“ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო”

“გუნდში კარგა ხნის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა იმის თაობაზე, ხისტი თუ რბილი პოლიტიკით უნდა ემოქმედა მომავალ არჩევნებამდე “ქართულ ოცნებას”. ეს არჩევანი ნიშნავს, რომ `ქართულმა ოცნებამ~ ძალიან ხისტი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, სხვა საკითხია და ამას დრო გვიჩვენებს. პარლამენტში პირველივე გამოსვლისას გახარიამაც და ღარიბაშვილმაც მკაცრი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. ვნახოთ, ეს მათ საქმიანობაზე როგორ აისახება. სამთავრობო ცვლილებებს ველოდი გაცილებით ადრე. როგორც ჩანს, ყოყმანობდნენ, თუმცა საბოლოოდ ფსონი მაინც ხისტ პოლიტიკაზე დადეს. როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ ძლიერი ხელით მართვა მათი გამარჯვების წინაპირობად იქცევა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო” / “ღარიბაშვილის და გახარიას მთავრობაში ყოფნა არის ნიშანი იმისა, რომ “ქართული ოცნება” საკუთარ პოლიტიკურ მიდგომებს ამკაცრებს, მათ შორის - არმიის მიმართულებითაც”.

 

“სავარაუდოდ, შეეცდებიან, ყველა მიმართულებით იმოქმედონ ხისტად და ე.წ. კანონის უზენაესობის დაცვით, ანუ მცირე გადაცდომისთვისაც - სახელისუფლებო ვერტიკალში თუ მის გარეთ - მიიღებენ გაცილებით მკაცრ ზომებს. ბიზნესსა თუ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრ, გარკვეულწილად რეპრესიულ პოლიტიკასაც გაატარებენ, ოღონდ არა იმ მასშტაბისას, როგორსაც ატარებდა “ნაციონალური მოძრაობა”. საქმე ის არის, რომ არც “ქართულ ოცნებას” აქვს ამის რესურსი და საზოგადოებაც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი... რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, “ოცნებაში” დაასკვნეს, რომ ამ ტიპის აქციებს არც მმართველობითი და არც ფულადი რესურსი არა აქვს, შესაბამისად, მისგან საფრთხე არ ემუქრებათ. პირიქით, მიიჩნიეს, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დაძაბულობის შენარჩუნებით ისინი მუდმივად მოახერხებენ, ქვეყანაში არსებული პრობლემები სხვას გადააბრალონ. თუმცა ზნეობრივად და მორალურად არასწორი მგონია ხელისუფლების გადაწყვეტილება. არაერთგზის ვთქვი, რომ გახარიას ადგილაზე მე აუცილებლად გადავდგებოდი ივნისშივე, მით უფრო _ არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას და თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილის ჯინაზე არ გადავდგამდი ასეთ ნაბიჯს... გახარიას დიდი ხანია ამზადებდნენ პრემიერობისთვის. ჰოდა, მიიყვანეს საქმე ბოლომდე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“უპირველესი და ყველაზე დიდი პრობლემა მგონია საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. სასიცოცხლოდ აუცილებელია, გამოიკვეთოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, რომელთა ირგვლივ მოხერხდება ყველაზე რადიკალურ პოზიციებზე მყოფი ადამიანების კონსოლიდაციაც კი. სამწუხაროდ, ამ პოლარიზაციის პროცესს “ქართული ოცნების” ხელისუფლების რიტორიკა თუ საქმიანობა მხოლოდ ხელს უწყობს. “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მისი დამოკიდებულება, გაუთავებელი ლაპარაკი ცხრა წელზე მხოლოდ კონფრონტაციული ფონის შექმნას უწყობს ხელს. ბოლოს და ბოლოს, მოსაბეზრებელია ერთისა და იმავეს მოსმენა! ან მიიყვანონ საქმე ბოლომდე და “ნაციონალური მოძრაობა” აკრძალონ, ან პირიქით, გადადგან ნაბიჯი გამთლიანებისკენ. საზოგადოებაში ასეთი ლატენტური დაპირისპირება ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ უკან ხევს... პოლარიზაცია არის კომპლექსური პრობლემა. არ შეიძლება ამის ცალმხრივად დანახვა. მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ოპოზიცია, საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ეს უნდა გაისიგრძეგანონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მეორე უმწვავესი პრობლემა არის ქვეყნის ძალიან ნელი ეკონომიკური განვითარება, სიდუხჭირე... ტემპი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მით უფრო, როდესაც ლარი ასეთ დევალვაციას განიცდის, არის არასწორი ეკონომიკური მიდგომების შედეგი. მეტისმეტად არასწორად მოქმედებს ეროვნული ბანკი, როდესაც მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ბრმად ასრულებს. ჩვენ ჯერ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და მერე დანარჩენზე. მესამე პრობლემაა ქვეყნის ოკუპაცია და სამწუხაროდ, ვერც ერთი მთავრობის პროგრამაში ვერ დავინახე ამ პრობლემების დაძლევის გზები. 2024 წლამდე, ანუ პუტინის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ამგვარი პროგრამების ამოქმედება, ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვემზადებოდეთ პოსტპუტინისტური პერიოდისთვის. ინტენსიურად ასამუშავებელია არასამთავრობო სპექტრი და არაფორმალური მიდგომები. სამწუხაროდ, ასეთ მზაობას მთავრობისგან ვერ ვხედავ. პირიქით, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ვხედავთ მათ ნაბიჯებს, ანუ რაღაც ხდება და მერე ამას მოჰყვება ხოლმე რეაქცია საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგანაც, რაც ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ვერაფრით ადგება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ქართულ ოცნებას”, როგორც უკვე ვთქვი, არ ჰბეზრდება გაუთავებლად ცხრა წელზე აპელირება, შედარება სააკაშვილის მართვასთან და ლაპარაკი, რომ თვითონ უკეთესია; თუ რამეს ვერ ართმევს თავს, აქაც მშვენივრად ახერხებს “ნაციონალური მოძრაობის” გამოყენებას და ყველაფრის მისთვის გადაბრალებას. ლარის დევალვაციაც საბოლოოდ “ნაციონალურ მოძრაობას” დაჰბრალდა. თავის მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს, გაუთავებლად მასზე რომ ლაპარაკობს მმართველი ძალა. ამის შედეგად ის ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, შესაბამისად, მის ლიდერებს აქვთ ათასგვარი პრივილეგია - აქვთ პარტიის დაფინანსება, არიან პარლამენტში, დადიან მივლინებებში... მოკლედ, კარგ დროს ატარებენ... დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება სურათი და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო. ასეთ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად დაკარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

 

“რაც შეეხება გახარიას რუსულ განათლებას... უკაცრავად და, გრიგოლ ვაშაძეს სად აქვს განათლება მიღებული და რომელი ჯარის თადარიგის ოფიცერი იყო?! რუსეთში განათლება მეც მაქვს მიღებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსულ ინტერესებს ვემსახურები. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, სად მიიღე განათლება, არამედ ის, რა ისწავლე და სამშობლოს ბედს როგორ განიცდი... გახარია, ვფიქრობ, საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი შეიძლებოდა შერჩეულიყო `ქართულ ოცნებაში~, რომლის საკადრო რესურსი ძალიან მწირია და სადაც უმაღლესი ხელმძღვანელობა სამთავრობო პორტფელების გადასაცემად მხოლოდ შემსრულებლებს ეძებს და არა უმაღლესი დონის პოლიტიკოსებს... მოკლედ, ამ ვითარებაში და პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, გახარიას კანდიდატურა უალტერნატივო იყო, ოღონდ, ვიმეორებ: არა - მორალურად... რაც შეეხება რუსულ ინტერესებს და ვექტორის შეცვლას, მიმაჩნია, რომ გახარიას დანიშვნით ამ ვექტორს არაფერი ემუქრება”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა, საგარეო მიმართულებით საქართველომ პოზიცია შეიცვალოს და ელჩის პოზიციაზე კელი დენიანი შეარჩია...” - პასუხობს:

 

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არის სრული აბსურდი! ამ პროცესს ცოტა სხვანაირად ვხედავ - საქართველო აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და სწორედ ამიტომ გაგრძელდა კანდიდატურის შერჩევა ამდენ ხანს. ცნობილია, რომ არაერთ ცნობილ ამერიკელ დიპლომატს ჰქონდა სურვილი, დაეკავებინა ეს პოსტი, თუმცა საბოლოოდ შეირჩა ეს ქალბატონი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რაღაც პროცესები იყო დასალაგებელი, აშშ-ს გასარკვევი ჰქონდა თურქეთთან, ირანთან თუ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებები. როგორც ჩანს, ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაირკვა და სწორედ შექმნილი ვითარების შესაბამისად შეარჩიეს ელჩის კანდიდატურაც”.





მსგავსი სიახლეები
ახალი სკანდალური სია - გამოიწვევს თუ არა გასაუბრებები “ოცნებაში” განხეთქილებას
“ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი” - სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
აზარტული თამაშები საფრთხეს უკვე ქვეყნის ეკონომიკას უქმნის
“ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”
პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“
ხაზარაძე და მისი სიმბოლოები
11 შეხვედრა მოსახლეობასთან - რა შემთხვევაში გადაიფიქრებს "ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას
საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მოსკოვის მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი, მოულოდნელად რიტორიკა შეიცვალა
რევოლუციის დასასრული: რას უნდა ელოდოს მოსკოვი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისაგან?
რა ცვლილებებს განახორციელებს გახარია მთავრობაში - იქნებიან თუ არა ახალი სახეები
“ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო”
"გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით"
რატომ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს ახალი შეთანხმების გაფორმების წინ
სამთავრობო ტანდემი - რომელი მინისტრი ვერ მოხვდება გახარია-ღარიბაშვილის მთავრობაში
ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები
შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას
დენის ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ გაზი გაძვირების ზღვარზეა
პანკისელი მებრძოლის შეკვეთილი მკვლელობა ბერლინში - რუსეთს გერმანიასთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაეძაბოს
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - სად უშვებენ ბახტაძეს
“ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...” - ვახტანგ ძაბირაძე