“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”

“მმართველ ძალას პრობლემები თავზე საყრელად აქვს, მათ შორის ერთ-ერთი უმწვავესი საკადროა. ეს უფრო ცხადად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეიტინგის დაკარგვა დაიწყო და აშკარა შეიქნა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. ასეთ დროს დიდი ფასი ედება ერთგულ პირებს, მით უფრო ძალოვან სტრუქტურებში, რომელთა იმედადაც ფიქრობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას. ძალოვან სტრუქტურებში რთულია პროფესიონალი კადრების შერჩევა, მით უფრო ათმაგად რთულია, როდესაც მხოლოდ პროფესიონალი და ერთგული კადრი კი არა, ერთგულებაში კარგად გამოცდილი კადრი სჭირდება პარტიას, რომელსაც წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები აქვს. ასეთი ნამდვილად არის შოთაძე”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს”


“ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის მისცეს ხმა და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი განაყოფით ჰყავთ თავიანთი ელექტორატი, თან თითქმის თანაბარი რაოდენობის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, თუმცა ეს მხარდაჭერა ჯამურად 42%-ს არ გასცდენია. ის, რომ ამომრჩევლის 50%-ზე მეტი ჯერაც ჩამოუყალიბებელია საკუთარ არჩევანზე, განაპირობა იმან, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მიუღებელია ერთი ძალაც და მეორეც. ამომრჩევლის ეს ნაწილი კვლავაც ელის ახალ ძალას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს. თუ ასეთის ჩამოყალიბება მოხერხდა, მოყოყმანე ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ძალაზე გადანაწილდება, თუმცა არა სრულად. კიდევ დარჩება არცთუ ცოტა ამომრჩეველი, რომელთა მიმხრობაზე იმუშავებენ “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც”. დღევანდელი ვითარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ძალის წინასაარჩევნო კამპანიები ისევ ნეგატივზე იქნება აგებული... “ენდიაის” კვლევაში არ მოხვდა პარტია “ლელო”, შესაბამისად, მისი შესაძლებლობები ჯერ გაზომილი არ არის. თუ მომავალ კვლევებში მან “ევროპული საქართველოს” ტოლი რეიტინგი მაინც დადო, ეს აჩვენებს, რომ ამ ძალას ნამდვილად აქვს პერსპექტივა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ხელისუფლება შეიძლება რაღაცებს კიდეც აკეთებს, მაგრამ დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს. ამასაც გათვლა სჭირდება. სხვა პრობლემაა ის, რომ გაკეთებულის წარმოჩენის გზები ვერაფრით მონახეს. რაც შეეხება ოპოზიციას, იქაც არ არის პოზიტივის ადგილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ლაპარაკით, ხელისუფლებაში ვიყავით და ბევრ რამეს ვაკეთებდითო, დაიღალა ხალხი, თანაც ამომრჩეველი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნებისგან” სხვადასხვა რამეს ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” 9 წელზე საუბრისას არავინ ამბობს, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, იქ სხვა პრობლემები იყო - ადამიანის უფლებების ტოტალური შელახვა, საზოგადოებაში შიშის დანერგვის ცდები და ა.შ. რას უნდა ველოდოთ მათგან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი საზოგადოებას არა აქვს და შესაბამისად, ეშინია მისი ხელისუფლებაში დაბრუნების. ამიტომაც ისიც ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს...” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი დაიწყო ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების ინიციატივით, ისინი არიან ინიციატორები და მოდერატორებიც, შესაბამისად, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც შეეცდებიან ამ ფორმატის შენარჩუნებას - დიალოგზე უარს არ იტყვიან, თუმცა, ჩემი აზრით, ამ შეხვედრებისგან შედეგს არ უნდა ველოდოთ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გამორიცხულია, ამას “ქართული ოცნება” არ დაუშვებს. ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი არის ადაპტირებული გერმანული მოდელი, მაგრამ ამაზე ხელისუფლების დათანხმებაც წარმოუდგენელი მგონია. ის კი, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება 50/100, თუნდაც იმ პირობების გარეშე, რაც ამას მოაყოლეს, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის დიდად არაფერს ცვლის, ამიტომაც ამას არც დათანხმდებიან. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, როგორც ვხვდები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნის მოლოდინში არიან, სადაც გაიგზავნა ოპოზიციის მომზადებული კანონპროექტი... “ოპოზიციის ავანგარდში მაინც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები არიან, და როგორ შეიძლება ირწმუნო, თუ ეს ხალხი გაიმარჯვებს, ახალ არჩევნებს დანიშნავს და სააკაშვილს ხელისუფლებას არ გააკარებს?”, - ამბობს ექსპერტი.

 

“ძალიან კარგია, რომ დაინიშნა ამერიკის ელჩი, ის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე იწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას. არ მიკვირს, რომ ამომწურავი ინფორმაცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ერთია ინფორმაციის ფლობა, რაც ნამდვილად კარგია, და მეორეა ადგილზე ვითარების შესწავლა. ვფიქრობ, აქ ჩამოსული ბევრ რამეს სხვაგვარად დაინახავს. წინასაარჩევნოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის პოზიცია, ისევე როგორც ევროპის და გარკვეულწილად რუსეთისაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბოლოდროინდელ გამოსვლაში ამერიკელები ხაზს უსვამენ, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. ისიც არის გასათვალისწინებელი, თვითონ ივანიშვილს რა სურს ამ არჩევნებისგან - სურს “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს და შემდეგი ოთხი წელი ისევ ჯვარს აცვან, თუ გარანტიები მიიღოს, ისევე, როგორც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა მიიღეს და თავი დაანებოს ქვეყნის მართვას, იცხოვროს ისე, როგორც მოუნდება... თუმცა ისიც საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.





მსგავსი სიახლეები
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება
ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა
“ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”
„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“
"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй»
რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია
„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ