საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საპატრიარქო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ეკლესიებში მისული მრევლის კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, გაუმართლებელი და ღვთის წინაშე დანაშაულია.

 

"ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება.

 

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

 

ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).

 

დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

 

ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით. განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

 

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე! გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

 

გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.

 

ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. 2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

 

ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

ჩვენთან არს ღმერთი!

იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!", - ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
"საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც"
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“
„ეს საქართველოს მტერია! - იგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეკლესიას უჩივის, აზერბაიჯანელების მარნეულში ქუჩებში ნაკურთხი წყალი რატომ აპკურა და მთებზე ჯვრები რატომ აღმართაო!“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407,660 ადამიანი - ვირუსს ემსხვერპლა 18,250 პაციენტი
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“
„კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
"ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“
დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით
„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!
"ორბი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
„ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არიან ჩამოსული - ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სამოცდაერთს მიაღწია