„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“

“ახლო აღმოსავლეთში პრობლემები არც გუშინ დაწყებულა და ვერც ხვალ დამთავრდება. ირანსა და აშშ-ს შორის გართულებული ურთიერთობაც ლამის ნახევარ საუკუნეს ითვლის. სიტუაცია გართულდა აშშ-ის პოზიციებზე არაერთი შეტევის გამო, რომელთაგან უმძიმესი იყო თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე, რაც საერთაშორისო სამართლით თითქმის ომის გამოცხადების ტოლფასია. ამ პროცესების მერე ცხადი იყო, რომ მომხდარს აშშ უსათუოდ გასცემდა პასუხს, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკა ირანს უპასუხებდა ისე, როგორც, კარგა ხანია, არავისთვის უპასუხია. ყასემ სოლეიმანი არ გახლდათ რიგითი სამხედრო პირი, რიგითი გენერალი. ის იყო შემოქმედი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ირანი დღეს ახორციელებს თავის სამეზობლოში და არა მხოლოდ იქ”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“ / “რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს და თუ განხორციელდება, მისი თანამონაწილე იყოს ისე, რომ ნებისმიერ დროს დაბლოკოს და სირთულეები შეუქმნას, უპირველესად იმიტომ, რომ თვითონ აშენებს პორტს ტამანში”.


“ბუნებრივია, რომ მისი ლიკვიდაცია ირანისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ ირანის პასუხი აშშ-ისთვის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზად ვერ იქცეოდა. ირანელი პოლიტიკოსები პრაგმატულად აზროვნებენ და მშვენივრად იციან საკუთარი თუ ამერიკის შესაძლებლობები. მათ აირჩიეს პასუხი, რომლითაც ირანის ხელისუფლება მოახერხებდა სახის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით და, ამავდროულად, არ მიაყენებდა აშშ-ს ისეთ ზიანს, რომელსაც შეეძლო გამოეწვია უფრო მკაცრი პასუხი. სწორედ ამის შედეგი იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ აშშ ამ ეტაპზე ეკონომიკურ სანქციებს დასჯერდება. საინტერესო იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ პენსის ფრაზა - ვიცით, რომ ირანი თავის მეგობრებსა და პარტნიორებს მოუწოდებს, არ განახორციელონ შეტევა აშშ-ის წინააღმდეგო... დღეს ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია არავის სჭირდება - არც ირანს, არც აშშ-ს და არც რომელიმე სხვა მოთამაშეს, მათ შორის - არც რუსეთს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

 

“ჩვენში პოპულარული გახდა აპოკალიფსური სცენარები მესამე მსოფლიო ომისა და საქართველოს წამლეკავი ლტოლვილთა ურიცხვი ნაკადის თაობაზე. მოვისმინე ვარაუდიც, რომ თურმე ჩვენს ტერიტორიას აშშ გამოიყენებდა პლაცდარმად და ა.შ. ეს აბსურდია! საქმე ის არის, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა და არა მხოლოდ ტერიტორია. ამიტომ შიში, რომ საქართველო გარდაიქმნება ავღანეთად, უსაფუძვლოა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ისე უყურებს, როგორც მხოლოდ ტერიტორიას, რუსეთია. საქართველოში სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია როგორც აშშ-ისთვის, ისე ირანისთვისაც, რომელსაც ასევე აქვს ინტერესები საქართველოში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს საფრთხე, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სამხედრო საფრთხეში ფართომასშტაბიან პრობლემებს არ ვგულისხმობ. საქმე ის არის, რომ ვითარების დაძაბვით, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს ესარგებლათ და საქართველო წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ. როცა ჩვენს სიახლოვეს დაძაბულობის ასეთი კერაა, შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა მუშავდებოდეს ყველა ვერსია, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე უცხოელების მიმართ დივერსიების თაობაზეც. ვერ გამოვრიცხავთ ვერც იმას, რომ ამგვარი ვითარებისას ჩვენმა "ჩრდილოვანმა" მეზობელმა ისარგებლოს და რაღაც აურიოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“... ანაკლია არ არის ჩვეულებრივი პროექტი და ანაკლიაში რაც მოხდა, ეს, უპირველესად, ცუდია ქვეყნისთვის და არა კონსორციუმის, ხაზარაძის ან კიდევ ვინმესთვის. ეს უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და გარემოს. როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, ეს არ არის სამხედრო ბაზა, სადაც თურმე აშშ-ის წყალქვეშა ხომალდები განთავსდება... თუ შევხედავთ შავი ზღვის აკვატორიას, დასავლეთ ნაწილში განთავსებულ დიდ პორტებს აღმოსავლეთ ნაწილში სრულფასოვანი პარტნიორი არ ჰყავს. ანაკლიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ვხდებოდით უმნიშვნელოვანესი ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში. თავისთავად ცხადია, რომ აქ იქნებოდა ბევრი ქვეყნის ინტერესი და ამ დროს, ცხადია, იზრდება უსაფრთხოებაც. ანაკლია, შეიძლება ითქვას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის პროექტების ტოლფასი პროექტია! თავის დროზე სწორედ ამ პროექტების განხორციელებამ მოგვიტანა ის, რომ ვაიძულეთ რუსეთი, ბაზები გაეყვანა საქართველოდან. და როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზეა ლაპარაკი, უცნაურია მთავრობის პოზიცია, რომელიც ირგებს შემფასებლისა და დამკვირვებლის და არა ინიციატორის როლს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ვთქვათ, დავუჯერეთ ხელისუფლებას და ყველაფერში დამნაშავე კონსორციუმია. როცა საქმე ეროვნულ ინტერესს ეხება და ცხადი ხდება, რომ ვინმე რამეს სრულფასოვნად ვერ აკეთებს, სახელმწიფო იმთავითვე რატომ არ უნდა ქმნიდეს მექანიზმებს რისკების დასაზღვევად?! მას უნდა ჰქონოდა ალტერნატიული სცენარები, რომლებიც პრობლემების გაჩენისთანავე ამოქმედდებოდა... ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ანაკლიის მშენებლობას მიზანმიმართულად ეშლებოდა ხელი - არ შეიძლება მხოლოდ დამთხვევა იყოს, რომ კრიტიკულ მომენტში გახსენდება წლების წინანდელი ტრანზაქცია, რომელსაც იურისტთა ნაწილის თქმით, შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადაც კი ჰქონდეს გასული... როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს ეხება, არ შეიძლება ხელისუფლება მოქმედებდეს ისე, როგორც ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს. არ ვიცი, რა ბენეფიტს მიიღებდა საქართველო ანაკლიის პორტით, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რაოდენ დიდი იქნება ამ პროექტის შეჩერებით ქვეყნისთვის მოტანილი ზიანი. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს და თუ განხორციელდება, მისი თანამონაწილე იყოს ისე, რომ ნებისმიერ დროს დაბლოკოს და სირთულეები შეუქმნას მას, უპირველესად იმიტომ, რომ თვითონ აშენებს­ პორტს ტამანში”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ, ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტიურობასა და ე.წ. შავი სიის შედგენის იდეაზე?” - პასუხობს:

 

“რა გითხრათ, ტერმინიც კი არასწორი მგონია... სამწუხაროდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, ეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პრობლემაა... ჩვენ დღეს ისევ გამყოფ ხაზებზე ვლაპარაკობთ, არადა, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე დიდი უპირატესობა ექნება სწორედ იმ ძალას, რომელიც მოახერხებს და საზოგადოებას შესთავაზებს საერთო ეროვნულ იდეას, პოზიტიურ დღის წესრიგს... ამის უმნიშვნელო ცდები ჩანს... გვახსოვდეს ერთიც - ჩვენშიც გაიზარდა და უკვე სრულწლოვანია თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა. პოლიტიკოსები ვალდებული არიან, მოუფრთხილდნენ ამ თაობას, მოუსმინონ, შეუწყონ ხელი მათ პოლიტიკაში მოსვლას, თუნდაც მათში ჭარბობდეს ემოცია... სათუოა იმ პოლიტიკოსების მომავალი, ვინც მომავალ თაობას არ მოუსმენს, მისი გულის მოგებას არ შეეცდება და არა მგონია, “შავი სია” იყოს ახალგაზრდების გულის მოგების საუკეთესო საშუალება”.





მსგავსი სიახლეები
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება
ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა
“ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”
„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“
"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй»
რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია
„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ