„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“

ნოდარ დუმბაძის მოგონება:

 

დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: - ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო.
- უთხარი შემოვიდეს. - ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე.
- ეზოში დგას, ალაგესთან, არ მოდის, თუ არ შეწუხდება, აქ მოვიდეს ერთი წუთითო.
რა გზა მქონდა, ეზოში ჩავედი. ალაგესთან 45-50წლის ჭაღარ სოფლელი ქალი იდგა. ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.
- გამარჯობათ, ნოდარ ბატონო! - მომესალმა.
- გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! - მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: „შვილი მყავს მოსაწყობი“, ან „ამას მიმიწერე“, „იმას დაურეკე...“
- არა, ბატონო, მხოლოდ ერთი წუთით გეახელით.
- რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო?
- ალბათ ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო. - მითხრა მან და ძალზე სევდიანად გაიღიმა.
- გამოგიტყდებით და, ვერა, ქალბატონო. - შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი.
- არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდით. - მითხრა მან და თავი დახარა.
- რატომ გეგონათ, რომ გიცნობდით, ქალბატონო?! - გამეღიმა მე.
- ნათელა ვარ მე, ნიჟარაძე, კუკურას დაი. - თქვა მან.
- ნათელა! - საოცარი სისუსტე ვიგრძენი ხმაშიც, მკლავებშიც, მუხლებშიც...
- ნათელა! - გავიღიმე უნაიროდ და იქვე წაქცეულ ხის გრძელ მორზე ჩამოვჯექი. იგი მოვიდა, ის ქილა ფეხებშუა ჩამიდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. უხერხულობის დასაფარავად თუთუნის გახვევა დავიწყე.
- მაისის თაფლია, ნოდარ ბატონო, ჩემი ბუკისაა, სუფთა ქარვასავით.
- გმადლობთ, რაზე ირჯებოდი.
- სოფელში თქვეს - ჩამოვიდაო, გულს უჩივაო, აგი თაფლი გულის წამალია... შენი ძმაი იკითხა, კუკურა და მისი ცხენიო... - თავი დავუქნიე უაზროდ. - რამდენი ხნით ჩამობრძანდით, ნოდარ ბატონო, მარტო ბრძანდებით თუ შემადგენლობით... - იგი ლაპარაკობდა წყვეტილად, თავაუღებლად. ხმა უთრთოდა.
- როგორ ხარ, ნათელა? - შევაწყვეტინე ლაპარაკი... მან სული მოითქვა და თვალებში შემომხედა.
- ჩემი არ იყოს, ხანი შეგპარვია, ნოდარ ბატონო! ახლა ხომ არ უჩივით რამეს?
- ჩემი საქმე გამორკვეულია. შენ როგორ ხარ, ნათელა?
- ვარ ისე, როგორც შეეფერება სოფლის დედაკაცს.
- მაინც?
- ჩაის ვკრეფ, ყანას ვთოხნი, საქონელს ვწველი, ქმარ-შვილს ვუვლი.
- გათხოვდი?
- გვინ გავთხოვდი, ნოდარ ბატონო... ოთხი შვილი მყავს, ოთხივე სწავლობს...
*
. . . . . . . . . . . . . . . .
- ქმარი კარგი მყავს, წესიერი კაცია, მშრომელი...
- სახლში შემოდი, ნათელა! - ვთხოვე მე და წამოვდექი.
- არა, ჩემო ბატონო, აღარ შეგაწუხებთ. - თქვა და უხერხულად შეიშმუშნა. მივხვდი, რაღაც აწუხებდა, მაგრამ თქმა ეუხერხულებოდა.
- რაღაც გაწუხებს, ნათელა, და მითხარი, ნუ მომერიდები, - ვუთხარი მე.
- აგერ, ეს მოგიტანეთ, არ იფიქროთ, რომ... სხვანაირად ნუ ჩამომართმევთ და... თქვენ ახლა სახელიანი კაცი ბრძანდებით, თქვენ უფრო გამოგადგებათ, რამეში გამოიყენეთ, მე კი... - მან რაღაც ძველი, გაცრეცილი ქაღალდი გადმომცა ათრთოლებული ხელით.
- რა არის ეს, ნათელა?
- ლექსია. თქვენი დაწერილი... - გული გამიწვრილდა ცნობისმოყვარეობისაგან, ქაღალდი გავხსენი და ელდა მეცა.
წიფნაგვარელი ნათელა
ულამაზესი ქალია, ო, ჩემო ციცინათელავ, ჩემო ციხევ და გალია...
და შემდეგ: შენი თვალები მაღლები
სამხრეთის ზღვების ფერია, კბილები - თეთრი ძაღლები
მიღრენენ, არაფერია.
მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები, ოცნების ორი ასული
გადაწოლილან წარბები,.
გადაუთიბავთ თივები...
. . . . . . . . . . . . .
...და მე გუშინდელ დღესავით გამახსენდა, როგორ შევიზიარე გალაკტიონი ჩემი ბავშვობის სიზმრებში დაბადებულ პირველ სიყვარულში, როგორ მიმქონდა მისგან სესხი, რომელსაც არასდროს არ აბრუნებენ, და როგორ ვკვებავდი ამ საზრდოთი ჩემი და ნათელას სიყვარულის მშიერ სულს.
- კიდევ ბევრი ლექსი მაქვს თქვენი, მაგრამ ეს ყველაზე კარგია, ცოდვაა ამის ასე დაკარგვა... - მითხრა მან.
- და შენ ეს ლექსი არავისთვის არ გიჩვენებია?
- რას ბრძანებთ, ჩემზე დაწერილ ლექსს სხვას როგორ წავაკითხებდი? - მითხრა მან და გაკვირვებულმა შემომხედა.
- არც შვილებს?
- არც შვილებს და არც არაფერ სულიერს, - მიპასუხა. ერთი ტირილი ქვეყანას მერჩია.
- კარგი ქალი ხარ, ნათელა, შენ. მაპატიე, რომ ვერ გიცანი, ახლა კი გიცანი და გამახსენდი, მაგრამ ვაი რომ გვიანია. მაპატიე, ნათელა!
- რა გჭირთ, ბატონო, ჩემი საპატიებელი?!
ნათელას გაეღიმა. მერე ისევ დუმილი ჩამოვარდა.
- ნათელა!
- ბატონო?!
- სუყველაფერი გამახსენდა, კუკურა, კუკურას ცხენიც, ჯარში რომ ერთად დაუძახეს. ის დღეც კი მახსოვს, ძროხას რომ ყიდდით შენ და კუკურა და მერე ფული რომ უკან დაუბრუნეთ... ის თუ გახსოვს, კაცია მუნჯაძის სიზმრის და მატარებლის ამბავი! - ნათელა ხმას არ იღებდა. - თუმცა, როგორ არ გემახსოვრება, იმ დღეს არ შეიცხადეს კუკურა?.. ლექსებს რომ გიკითხავდი ზვინის ძირში და რომ დაგვეძინა უცებ ორივეს... ისიც გახსოვს ალბათ.
ნათელა წამოდგა, თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი და ნიკაპთან ეკვროდა.
- ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე - მთხოვა მან. მე ავიღე, ქალისათვის შეუფერებელი შრომისაგან დაკოჟრილი და დამსკდარი მისი ხელი, მოწიწებით ვაკოცე და გული ამომიჯდა. მან ძალიან ფრთხილად გამომართვა ხელი, გულის მხარეს მკერდზე მაკოცა, მერე შეტრიალდა და წავიდა.
- მაპატიე, ნათელა! - ვთქვი მე. ნათელამ არაფერი არ მიპასუხა, ისე გადავიდა ალაგეზე. მე დიდხანს ვიდექი იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც მოიხედავს-მეთქი, მაგრამ ნათელას არ მოუხედია. იგი წავიდა და ასე უკანმოუხედავად წაიღო თან ჩემი საბრალო ბავშვობა... ..

 





მსგავსი სიახლეები
„თვალყური ადევნეთ ტელეკომპანია "მთავარს" და მიიღეთ ჭეშმარიტი ინფორმაცია“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, რომელიც დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში
„ამერიკაში უნდოდა სწავლა, არ გააჩნდა სახსრები და ბაბუა „მოკლა“, პარტიიდან შეგროვილი თანხით კი აშშ-ში გაფრინდა - როცა შალიკო & Co გვირგვინებით მივიდა სამძიმარზე, კარი ბაბუამ გაუღო“
„მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში - სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ"
„ზაზას გული გაუსკდა - არ მასვენებს ეს წყეული კითხვა: რა ხდება ჩვენს თავს? რატომ არ გვესმის ერთმანეთის? რატომ ვტკენთ ერთმანეთს გულს ასე იოლად?“
„მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას, მაგალითი მიეცით სოფლის მოსახლეობას, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები - ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი და ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს“
„აუ, როგორ მიშველე, მართლა შე ჯიგარო! აი, ნახავ, თუ არ მოვიგებ დღეს! მაგარი სასაფლაო უნდა გაგიკეთოთ შენ და დედას“
„ახლა მომწერეს, გიგა ბოკერია უცემიათ ქუთაისში - მოინდომაო სეირნობა ქუჩაში - რაღაც მართლა არ ჩანს, ნაცებო, სადაა თქვენი ბოკერია, ხალხს რომ ემუქრებოდა?“
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა - შემთხვევა ახლახან ვაკის საცურაო აუზში მოხდა
„ახლა დასკვნა თქვენთვის მომინდვია, თუ რატომ დაძვრება გიორგი ვაშაძე ბაზარბაზარ და რატომ ხვდებოდა ხალხი გაღიმებული სახეებით ნაცუკებს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში, მოსახლეობას შეხვდა
„ბევრი რამ გააკეთა ივანიშვილმა არაპოლიტიკურ ჭრილში - თუნდაც კარტოფილის თესლი რომ შემოიტანა და დღეს თურქულის ნაცვლად ქართულ მიწაზე მოყვანილს ვწვავთ, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი მაინც ჯიღაურა“
ქვეყანა, რომელშიც ბედნიერების სამინისტრო არსებობს (ფოტო)
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია
8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის, რომლითაც საპატრიარქოს მხილებას აპირებს
„გაჭიმულ პლაკატს მიღმა ეს ტრაკიმასხარა პოლიტიკანები რომ მოდიან, სულ მგონია, ესენიც პრო..იდან უჭირავს ვიღაცას“
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსაა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს“
ბიძინა სავანელი: – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი?
ქუთაისში, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა