შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება

 

რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება“ (ავტორი - დარია კოზლოვა).


პუბლიკაციაში განხილულია სიტუაცია, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან საქართველოსა და რუსეთის ავიამიმოსვლის სფეროშია შექმნილი.


„რუსეთის უკანასკნელი თვითმფრინავი - კომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი  „აერობუსი A-321 რეისით SU1893 თბილისიდან 8 ივლისს, დილის 4 საათზე და 51 წუთზე გამოფრინდა მოსკოვისაკენ. მას შემდეგ საქართველოს ცა რუსული თვითმფრინავებისთვის დახურულია. რასაკვირველია, ამით ქართული და რუსული ავიაკომპანიები მნიშვნელოვნად ზარალობენ, მაგრამ ასევე ზარალდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, მგზავრები, ვისთვისაც საქართველოსთან კავშირები აუცილებელია“, - ნათქვამია სტატიაში.


„რთულია წარმოიდგინო დიპლომატიური სკანდალის ისეთი უაზრო საბაბი, რომელიც გასული წლის ივნისში საქართველო-რუსეთს შორის მოხდა: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის დაჯდომამ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო ადამიანები და ავიაკომპანიები შემოვლით გზებს ეძებენ საქართველოში წასასვლელად“, - წერს ავტორი და აღწერს საკმაოდ უჩვეულო სიტუაციას, რომელიც მოსკოვი-ერევნის თვითმფრინავში ხდება ხოლმე: თუ როგორ იცვლიან ფორმას ბორტგამყოლები ერევნიდან თბილისში გასაფრენად.


საქმე იმაშია, რომ ამჟამად მოსკოვიდან თბილისში და თბილისიდან მოსკოვში მხოლოდ სატრანზიტო ავიარეისით თუ მოხვდები, ანუ მოსკოვიდან ჯერ ერევანში უნდა ჩაფრინდე, შემდეგ იგივე თვითმფრინავით - თბილისში. ცხადია, ასეთი მარშრუტი დამატებით სირთულეებს ქმნის, მაგრამ სხვა გამოსავალი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობას ჯერ კიდევ არ გადაუხდია კომპენსაცია რუსული ავიაკომპანიებისათვის იმ ზარალისათვის, რომელიც მათ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით განიცადეს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზარალის ანაზღაურება არც მოხდება. ბუნებრივია, ასევე დაზარალდა ქართული მხარეც.


„მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით რუსულ-ქართული ზეცა ოფიციალურად დახურულად ითვლება. შარშან სექტემბერში ხმამაღალი განცხადება გაისმა - გაეროს სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პირადად იგი მიესალმება ფრენების განახლებას, მაგრამ არაფერი შეცვლილა - „ურემი ისევ იქ დგას“.


მოსკოვი კვლავ იმეორებს ყბადაღებულ მიზეზს - „სანამ საქართველოში სიტუაცია არ დალაგდება და რუსოფობიური კამპანია არშეწყდება, სანამ ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, მანამ ფრენების განახლებაზე ლაპარაკი ზედმეტიაო“, - ახლახან ასე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. მოკლედ, საქმე ისეთი პირი უჩანს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის დათბობას კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ“, - ასეთ დასკვნას აკეთებს პუბლიკაციის ავტორი.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Новая газета»

https://novayagazeta.ru/articles/2020/02/17/83971-razvorot-nad-tbilisi

 





მსგავსი სიახლეები
„საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“- Euractiv
„მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.
რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს
"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"კორონავირუსის ფონზე უფალი ცდილობს, რომ მორწმუნეებამდე ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმში მივიდეს"
ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები
ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
"თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ" - ნეზავისიმაია გაზეტა
სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება
"გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაიხურა"
„რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“
"შეთანხმების რეალიზება საფრთხის ქვეშაა: ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება წინა სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს“
“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები
"რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება" -ბორის რევიჩი
რას წერს თურქული მედია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე?
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.
რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება
"რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“ - Financial Times
„კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“
„კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა, საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“