნის ახალი გეგმაა, რომელიც არჩევნების წინ კრიტიკული აზრის განადგურებას ემსახურება. მედიაექსპერტი ნინო დანელია აცხადებს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია სიძულვილის ენის გაკონტროლების ჯერ მარეგულირებელი უწყების და შემდეგ სასამართლოს მიერ, რომ ჩვენ ამგვარი მავნებლური კანონის მიღებით დავემსგავსებით რუსეთს, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი კრიტიკა სიძულვილის ენად მიიჩნევა და ამის გამო ადამიანებს სჯიან. მისი თქმით, სიძულვილის ენას იყენებს მმართველი პარტიაც, ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია თავად ირაკლი კობახიძე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანად ფაშისტები უწოდა და ამ ფონზე ხელისუფლება ახალი რეგულაციით გეგმავს არა საკუთარი სიძულვილის ენის დახშობას, არამედ კრიტიკოსების დევნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჩვენ უკვე გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც სჯის შეურაცხყოფას ძალიან ცალსახად. თუკი ადამიანი ჩათვლის, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს, არსებული კანონმდებლობით შეუძლია სასამართლოში ჩივილი, მაგრამ მთავარი ამბავი აქ სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებას სურს დევნოს კრიტიკოსები - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო მოძრაობები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ძალიან ხშირად იგივე „ფეისბუქის“ პოსტებით ან კომენტარებით აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს არის სიძულვილის ენა და დევნოს მისთვის არასასურველი ჯგუფები და ადამიანები. ამაზე ასე დაბეჯითებით საუბარი შეგვიძლია, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ყველა ამგვარი საკანონმდებლო მავნებლობა გადმოდის პირდაპირ რუსეთიდან, სადაც არის მსგავსი კანონი და ერთ ქვაბშია ჩაყრილი ფეიკნიუსი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, რაც აბნევს ადამიანებს,“- აცხადებს დანელია. მისი თქმით, „მაგალითად რუსეთში დასაჯეს ჟურნალისტი, რომელმაც კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა „გაზპრომზე“ და „გაზპრომმა“ ჩათვალა, რომ სტატია იყო სიძულვილის ენა კომპანიის წინააღმდეგ, რის გამოც ჟურნალისტი დაისაჯა. „ამიტომ ჩვენ ავტორიტარული ქვეყნების მაგალითი კი არ უნდა გადმოვიღოთ, სადაც მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი დაბალია, სიტყვის და გამოხატვის სტანდარტი საერთოდ არ არსებობს, არამედ უნდა ვედრებოდეთ დასავლურ ქვეყნებს. ამ კანონის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია და ამ კანონის მიღების შემთხვევაში აღმოვჩნდებით „კომუნიზმში“ და პირდაპირ „ვრემიას“ დროინდელ პერიოდში”- განაგრძობს გამოცემა.

 

"საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მომზადებულ „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებას. როგორც კომისიაში ამბობენ, ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა და ახალი ცვლილებით დარღვევის შემთხვევაში რიგი საქმეები თვითრეგულირების ორგანოს ნაცვლად, (როგორც მოქმედი კანონმდებლობითაა) სასამართლომ უნდა განიხილოს. უწყების ხელმძღვანელის, კახა ბექაურის თქმით, სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. „სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა ამოვიდეს და გადავიდეს რეგულირების საკითხში. ევროპაში ეს ნორმა რეგულირდება. დაინტერესებული პირი, თუ მის მიმართ სიძულვილის ენა გამოყენებულ იქნა, ანუ დაირღვა კანონმდებლობა, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და თუ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება კომისიაში ან სასამართლოში", - განაცხადა ბექაურმა”, - დასძენს გამოცემა.

 

"კახა ბექაურმა ეს საკითხი საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. მან განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად. მან პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულად მოხდეს, რადგან მისი განმარტებით, სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თავს იჩენს სწორედ საარჩევნო პერიოდში. მარეგულირებელი კომიიის წინადადებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივას "ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური" უწოდა და განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს. „როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, - განაცხადა კობახიძემ”, - წერს გამოცემა.

 

"იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ არ არის პრობლემა, თუკი "ფაქიზი მიდგომის შედეგად" სიძულვილის ენის რეგულირება მოხდება. კანონში შესაძლო ცვლილებებს მძაფრი კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავას განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. „ევროპულმა საქართველომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა და საქმე გვაქვს უკიდურესად სახიფათო თამაშთან, რომელიც ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნების წინ წამოიწყო, რომლის მიზანია, გააკონტროლოს ყველაფერი განსხვავებული - შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ოპონენტების კრიტიკული აზრი. პარასკევს დილიდან შეკრებას და ამ ინიციატივის განხილვას გეგმავენ მედიაზე მომუშავე არასამთავრობოები და მედიაექსპერტებიც. ცნობისათვის, ცილისწამების, სიძულვილის ენისა და ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ კანონის აუცილებლობაზე სალომე ზურაბიშვილმა პირველად საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა, რომელმაც თქვა, რომ „ხშირად არის მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების“. მაშინ საქართველოს პატრიარქს ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ", - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოს სომხური მოსახლეობის განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია"-გრანტ მიქაელიანი
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე
"არასწორი იქნებოდა თბილისური ნოემბრის პროტესტების მიზეზები მხოლოდ კონსტიტუციისა და არჩევნების ირგვლივ დებატებში ვეძებოთ"
რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია
რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე
“პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას
სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია
სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატოში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება