"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებისაგან შორს არის"

„ნეზავისიმაია გაზეტას“ რედაქცია...

საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დაპირისპირება, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო ახალგაზრდობის გამოსვლებით რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ, უკვე ხისტ ფაზაში გადავიდა. ოპოზიცია არ თაკილობს პროვოკაციებს, ხელისუფლება - ძალის გამოყენებას. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან მოსული შეტყობინებების მიხედვით, ხდება შეტაკებები დაპირისპირებული ბანაკების რიგით მხარდამჭერებს შორის. დასავლელი დიპლომატიური მისიების მიერ ინიცირებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ახალი შეხვედრები კი აღარ იგეგმება.

 

ხელისუფლება თავისი პოზიციის გატანას ცდილობს: მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მისცა, დღეს აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით გაიმართება. ფორმალურად ხელისუფლება მართალია: დაპირება დაპირებად, მაგრამ დემოკრატიას ვერავინ გააუქმებს. და თუ მაჟორიტარმა დეპუტატებმა სხვაგვარად განსაჯეს - საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირეს და საარჩევნო სისტემა იგივე დატოვეს, მათ მიმართ ცუდს ვერაფერს ვერ იტყვი. ხელისუფლება აღიარებს, რომ დაპირება ვერ შეასრულა და იგი აცნობიერებს იმასაც, რომ სიტყვის გატეხვა შეიძლება სამომავლო არჩევნების შედეგებზე მის საწინააღმდეგოდ აისახოს.

 

ოპოზიციას საკითხისადმი ასეთი მიდგომა არ აწყობს: თუ ადრე „ქართული ოცნების“ მეტოქედ მხოლოდ ყოფილი სახელისუფლო პარტია - მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ რამდენიმე მცირე ორგანიზაცია მოიაზრებოდა, ახლა დღევანდელი ოპოზიციური ბანაკი გაფართოვდა, საკმაოდ აჭრელდა - მასში შევიდნენ ყველა ცნობილი მოთამაშეები, დაწყებული პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“ (რომელიც „პრორუსული“ პოლიტიკოსის რეპუტაციით სარგებლობს), დამთავრებული ანტიდასავლური „პატრიოტთა კავშირით“. ყველა ისინი არჩევნების დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გამოდიან - ხელისუფლებისაგან მაჟორიტარულის გაუქმებას ითხოვენ და სანაცვლოდ მას „გერმანულ მოდელს“ სთავაზობენ - პროპორციულ-მაჟორიტარულს გარკვეული ნიუანსებით, რომლის დროსაც ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს უპირატესობის მიღწევას სხვებთან შედარებით. ანუ თავისი არსით, პროტესტი მიმართულია დღევანდელი სიტუაციის წინააღმდეგ, როცა მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება“ - საქმეს ისე აკეთებს, როგორც თვითონ სურს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - „ოცნება“ თავისი ლიდერის ნებას ასრულებს, რომელსაც ფორმალურად სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია.

 

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ოპოზიციის ერთიანობისაგან ნატამალიც კი არ დარჩება, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა. მაგრამ რადგანაც ჯერ-ჯერობით დათმობას არავინ ფიქრობს, მთავრობაზე ზეწოლა არ სუსტდება. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ საახალწლო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით დაძაბულობა შენელდება: გავიხსენოთ, რომ სწორედ 6 იანვარს, 1992 წელს, იქნა დამხობილი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ანუ ადგილობრივი პოლიტიკოსები ზოგჯერ მიზანს აღწევენ ხოლმე, კალენდრისა და ამინდის მიუხედავად. დღევანდელი სიტუაციაც საკმაოდ ჰგავს თითქმის 30-წლიან პრეცედენტს, რომელმაც სათავე დაუდო დაუსრულებელ პოლიტიკურ ფორს-მაჟორს საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

აშკარაა, რომ ხელისუფლებამ მაშინდელი მოვლენები კარგად იცის, ამიტომაც მთავრობამ ჩამოაყალიბა ორი პირობა, რომლის დროსაც დათმობა შესაძლებელი გახდება. თუმცა საეჭვოა, რომ რომელიმეს ოპოზიცია დათანხმდეს იმდენად, რამდენადაც ორივე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის კაპიტულაციას გულისხმობს. სწორედ ასეთი მოთხოვნაა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში - პოლიტიკიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ იგივეს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილიც. ისე, კაცმა რომ თქვას, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მიხელ სააკაშვილის დასამხობად მოვიდა... მეორე პირობა - „ქართული ოცნება“ მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. ეს შეიძლება ოპოზიციური პარტიებისადმი ერთგვარ მოწოდებად შეფასდეს - გაემიჯნეთ „ნაციონალებს“ და საკუთარ მომავალზე იფიქრეთო. ანუ ოპონენტთა ბანაკში განხეთქილების შეტანის მცდელობას მოგვაგონებს. სხვათა შორის, ამ გეგმამ ნაწილობრივ იმუშავა - როცა ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე დათანხმდა, ახალგაზრდების ნაწილი აღშფოთდა და განაცხადეს, რომ ამიერიდან პროტესტის დღის წესრიგს თვითონ ჩამოაყალიბებენ... მოკლედ, მათ ეგონათ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში ისინიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა, ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ. იქნებ ასე უფრო უკეთესი იყოს, რადგან აქტიური საზოგადოების ეს ნაწილი შეიძლება მესამე პოლიტიკურ ბანაკად ჩამოყალიბდეს - ანუ ისეთ ძალად, რომელზედაც თითქმის ოცნებობენ ისინი, რომლებიც „მეოცნებეებსა“ და „ნაციონალებს“ შორის გაჩაღებული გაჭიანურებული ბრძოლით დაიღალნენ.

 

არავინ იცის, რით დასრულდება ეს დაპირისპირება. ამასთან, ყველასათვის აშკარაა, რომ ეს საშინაოპოლიტიკური კრიზისია და თბილისის საგარეოპოლიტიკურ კურსზე, მათ შორის მოსკოვთან ურთიერთობაზეც, რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. ჯერ-ჯერობით ქართველებისთვის ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე, ყოველი პოლიტიკოსი, რომელიც ჩრდილოეთისაკენ გაიხედავს, საკუთარ პერსპექტივას ჯვარს დაუსვამს.

 

წყარო: http://www.ng.ru/editorial/2019-12-05/2_7745_editorial.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია