როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს

“ახალი სამთავრობო ცვლილებების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ - მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას შესაძლოა სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მინისტრების თანამდებობებიდან გადაყენება, მათი შეცვლა, თუ გადანაცვლება, რაც ძირითადად 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, არსებით შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საქართველო კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს / მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

“უკვე ორი თვეა რაც პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაურია. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა 8 სექტემბერს დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის ერთგვარი გამოცანაა ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან “ის იყო მინისტრი, რომელიც არც არაფერს აკეთებდა და არც არაფერს აფუჭებდა”. გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბატიაშვილის შემცვლელად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განიხილება. ამ ინფორმაციას თავად მიმინოშვილი არ ადასტურებს. “2020NEჭშ”-ის წყაროს ცნობით, განათლების მინისტრის შემცვლელად “სოხუმის უნივერსიტეტის” რექტორი ზურაბ ხონელიძე განიხილება. თუმცა, ოფიციალურად, უცნობია განათლების მინისტრის თანამდებობას ვინ დაიკავებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ბატიაშვილი ნამდვილად არ იყო ის მინისტრი, რომელიც გუნდს პოლიტიკურ პრობლემას უქმნიდა. განათლების სამინისტროში როგორ უძღვებოდა საქმეს, ამის შეფასება რთულია. მისი საქმიანობის შესახებ ხელშესახები წარმატებები არ ისმოდა. ის იყო მინისტრი, რომელიც, როგორც ჩვენთან იტყვიან-ხოლმე, არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც არაფერს აფუჭებდა. რატომ გადადგა ჩემთვის გამოცანაა... ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე პარტია როგორ გადაწყვეტს. თუ პარტიაში ჩათვალეს, რომ ეს საჭიროა და საარჩევნო კამპანიას წაადგება, ცვლილებები სავარაუდოდ იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

“არჩევნებისთვის ემზადება არა მარტო “ქართული ოცნება”, ყველა პარტია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, არაფორმალურად ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. არამგონია ვინმე შეიცვალოს, თუმცა, იმ პოლიტიკურ რეალობაში გამორიცხული არაფერია, სადაც კატაკლიზმური მომენტები ხდება-ხოლმე. უბრალოდ შეცვლას არანაირი აზრი არ აქვს, თუ მასზე უკეთესი მენეჯერი და პოლიტიკოსი არ მოიყვანეს. მინისტრი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგი მენეჯერული უნარ-ჩვევები და თვისებები უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი დამყარებული უნდა იყოს შესაბამის ცოდნაზე, თუმცა, ასეთი კადრები საქართველოში არცთუ ისე ბევრია. უბრალოდ მინისტრის შეცვლა რომელიმე სხვა გვარ-სახელით არანაირ შედეგს არ მოიტანს, თუკი დარწმუნებით არ გვეცოდინება, რომ ეს ადამიანი ათი თავით უკეთესია, ყველა პარამეტრით. შეიძლება შეიცვალოს ერთი მინისტრი, ორი... მოვიდეს მის მაგივრად სხვა, თუმცა, ამ დარგში არაფერი მოხდეს. ბატონი ბატიაშვილი მინისტრად მოვიდა, მისი წინამორბედი შეცვალა, მაგრამ განათლების სფეროში რაიმე სერიოზული გარღვევა მოხდა? - არაფერი”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

 

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საკადრო ცვლილებებს არა დღეს, არამედ 2020 წლის თებერვალში ელოდება - “არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის გადახალისება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე პროცესის დაწყება ადრეა. ეს უფრო თებერვალ-მარტშია მოსალოდნელი, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება გადახალისება. ახალი პრემიერია და შესაძლოა ახალი გუნდი გახდეს საჭირო იმისთვის, რომ არჩევნებისთვის “ოცნება” განახლებული გუნდით წარდგეს. ამ მოტივით და არა იმით, რომ ახალი გუნდი სასწაულების გაკეთებას შეძლებს, მაგრამ მოსახლეობისთვის სიახლე იქნება. სხვა, გარდა წყალტუბოს აყვავება-აღორძინებისა, არამგონია ხელისუფლებამ კიდევ რაიმე შესთავაზოს მოსახლეობას”, - აღნიშნა ძაბირაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოებას მთავრობის გადახალისების გარდა, სხვა ცვლილებას ვერ შესთავაზებს, თუმცა ვერც ახალი გუნდი შეძლებს „მნიშვნელოვან გარღვევას”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“2020 წელს “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას საარჩევნოდ, თუნდაც პიარის თვალსაზრისით, რაღაც სიახლე შეიძლება შესთავაზოს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ველოდები და არც იმას ველოდები, რომ მთავრობის შემადგენლობა სრულად შეიცვლება, მაგრამ გადახალისება იქნება. ეს დამოკიდებული არის იმაზე, ვის რა რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს, ან ახალი ვინ იქნება, რომელიც საზოგადოებაში რაღაც დადებით რეზონანსს გამოიწვევს. თუ ჰყავთ ასეთი კადრი, არ ვიცი. ნებისმიერი შეიძლება შეიცვალოს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.





მსგავსი სიახლეები
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე
"არასწორი იქნებოდა თბილისური ნოემბრის პროტესტების მიზეზები მხოლოდ კონსტიტუციისა და არჩევნების ირგვლივ დებატებში ვეძებოთ"
რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია
რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე
“პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას
სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია
სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატოში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”
როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს
დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს