პეტრე პირველის წარმოშობის შესახებ

მამა ტაბუებს, აკრძალვებს, ცენზურას ვერ ეგუებოდა. პირიქით, ესა თუ ის ტაბუ ინტერესს უმძაფრებდა, აკრძალულ საკითხში გარკვევის აზარტს მატებდა. ერთ-ერთი ასეთი ტაბუ ედო პეტრე პირველის გასაიდუმლოებულ წარმოშობას და მამა ამ თემასაც ჩაუჯდა. თუმცა, ამბობდა: მე არაფრის მტკიცებას ვაპირებ. უბრალოდ მინდა, მკითხველს საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოო. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ნარკვევიდან.


მარინა ბუზუკაშვილი

 

 

 

 

 

 


შალვა ნუცუბიძე

პროფესორი შალვა ნუცუბიძე მიამბობდა: „რაღაც შარი მომდეს, დამიჭირეს. ავიღე რუსთაველის წიგნი და შევევედრე შოთას: ე, ბიჭო, ქართველი არა ხარ? გთარგმნი, ოღონდ შენც მიშველე-მეთქი. ვთარგმნე, მიშველა. მეორედ დამიპირეს დაჭერა, შევევედრე არეოპაგელს: ე, ბიჭო, შენ ქართველი ხომ ხარ, პეტრე იბერი? მსოფლიოს დავუმტკიცებ, რომ ნაღდი ქართველი ხარ, ოღონდ მიშველე! დავუმტკიცე მსოფლიოს მისი ქართველობა. მიშველა“.

 

საგულისხმოა, რომ შალვა ნუცუბიძისგან სრულიად დამოუკიდებლად არეოპაგელის ქართველობა დაამტკიცა აგრეთვე ბელგიელმა მეცნიერმა ერნსტ ჰონიგმანმა. გავრცელდა ხმა, ჰონიგმანისათვის ნობელის პრემიის მინიჭების შესახებ. მან კი უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ პრიორიტეტი ქართველ მეცნიერს ეკუთვნისო.

 

და კვლავ შალვა ნუცუბიძე: „მესამედ არავინ დამიპიროს დაჭერა, თორემ პეტრე პირველის ქართველობასაც დავამტკიცებო“. დიდ სწავლულს მესამედ საფრთხე აღარ დამუქრებია.

 

პეტრე პირველის წარმოშობას დღემდე ტაბუ აქვს დადებული! იგი რუსეთის ისტორიაში პეტრე დიდის სახელით არის ცნობილი. დედამისი ნატალია კირილეს ასული ნარიშკინა იყო. ხოლო ნამდვილი მამა, გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ყმაწვილი, ქართველ ბაგრატიონთა შთამომავალი, ბატონიშვილი ერეკლე დავითის ძე – შემდგომში ერეკლე პირველად წოდებული. მართალია, ყოველივე ეს კარგა ხანია გასაიდუმლოებულია, მაგრამ მითქმა-მოთქმა ხანგამოშვებით მაინც გაისმის.

 

ცნობილი რუსი მწერალი ალექსეი ტოლსტოი სტალინთან რჩევისათვის მისულა:

 

– საფუძვლიანად შევისწავლე პეტრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოძიებული მაქვს უტყუარი ისტორიული დოკუმენტები იმის თაობაზე, რომ იგი ქართველთა სამეფო გვარის შთამომავალია. გთხოვთ ჩემს ახალ რომანში პეტრე დიდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერისას ამ დოკუმენტების გამოქვეყნების ნება დამრთოთ.

 

სტალინს უთქვამს:

 

– პეტრე პირველი ცნობილი რუსი მოღვაწე იყო და ასევე უნდა დარჩეს. რაც შეეხება მის ქართველობას, ეს ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ საჯაროდ ამის თქმა ქართველებს არაფერს შემატებს. ამიტომ გირჩევთ, ამ ამბავს ნუ გავახმაურებთო.

 

ალექსეი ტოლსტოი დაჰყვა სტალინის რჩევას და ამის შესახებ კრინტიც არ დაუძრავს.

 

და მაინც, მიუხედავად ამისა, 1960 წელს მოსკოვში დასტამბულ ს.ა.დიანინის წიგნში „ბოროდინი“ (რომელიც, სხვათა შორის, ბოროდინის ქართულ წარმომავლობას დოკუმენტურად ადასტურებს და მიუთითებს დიდი კომპოზიტორის ნამდვილ გვარსაც – გედევანიშვილი) 160-ე გვერდის სქოლიოში აღნიშნავს: „…მაგალითად, შესაძლოა, ამგვარი „საიდუმლოს“ აუცილებლობა რუსეთის ხელისუფალთა მიმართ შიშით განპირობებულიყო! ხომ ცნობილია, რომ პეტრე პირველი თავს ქართლის მეფეთა მემკვიდრედ თვლიდა (თუმცა, საქართველოს არასდროს დახმარებია. სამწუხაროდ, ერთხელ პირიქითაც კი მოიქცა. – დ.ბ.). მიუხედავად ამისა, იგი ფრიად არაკეთილგანწყობით შეხვდა ქართლის უკანასკნელი მეფის სურვილს: თავისი მოდგმა მის ქალიშვილ – მეფის ასულ დარეჯანთან ქორწინებით გაეგრძელებინა“.

 

ორივე გამოცემა ვლადიმერ ტატიშვილის წიგნისა „ქართველები მოსკოვში“ საგულისხმო ცნობებს გვაწვდის პეტრე პირველის ნამდვილი მამის, ერეკლე პირველის (ბატონიშვილის), მოსკოვში ცხოვრების პერიოდზე. როგორც ცნობილია, იგი ჯერ კიდევ ბავშვი წაიყვანეს მოსკოვში და იქ იზრდებოდა. სამეფო კართან მისი სიახლოვე საყოველთაო ინტერესს იწვევდა. ერეკლე პირველს მოსკოვში ახალი სახელი – ნიკოლოზი დაანათლეს. მაღალ საზოგადოებაში დიდად მიღებული იყო აგრეთვე მისი დედა – ქალბატონი ელენეც.

რუსეთის მეფე ალექსეი მიხეილის ძე და კარის დიდებულნი მეტად მოხიბლულან ახოვანი, ლამაზი, თავდაჭერილი და ძალზე გონიერი 11 წლის ყმაწვილით. სამეფო კარზე აკრედიტებული დიპლომატებიც ძალზე აღფრთოვანებულან ქართველი მეფისწულის ხილვით. ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი რეიტინფელსი თავის მთავრობას წერდა:

„ჩვენ არაერთხელ მოგვეცა შემთხვევა, გვენახა უფლისწული მოსკოვში, სადაც იგი ცხოვრობს როგორც კერძო პირი დედითურთ – უგონიერესი და უკეთილშობილესი ქალით. მისი ღირსეული შვილი მეფის ახოვანებისა და სულისაა. საზეიმო შეხვედრების დროს იგი თან ახლავს რუსეთის ხელმწიფეს მეორე კაცად. ქართველებს აქვთ კუპრივით შავი თმა, თვინიერი თვალები, არწივისებური ცხვირი, თოვლივით თეთრი კანი. საერთოდ, ისინი ძალზე გამოირჩევიან სილამაზით. მათი ქალებიც კი ფრიად მიმზიდველნი არიან. აცვიათ მდიდრული საზეიმო ტანსაცმელი“.

რაც დრო გადიოდა, ქართველი უფლისწული მით უფრო მშვენდებოდა. იგი მხრებგანიერი და წელვიწრო ვაჟკაცი იყო. ერთთავად ცხენოსნობასა და სამხედრო ოსტატობაში ვარჯიშობდა. ნიადაგ იმას ფიქრობდა, როგორმე საქართველოში დაბრუნებულიყო და ერთიანი საქართველოს მეფე გამხდარიყო.

1671 წლის იანვარში რუსეთის მეფე, სამოც წელს გადაცილებული ალექსეი მიხეილის ძე, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ოცი წლის ნატალია ნარიშკინაზე დაქორწინდა. ეს ქორწინება მრავალგვარი ჭორის საბაბი  გახდა. მით უმეტეს, როცა ქორწილზე დედასთან ერთად მოპატიჟებული ქართველი უფლისწული „ტისიაცკად“ აირჩიეს, რაც დიდ პატივად ითვლებოდა. იგი ნეფე-დედოფლის უახლოესი მრჩეველი გახდა.

პეტრე პირველი

ქორწინებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და დედოფალს ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც პეტრე დაარქვეს. მომავალი იმპერატორის დაბადება დიდი ზარზეიმით აღინიშნა. ჩვილი საოცრად ზორბა, ჯანსაღი და ძლიერი იყო. მის ზრდასთან ერთად სასახლეში დღითიდღე მწვავდებოდა მილოსლავსკებისა და ნარიშკინების საგვარეულო ბრძოლა. ყმაწვილ პეტრეს აღშფოთებდა, რომ მისი უსაყვარლესი დედა აუგად იხსენიებოდა. ეს ყოველივე მაშინ დასრულდა, როცა რუსეთის კანონიერი მეფე, 17 წლის პეტრე პირველი 1689 წელს მოსკოვში დაბრუნდა და კრემლის გასაღები ჩაიბარა.

რა ბედი ეწია ქართველ უფლისწულ ერეკლე პირველს? პეტრეს დაბადების შემდეგ მან ორი წელიღა დაჰყო მოსკოვში, რადგან სამეფო კარზე მკვეთრად შეიცვალა მისდამი დამოკიდებულება. ჭორებმა, დედოფალ ნატალია ნარიშკინასთან მის ურთიერთობაზე, თვით მეფის, ალექსეი მიხეილის ძის ყურამდეც  მიაღწია და ოდესღაც სასურველი სტუმრისადმი კეთილგანწყობა ერთბაშად გაუნელა. ხოლო როცა ერეკლე ბატონიშვილმა რუსთ ხელმწიფეს საქართველოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა, იგი უყოყმანოდ დათანხმდა. სადღა იყო წინანდელი საზეიმო შეხვედრების სითბო! გულგრილად გაისტუმრეს, ისე, როგორც ნებისმიერი საელჩოს დიპლომატიურ შიკრიკს აცილებდნენ.

მართალია, პეტრე პირველი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ იმდენი დიდება მოუტანა რუსეთს, რომ საუკუნო სახელი დაიმკვიდრა.

როცა იგი ნახევარსაუკუნოვან ასაკს გადასცდა, ეს გოლიათური ტანის და ჯანის პატრონი კაცი, ხშირად ავადმყოფობდა. მიუხედავად ამისა,  მაინც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. ხან გემით მოგზაურობდა, ხანაც ეტლით. 1724 წლის 29 ოქტომბერს იგი გემით გაემგზავრა სესტერ-ბეკში იქაური ქარხნების მუშაობის გასაცნობად. ქალაქ ლასტის მისადგომებთან შენიშნეს, რომ რომელიღაც სამხედრო გემი ქარიშხალს გადაებრუნებინა. პეტრემ ბრძანა, კურსი შეეცვალათ და გემის ეკიპაჟს მიშველებოდნენ. ამასობაში დაღამდა კიდეც. პეტრე მკერდამდე ცივ წყალში ალიონამდე იდგა და სიცოცხლე შეუნარჩუნა ოც მეზღვაურსა და ჯარისკაცს. დილით კი ციებ-ცხელებით გათანგული პეტერბურგს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. 16 იანვარს სარეცელს მიეჯაჭვა და ფეხზე აღარც ამდგარა. მაშინ კი უხმო ექიმებს (რომლებისაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არაფერი სწამდა), მაგრამ უკვე გვიან იყო. 22 იანვარს ოთახის გვერდით საკურთხეველი დაუდგეს და აზიარეს. 26 იანვარს მისი სულის საოხად ხუნდებდადებული პატიმრები გაათავისუფლეს ციხიდან. 28 იანვრის განთიადზე პეტრე პირველი გარდაიცვალა.

ესოდენ დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და პიროვნების ამგვარმა გარდაცვალებამ უნებურად შალვა ნუცუბიძის ნათქვამი გამახსენა მისი მეუღლის მოგონებათა წიგნიდან: „შალვა ნუცუბიძე დაავადების მკურნალობას პროფილაქტიკას ამჯობინებდა. ებრაელი, – ამბობდა იგი, – ავადმყოფობამდე სამი წლით ადრე მკურნალობს, ქართველი კაცი კი ავად გახდომიდან სამი დღის შემდეგო“.

ამ ლოგიკით, პეტრე პირველის წარმომავლობაზე დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიმინდია.

 

დავით ბუზუკაშვილი





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის "არიგატო გოზიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი" წარდგენა გაიმართა
"დღეს ზუსტად 35 წელი შესრულდა მღვდელმონაზონ თეოდორეს (ჩიხლაძე) დახვრეტიდან, რომელიც უკანასკნელი ქართველი სასულიერო პირი აღმოჩნდა, ვინც საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა"
გენერალმა ანტონ პალიჩ დენიკინმა, შვეიცარიის წითელი ჯვარის საშუალებით ორი ვაგონი მედიკამენტი გააგზავნა საბჭოთა არმიისთვის
პეტრე პირველის წარმოშობის შესახებ
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
"მამაკაცის ღირსების საზომი - მისი რჩეული ქალისადმი დამოკიდებულებაა" - ნოდარ დუმბაძე
რატომ არ უყვართ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას სტალინი?
"ჩემი წინადადებაა, დავარტყათ მტერს მამაცურად და როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენი გამარჯვება რომის პაპს დავალოცვინოთ"
„მთავარი მკურნალი არის სიყვარული, ამიტომ ხშირად ვიმეოროთ სიტყვა მიყვარხარ!!!“" - ნათია ფანჯიკიძე
როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე და საიდან მოდის ეს ტრადიცია
"ამ წერილს ჩუმად ვწერ და გიტოვებ… ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები”…
პატიმრისა და შვილის ემოციური შეხვედრა - ციხეში ექსკურსიაზე მყოფმა მოსწავლემ საკუთარი მამა იპოვა
კონსტანტინე გვარჯალაძის შეხვედრა ჩერჩილთან (დიალოგის ჩანაწერი)
რატომ ვართ ღარიბები? - ილია ჭავჭავაძე ცოდნის შესახებ
ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო
საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის დირექტორის წერილი - მასწავლებელებს
"ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ"
რომელია მსოფლიოს ყველაზე ცივი და ცხელი ადგილები
სტალინის უცნობი ლექსი, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა
ლუდის სასარგებლო თვისებები - ეს ბევრმა არ იცის!