“გაბუნიას პროვოკაცია იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”

“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის. ეს უნდა გახდეს სასწრაფო გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება უპირველესად “ოცნებაში” სჭირდება”/ “პარტიას, რომელიც ვერ შეძლებს იმდენი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ 15 000 ხმა მიიღოს, რა უნდა პოლიტიკაში?!” / “ხელისუფლების გზავნილი ასეთია: ჩვენ ვართ ძლიერები, ჩამოშლას არ ვაპირებთ და ქოცებადქცეულო „ნაცებო“, და არა მხოლოდ თქვენ, პარტიის შეცვლასა და ახალი პატრონის ძებნაზე არ იფიქროთო”.

 

“რა ვიხილეთ 20-21 ივნისის ღამეს? - აქციის მონაწილეების პარლამენტში ძალისმიერი შეღწევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა და ამის საპასუხოდ პოლიციის მიერ პარლამენტში ძალისმიერად შესვლის აღკვეთა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ეტაპზე პოლიციის მოქმედება იყო აბსოლუტურად კანონიერი, თუმცა ამის მერე დაიწყო დანაშაულებრივი პროცესი! უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ხელისუფლებას დასჭირდება ძალიან მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ჩაითვალოს ამბოხისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს ის, რომ ეს საპროტესტო პროცესი ძალიან სპონტანურად წარმოიშვა. ეს სპონტანური აქცია, თუნდაც პარლამენტში შეჭრის მცდელობასთან ერთად, როგორ შეიძლება დაუკავშირდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას? - ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. არის მეორე კითხვაც, რომელსაც ხელისუფლებამ ასევე უნდა უპასუხოს - რა საჭირო იყო 5-საათიანი დაუნდობელი სადამსჯელო ოპერაცია, დევნა, დარბევა, დამიზნებით სროლა, რაც პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღკვეთის შემდგომაც გაგრძელდა. ხელისუფლების არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია, როდესაც საქმე შეეხება სწორედ პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღკვეთას. ვგულისხმობ იმ არგუმენტს, რომ სპეცრაზმი და პოლიცია თავს იცავდნენ და ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოქმედებდნენ - როდესაც პოლიციას თავს ესხმიან, მან უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შესაძლოა არც დაელოდოს ბრძანებას, მაგრამ, როდესაც ვერის უბნის ჩიხებს და სადარბაზოებში მოქალაქეებს დასდევდნენ, ვის იგერიებდა სპეცრაზმი ამ დროს? - გაქცეულ პროტესტანტებს?! ეს იყო განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეებზე შურისძიებისა და დაშინების აქტი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“რა მოხდა იმ 5 საათის განმავლობაში: სპეცრაზმი უმართავი იყო და შლეგივით დაქროდა თბილისის ქუჩებში? - დავუშვათ ასე იყო, მაგრამ სად იყო ხელისუფლება, რას აკეთებდა?! - ეს კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან. ასევე კითხვები გვაქვს იმ პირებთან, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, არ იყო უბრალოდ ძიძგილაობა. არსებობს კითხვები იმის თაობაზეც, თუ ვინ არიან ეს კუნთმაგარი ტიპები, საიდან მოვიდნენ და ა.შ. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც ვითარებასთან გამკლავების ძალისმიერი გზა აირჩია, გარკვეული ახსნა აქვს, მაგრამ არა გამართლება. ხელისუფლებას დღეს, როგორც არასდროს, ძლიერის იმიჯი სჭირდება. “ქართულ ოცნებას” ძალიან აშინებს სისუსტის გამოჩენა. ისინი, ვინც საკუთარ მომავალზე ფიქრობენ, აუცილებლად დაუსვამენ საკუთარ თავს კითხვას: სად არის გამოსავალი - სუსტი “ოცნების” გვერდით, რომელიც ჩამოქცევის პირას არის, თუ `ნაცებთან~ მოსარიგებელი გზების ძიება? სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ “სიმტკიცის” გამოჩენა და ძლიერის იმიჯზე ზრუნვა. ძალის დემონსტრირება ხელისუფლებას უპირველესად “ოცნებაში” სჭირდება. ხელისუფლების გზავნილი ასეთია: ჩვენ ვართ ძლიერები, ჩამოშლას არ ვაპირებთ და ქოცებადქცეულო “ნაცებო”, და არა მხოლოდ თქვენ, პარტიის შეცვლასა და ახალი პატრონის ძებნაზე არ იფიქროთო. ეს არის მესიჯი იმ ამომრჩევლის შემოსამტკიცებლადაც, ვინც დიდი ხანია ითხოვს კოაბიტაციის დასრულებასა და სამართლიანობის აღდგენას. მათთვის სამართლიანობის აღდგენა არის სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შეზღუდვა. მთავარია, “ოცნებას” ძლიერის იმიჯის შენარჩუნების სურვილმა უფრო დიდი შეცდომები არ დააშვებინოს, როგორც მის წინამორბედებს დაემართათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რას გულისხმობენ სამართალდამცავები განცხადებაში - `პირველი ფაზა მიზნად ისახავდა პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე" - ძნელი სათქმელია, თუმცა ხელისუფლების ჩამოშლის პირობებში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სცენარის გათამაშება იყო შესაძლებელი. თუ ხელისუფლება იშლება, მერე ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიდის და ეს შეიძლება გავრცელებულიყო რეგიონებშიც. მოხდებოდა ის, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში “ქართული ოცნებიდან” “ნაციონალებში” გადაბარგება დაიწყებოდა და ამას ჯაჭვური რეაქცია ექნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კონკრეტული მზადდებოდა, ამის მტკიცებულებად ფაქტები თუ არ წარმოადგინეს, ისეთი ფაქტები, რომელთა მართებულობაშიც საზოგადოებას ეჭვი არ შეეპარება, ხელისუფლებას გაუჭირდებათ ამ ბრალდებების დამტკიცება. ისე, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში რევოლუციით ერთხელ მოვიდა, ხოლო მისი ლიდერი დღესაც გამუდმებით ლაპარაკობს სწორედ ძალისმიერი გზებით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რევოლუციური სცენარის ამოქმედება სულაც არ იქნებოდა მოულოდნელი, მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე ოფიციალური ბრალდება, რასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება და ამის მტკიცების ტვირთი სწორედ ხელისუფლებას აწევს”, - ამბობს ექსპერტი.

 

“20-21 ივნისს უსაფრთხოების ვერტიკალი თავიდან ბოლომდე არასწორად მოქმედებდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საზოგადოდ სახელმწიფო უსაფრთხოების არქიტექტურას. როდესაც ხედავ, რომ პარლამენტში შეჭრას ცდილობენ, ამაზე დიდი საფრთხე რა უნდა დაემუქროს ქვეყანას? არგუმენტად იმის მოყვანა, ვის სჭირდებოდა ცარიელ პარლამენტში შეჭრაო და ა.შ., სრულიად არასერიოზულია: პარლამენტში შეჭრა თავისთავად იქნებოდა ისეთი დემორალიზაციის აქტი მთელი ხელისუფლებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის, რომ შეუქცევად პროცესად იქცეოდა. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ასეთი საშიშროების წინაშე იდგა სახელმწიფო, რატომ არ შეიკრიბა მთავარი სტრუქტურა - უსაფრთხოების საბჭო? ასეთ შემთხვევაში საერთოდ აღარ გაჩნდებოდა კითხვები, ვინ გასცა ბრძანება, რატომ გასცა და ა.შ. გაცილებით მწყობრი იქნებოდა სახელმწიფოს რეაქციაც და გადაწყვეტილებებიც. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრია, საერთოდ არაფერი იცოდა, ისე დაიწყო აქციის დაშლა; მეორე _ გახარიას მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად მგონია, რომ სწორედ მან გასცა დაშლის ბრძანება, არადა, სწორედ ის არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი”, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ მაშინვე გამოსულიყო და ეთქვა: ის ტყვიები, რომლებიც რუსთაველზე გავარდა, უპირველესად “ქართულ ოცნებასა” და ხელისუფლებას მოხვდა. ჩვენ ვიწყებთ ამის გამოძიებას და ვინც უნდა იდგეს ამის უკან, დავსჯითო და საქმისთვის დროებით ჩამოეშორებინა პასუხისმგებელი პირები. ამის მერე სრული მორალური უფლება ექნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღეძრა ყველა იმ მონაწილესა და ინიციატორზე, რომლებიც პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. გავრილოვის პარლამენტში სტუმრობა ხომ შემთხვევითი არ ყოფილა: ეს არის ძალიან მწყობრი ჯაჭვის მორიგი რგოლი: პანკისი, გარეჯი, ვასაძე თავისი “გალავარეზებით”, ნეიტრალიტეტის თემა და ბოლოს გავრილოვი. ახლა იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა მიზანს ისახავდა ეს პროვოკაცია. რამდენიმე თვის წინ უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოსო. ამას მოჰყვა პანკისი, გარეჯი და გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანებაც…”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“გახარიას წასვლასაც და დარჩენასაც ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, ერთი ფასი აქვს. ის, როგორც ხელისუფლების საყრდენი ფიგურა, უკვე ძალიან მოირყა, ყველაფერი გაკეთდა როგორც “ოცნებაში”, ისე მის გარეთ, მისი იმიჯის დანგრევისთვის. თუ რატომ არ გადააყენეს აქამდე, რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ: პირველი - შესაძლოა ის მართლაც არ არის ბრძანების გამცემი, ამიტომაც მისთვის ხელის შეხოცვას ვერ ბედავენ; მეორე - შეიძლება კიდევ ერთხელ სისუსტის გამოჩენა არ უნდა ხელისუფლებას და თან არ სჯერა, რომ ხალხის მოთხოვნები ამით ამოიწურება. თვალსაჩინოა აქციის ორგანიზატორებზე საინფორმაციო შტურმიც, მაგრამ თვითონ ხელისუფლებამ უნდა განასხვაოს ამ აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდებისა და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნები. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ჩვენ გახარიას გადადგომით დავასრულებთ აქციასო, მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” სანდრა რულოვსის პირით მოითხოვს მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ამიტომაც არ სჯერა ხელისუფლებას, რომ გახარიას გაწირვით ეს პროცესი დამთავრდება, - თვლის ლაგაზიძე.

 

“თუ ახლა რაიმეთი შეიძლება დარჩეს `ქართული ოცნება~ ისტორიაში, ეს პროპორციული არჩევნებია. არავინ ამბობს, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერი საჩუქარია პოლიტიკური სპექტრისთვის. საქმე ის არის, რომ პარლამენტში ამ გზით, სავარაუდოდ, შევლენ იმ ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც საკუთარ თავს მხოლოდ სავაჭრო დახლზე ხედავენ, რომელთაც აქვთ გარკვეული ფასი და ამ შემთხვევაში ვინც მეტს გადაიხდის, იმას მიეყიდებიან. რა თქმა უნდა, ამას ვერ ავცდებით, თუ საზოგადოება ვერ მიხვდება, ვინ არის პოლიტიკური “ნივთი”, რომელიც საკუთარ თავს ყიდის, და ვინ არის რეალურად მოსურნე იმისა, რომ პარლამენტში შევიდეს გარკვეული ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრზე მეტად გაიზარდა და ამას უნდა მიხვდეს. იმავდროულად, ეს არის შანსი იმისა, რომ პარლამენტში მოვიდეს ის ახალი თაობა, რომელმაც დღეს ეს ცვლილებები მოიტანა და აბსოლუტურად უკომპრომისოა დღევანდელ პოლიტიკურ კლასთან. მათ ორგანიზება რომ შეუძლიათ, უკვე ვნახეთ, ახლა დროა ასევე ორგანიზებულად იქცნენ პოლიტიკურ ძალად და შევიდნენ პარლამენტში. გარდა ამისა, მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება, რომლებიც დიდი შემადგენლობით ვერ შევლენ, მაგრამ კოალიციურ მთავრობაში ძალიან სერიოზული ხმა და გავლენა ექნებათ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“ქართული ოცნება” იძულებული გახდა ამ დათმობაზე წასულიყო. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ შანსის გამოყენებაზე იტყვის უარს, პირდაპირ `ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ ამას ხელს შეუშლის “ნაციონალური მოძრაობა”, ამას მმართველი ძალა ფარულად მხოლოდ მიესალმება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” გადააბრალებს. ოპოზიციის ნაწილი რომ ბლოკებზე არ თანხმდება,- ეს ბლოკები იყო სწორედ, ერთი მხრივ, ამ ერთკაციანი პოლიტიკური ძალების გადარჩენის და, მეორე მხრივ, ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღების თაღლითური მცდელობა. ხშირად ამგვარი პარტიების წარმომადგენლები საერთო სიაში ისეთ ადგილას იყვნენ, რომ პარლამენტში ვერასოდეს შევიდოდნენ, მაგრამ ბარიერს თუ გადალახავდა ბლოკი და პარლამენტში შევიდოდა, ამ ერთკაციან პარტიებს უზარმაზარი ფინანსური შემოსავალი ეძლეოდათ. სინამდვილეში ეს იყო ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღების არაკეთილსინდისიერი გზა. ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ოპოზიცია ამბობს, ასეთ შემთხვევაში ბევრი ოპოზიციური პარტია დარჩება გარეთო, მაშინ ასეთი შეკითხვა მაქვს: პარტიას, რომელიც ვერ შეძლებს იმდენი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ 15 000 ხმა მიიღოს, რა უნდა პოლიტიკაში?!” – სვამს კითხვას ექსპერტი.

 

“ნაციონალებს” ეს პოლიტიკური სივრცე თავისთვის უნდათ და ამას არც მალავენ, როდესაც ასე გამხეცებით ეკვეთნენ უსუფაშვილსა და ელისაშვილს, რატომ მიხვედით პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე გამართულ შეხვედრაზეო. არადა, ვის აქვს პოლიტიკური სივრცის პრივატიზების უფლება?! რაც გამოჩნდა, მოწმობს, რომ მომავალი არჩევნები ამ ტრენდით წარიმართება: “ოცნება” ყველა ოპოზიციურ პარტიას “ნაცების” კლიშეს მიაკერებს, “ნაციონალები” კი მათ “ოცნების” სატელიტად გამოცხადებას შეეცდებიან. ამიტომაც უნდა დაინგრეს ეს ორპარტიული მონსტრი, მახინჯი სისტემა, რომელშიც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას ან სიაში პირველნომრობას, რაზეც მიდის ამ ბოლო დროს ლაპარაკი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად დადგება “ქართული ოცნებისთვის” ამის სასიცოცხლო აუცილებლობა”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებისაგან შორს არის"
“ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია" - დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი
დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი - “ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია"
“ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა... გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე”
"შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს"- რამაზ საყვარელიძე
"მგონია, რომ ოპოზიციის პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ"
"საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო"-რუსული მედია
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა"
ლარი უმძიმეს დღეებს გადის - გადალახავს თუ არა 10 დეკემბარმდე 3.0-იან ნიშნულს?
"იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა”
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა”
“ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა”
“2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია”
"საქართველოს სომხური მოსახლეობის განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია"-გრანტ მიქაელიანი
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე