"მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია, რაც პოლიციას უნდა შეატყობინონ"

ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია და უნდა შეატყობინონ პოლიციას, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრასა და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით "ნუ წაართმევ ბავშვობას" იწყებს.

 

კამპანიის გახსნითი ღონისძიება სასტუმრო "რუმსში" გაიმართა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა ეს ჯერ ისევ გამოწვევად რჩება.

 

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომელიც სიმბოლურად გაგრძელდება 18 დღის განმავლობაში. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან და როგორც წესი, დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კამპანიით გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტობრივად, გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები, მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება. ამ 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა პრეზენტაციაც წარმოადგინა, სადაც ნაადრევი ქორწინების შესახებ სტუმრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.

 

2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. შსს-ს ცნობით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

 

საინფორმაციო კამპანია გაერო-ს მოსახლეობის მხარდაჭერით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში ხორციელდება.





მსგავსი სიახლეები
„ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“- ის საქმეზე, არსებითი შესწავლის გარეშე და შემდეგ რომელიღაც სტაფერმა, სავარაუდოდ, ქართველმა „გააპრავა“
საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან „ვახტანგისი“ აზერბაიჯანის მიმართულებით გააბრუნეს
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს“
„სტრასბურმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო! - სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია და ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი საქმე არ მახსენდება!”
„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო,ქ ფული ასესხა?! “
„დაკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილი - მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“
„როდესაც წავიკითხე მოსამართლეთა შემადგენლობა, შოკში ჩავვარდი - მჯეროდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ შავი ხვრელი თითქმის ყველგან ყოფილა“
„სახელმწიფომ იური ვაზაგაშვილი ვერ დაიცვა აფეთქებისგან - ეს არის ევროპის სასამართლოს ძალიან მძიმე განცხადება“
„ნიკა გვარამიამ მოსამართლეებზე საუბრისას დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ტერმინები გამოიყენა“ - რამ აღაშფოთა სტრასბურგის სასამართლო
აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე
„რ-2-ის პარტნიორები შეიცვალა, ახალ პარტნიორებს სრული უფლება აქვთ, დირექტორობიდან გაიწვიონ გვარამია და შეუწყვიტონ მას შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რა წერია იმ ხელშეკრულებაში“
"ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ"
"რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით"-თეა წულუკიანი
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა
ქობულეთში 60 წლამდე ექიმი დააკავეს, რრომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა
პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
„შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“