ირანში ქალებს სტადიონზე შესვლისა და ფეხბურთის მატჩებზე დასწრების ნება მისცეს

ირანში ქალებს სტადიონზე შესვლისა და ფეხბურთის მატჩებზე დასწრების ნება მისცეს. რა შეუძლია ქალების მხარდაჭერას...

 

10 ოქტომბერს ირანელი ქალების ცხოვრებაში ისტორიული მოვლენა მოხდა - ისინი, ბოლო 40 წლის შემდეგ (შაჰის მმართველობიდან) პირველად დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს თეირანის სტადიონზე. ადრე ირანელ ლამაზმანებს საფეხბურთო არენაზე შესვლა აკრძალული ჰქონდათ. ფიფამ დაბეჯითებით მოსთხოვა ირანის ხელისუფლებას აკრძალვის გაუქმება მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივარის სტადიონზე შეპარვის მცდელობა აღკვეთა. მოგვიანებით „დანაშაულში“ ეჭვმიტანილმა ირანელმა ქალმა, პროტესტის ნიშნად, სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა.

 

რა შეუძლია ქალების მხარდაჭერას?

 

ქალებისთვის ისტორიული საფეხბურთო მატჩი გახდა ირანისა და კამბოჯის ნაკრები გუნდების შეხვედრა, რომელიც ირანელმა ფეხბურთელებმა მოიგეს ანგარიშით... 14:0! აი, რა შეუძლია ქალების მხარდაჭერას!

 

ირანელი ქალებისათვის გამოყოფილი 3500 ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ფეხბურთის მატჩს სპორტული ჟურნალისტი ქალი რაჰა ფურბახშიც დაესწრო: „ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში ფეხბურთის თამაშებს მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი ცოცხლად ვხედავ“, - განუცხადა მან საააგენტო „ფრანს-პრესის“ კორესპონდენტს.

 

მაგრამ იმავდროულად ბევრი გულშემატკივარი მამაკაცი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ბილეთები ქალებსაც გაუნაწილეს და საერთოდ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები რომ სტადიონზე შეუშვეს.

 

თავის მხრივ, ირანელმა ქალებმაც გამოთქვეს საყვედური იმის გამო, რომ მათი სექტორი მამაკაცთა სექტორიდან ბარიერებით იყო შემოსაზღვრული. აქტივისტ მარიამ შოჯაის განცხადებით, იგი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ 78-ათასიან სტადიონზე ქალ გულშემატკივრებს მხოლოდ რაღაც 3500 ბილეთი გამოუყვეს: „ეს ის არ არის, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდით“, - ასე ჩაწერა მან „ტვიტერ“-ში. მარიამ შოჯაიმ ინტერვიუ მისცა ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ კორესპონდენტსაც: „ეს სქესობრივი დისკრიმინაციის გამოხატულებაა. სტადიონზე ცარიელი ადგილები ჩანდა, მაგრამ ბევრი ჩვენთაგანი მაინც უბილეთოდ დატოვეს... მოკლედ, ძალიან უკმაყოფილოები ვართ“.

 

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა ქალებისათვის ბილეთების ესოდენ მცირე რაოდენობით გამოყოფა იმით ახსნა, რომ საზოგადოება ამ სიახლისათვის ჯერ მზად არ არის და რაიმე ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, საწყის ეტაპზე ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. „თეირანის სტადიონ „აზადის“ ტექნიკური ინფრასტრუქტურა ქალების ყოფნისათვის მზად არის, მაგრამ მზად არაა საზოგადოებრივ-კულტურული და მენტალური ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა მან.

 

თავის დაწვა... ფეხბურთისათვის?

 

ირანში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აეკრძალათ. ხელისუფლებისა და რელიგიური წრეების მოტივაცია ასეთი იყო: ქალების შინაგან სულს სტადიონზე არსებული „მამაკაცური ატმოსფერო“ დააზიანებს - ვთქვათ, ლანძღვა-გინებისა და უცენზურო წამოძახილების მოსმენა, ასევე ნახევრადშიშველი სხეულების ნახვა. თუმცა, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ესოდენ ხანგრძლივი აკრძალვის ჭეშმარიტი მიზეზი ისაა, რომ ბევრ კონსერვატორს ეშინოდა - თუ ქალებს ამის ნებას მისცემდნენ, ისინი სხვა უფრო მეტ უფლებებს მოითხოვენო.

 

მრავალი ირანელი აქტივისტი ქალი ფეხბურთის მატჩზე დაწრების აკრძალვის გასაუქმებლად დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა. სიტუაციამ გამოსწორება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთის გულშემატკივარმა ახალგაზრდა ქალმა, თეირანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ინგლისური ენის მცოდნემ, კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტმა, საჰარ ჰოდაიარმა თავი დაიწვა.

 

მიმდინარე წლის მარტში 28 წლის საჰარი, რომელიც მამაკაცის ტანსაცმელში იყო გადაცმული, სტადიონის შესასვლელში დააკავეს და მატჩზე დასწრების უფლება არ მისცეს. საჰარმა სამი დღე პოლიციის ადგილობრივ იზოლატორში გაატარა, მოგვიანებით კი გირაოთი გამოუშვეს. სასამართლოს პირველი სხდომა 2 სექტემბერს გაიმართა. ახალგაზრდა ქალმა იფიქრა, რომ მას საპყრობილეში პატიმრობას მიუსჯიდნენ, შენობის გარეთ გამოვიდა, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - საჰარი 9 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

ფეხბურთის გამო ტრაგიკულად დაღუპული ირანელი ქალისადმი სოლიდარობისა და ხსოვნის ნიშნად ბევრი ევროპელი ფეხბურთელი ცისფერი სამკლავურით გამოვიდა მინდორზე - საჰარი ხშირად ცისფერ ტანსაცმელს იცვამდა ხოლმე, თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის Esteghlal-ის სპორტული ფორმის ფერის შესაბამისად.


-------------
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-50008392

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”
როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს
დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს
აშშ საქართველოში გააქტიურებას იწყებს - ვაშინგტონის ჩართულობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შესაძლოა გაიზარდოს
თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა
განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”
“საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”
“დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”
რამდენად შესაძლებელია თურქეთის გასვლა ნატოდან?
რა საფრთხე ემუქრება თბილისელთა ჯანმრთელობას
"პირველი დარტყმა თბილისზე იქნება“ - რა საფრთხეს ქმნის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაორმაგება
“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს"
რამდენი ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი