„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“

"КоммерсантЪ (რუსეთი), 21 ნოემბერი, 2019 წელი


„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს...“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი მოსკოვთან ურთიერთობების საკითხებში - ინტერვიუ პრაღაში მოლაპარაკების ახალი რაუნდისა და იმის შესახებ, თუ რის გამო შეიძლება ეს მოლაპარაკება გართულდეს.

 

„პრაღაში 28 ნოემბერს ქართულ-რუსული მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. რუსული მხარე წარმოდგენილი იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად კი ფედერაციის საბჭოს წევრის, სენატორ გრიგორი კარასინის სახით, ქართული მხარეს კი - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენს. შეხვედრა შეიძლება სკანდალმა გაართულოს: გასულ კვირას სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთის დროს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს. ეს ადამიანი ცნობილია იმითაც, რომ იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოგდებულ რუს მფრინავებს მკურნალობდა“, - წერს «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტი ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელმაც ჩეხეთის დედაქალქში დაგეგმილი შეხვედრის წინ ინტერვიუ ჩამოართვა ზურაბ აბაშიძეს.

 

როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, შეხვედრის დროს განხილული იქნება პრაქტიკული საკითხები, რაც თავდაპირველი, 2012 წელს დადგენილი ფორმატით არის განპირობებული: სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-კომუნიკაციური, ჰუმანიტარული და ა.შ. პრაღის მოლაპარაკებაზე კონკრეტულად იმსჯელებენ ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზეც.

 

კითხვაზე, თუ რამდენად მოახდინა გავლენა ტურისტული ნაკადის ინტენსივობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვამ, ზურაბ აბაშიძე პასუხობს: „ცხადია, ტურისტთა რაოდენობამ აშკარად იკლო. ივლისამდე ძალიან კარგი ზრდა გვქონდა. ჩვენ ამ წელს 20-25%-იან მატებას ველოდებოდით, შარშანდელთან შედარებით. მართალია, ზრდა მაინც არის - 9-10%-ით (რუსი ტურისტები ავტომანქანებით მოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან), მაგრამ ვიმეორებ - მეტს ველოდით“.

 

- საქართველოს უკვე მომზადებული აქვს წინადადება რუსეთისათვის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე?

 

- როგორც ცნობილია, რუსეთმა ავიამიმოსვლის აკრძალვის მიზეზად საქართველოში ანტირუსული განწყობა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა დაასახელა... თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღემდე საქართველოში რუსი ტურისტის ფიზიკური შეურაცხყოფის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რომ აკრძალვის რეჟიმი გაგრძელდეს.. თუ ეს საკითხი რაიმე ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება, მზად ვართ განვიხილოთ და სწრაფად გადავჭრათ. მოკლედ, ახლა ყველაფერი [რუსეთის] პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

 

- ამ ზაფხულს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება სერიოზულად ჰქონდა განზრახული, მაგრამ [ივნისის მიტინგებმა და ფრენების აკრძალვამ] ეს საკითხიც განუსაზღვრელი ვადით უკან დასწია. თქვენ დაგეგმილი გაქვთ ამ საკითხზე მსჯელობა პრაღის შეხვედრაზე?

 

- ვიზების გაუქმება რუსული მხარის პრეროგატივას წარმოადგენს. საქართველოს რაც შეეძლო, ის უკვე გააკეთა. ჩვენ 2011 წლიდან რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი დავაწესეთ, ანუ მათ საქართველოს ტერიტორიაზე 1 წლის განმავლობაში ყოფნა ყოველგვარი ვიზის გარეშე შეუძლიათ. იგივე ლიბერალური რეჟიმი ბევრი სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც ვრცელდება. როგორი იქნება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ვიზების გაუქმების თაობაზე - ეს მოსკოვის პრეროგატივაა. ჩვენ მივესალმებით ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, რომლებიც ადამიანებს შორის კონტაქტებს აიოლებენ.

 

- რუსულ და განსაკუთრებით ქართულ მედიაში აქტიურად განიხილება ინციდენტი, რომელიც ექიმ ვაჟა გაფრიდაშვილის დაკავებას უკავშირდება. ოსური მხარე აცხადებდა, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებშიო, თბილისი კი ამას უარყოფდა. ინციდენტი დღემდე მოუგვარებელია. თქვენი აზრით, ეს საკითხი შეიძლება როგორღაც გადაიჭრას?

 

- გულახდილად გეტყვით, რომ ეს საკითხი პირადად მე ძალიან მაღელვებს და ჩვენი შეხვედრისათვის ძალიან უარყოფით ფონს ქმნის. ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ქართველი ტრამვატოლოგი გახლავთ და როგორც ცხინვალი აცხადებს, იგი „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთის გამო დააკავეს. ეს პატივცემული ადამიანი იქ ჰუმანიტარული მიზნით აღმოჩნდა, რათა პაციენტისათვის დახმარება გაეწია. სამწუხაროდ, ცხინვალში მას ბრალდება წაუყენეს და თითქმის ჯაშუშობა დასწამეს, ქართული მხარე კი მზაკვრულ გეგმებში დაადანაშაულეს - განაცხადეს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თითქოსდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებეში მონაწილეობდაო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ ექიმს სამხედრო უწყებასთან არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

 

ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები - ექიმები - ძალიან ემოციური განცხადებით გამოვიდნენ, რაც სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. გამოვლინდა ზოგიერთი ნიუანსიც: აღმოჩნდა, რომ იგი 2008 წლის ომის მძიმე დღეებში კლინიკაში მუშაობდა და მისი პაციენტები თურმე ის რუსი მფრინავებიც კი იყვნენ, რომლებიც [ქართველმა სამხედროებმა] ჩამოაგდეს. ვაჟა გაფრინდაშვილი მათ მკურნალობდა, შემდეგ ისინი უპრობლემოდ დაბრუნდნენ რუსეთში. გაფრინდაშვილის კოლეგებმა იმ მფრინავებს - მაიორ ვიაჩესლავ მალკოვს და პოლკოვნიკ იგორ ზინოვსაც მიმართეს, რომ მათ თავიანთი სიტყვა თქვან და გაიხსენონ, თუ როგორ მკურნალობდა მათ ქართველი ექიმი.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ის ეროვნების განურჩევლად ყველას მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს... ასე რომ, ეს ინციდენტი ძალიან შეუფერებლად გამოიყურება და ამ დროს საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე საუბარიც კი უხერხულია. მოკლედ, ეს არაკაცური საქციელია.

 

- გარდა მასმედიაში გამოხატული მოწოდებისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სხვა არხებითაც თუ მიმართა?

 

- ჩვენ ყველა არსებულ არხს ვიყენებთ. მე ახლა დეტალებზე საუბარს არ შევუდგები, მაგრამ ჩვენ ყველა შესაძლებლობით ვსარგებლობთ. სამწუხაროდ, შედეგი არ არის, რაც ძალიან უარყოფით რეაქციას იწვევს ქართულ საზოგადოებაში. ცხადია, პრაღაში შეხვედრის წინ არასასიამოვნო ფონია შექმნილი. ამასთან, იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია მოგვარდება და ეს ფრიად პატივცემული ადამიანი, ხაზს ვუსვამ - მთელ საქართველოში ცნობილი ექიმი - უახლოეს ხანში თავის ოჯახს დაუბრუნდება.

 

- და თუ ასე არ მოხდება, [28 ნოემბერს] პრაღაში არ წახვალთ?

 

- მანამდე ჩვენ კიდევ გვექნება საუბარი. მე და გრიგორი კარასინს ამ თემაზე ლაპარაკი ყოველდღე გვიწევს ყველა არსებული არხის მეშვეობით. ეს ინციდენტი არანაირ ჩარჩოებში არ თავსდება.

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4164623

 

მოამზადა სიმონ კილომ





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია