"რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე" - შსს

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.


მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების - ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას და ართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.


პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. ამასთან, აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად. სამართალდამცავებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები - არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.


მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები.


სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს შეისწავლის“,- ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„რამდენად მიზანშეწონილი და გონივრულია ამ რაოდენობის მივლინება საზღვარგარეთ?“ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კითხვა გორის მუნიციპალიტეტს
სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები გუდაუთელი „კანონიერი ქურდები“ არიან
მცხეთის საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს
გიგი უგულავა, შესაძლოა, საპატიმროს დაუბრუნდეს
ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 22 ნოემბერს იმსჯელებს
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე, როცა „იმედის“ თანამშრომლებს ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ, გამოძიება დაიწყო
18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული პირები სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა
„მრავალწლიანი პატიმრობა ბიძინა ივანიშვილს - სხვანაირი მეტი კარგი დასასრული ქვეყანას არ აქვს. ცუდი კი რამდენიც გინდათ“
„არც არასდროს მიუციათ ჩემთვის მითითებები და არც არასდროს შემისრულებია. გადაწყვეტილებებს კანონის საფუძველზე ვიღებ“
ყველანი გარეთ! - „მაგრამ თქვენ მაინც ფარისეველი ხართ!" - თბილისის საქალაქო სასამართლოს ღამის პერიპეტიები
თბილისის საქალაქო სასამართლოს საპატრულო პოლიცია იცავს
„სააკაშვილის კაბინეტში ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად წყვეტდნენ, რომ პატრულის იმიჯი უნდა შენარჩუნებულიყო - „ბოლომდე მიაწექით“ და გაწირეთ ბიჭებიო“
ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 37 პირი, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა ინგლისიდან საქართველოში“, - ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
„არანაირ ექსცესებს არ ველოდებით - თუ ვინმე დარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ“
თბილისში, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“